საჯარო სკოლებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 2019 წელს დუშეთში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა

2019 წელს ქალაქ დუშეთში და მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში საგანმანათლებლო, სამედიცინო, ტურისტული და საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით,  სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა და პროექტი განხორციელდა.

აშენდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა რძის გადამამუშავებელი საწარმო სოფელ შუაფხოში. საწარმოს წარმადობა 1.5 ტონას შეადგენს და ის ბაზარს მაღალი ხარისხის რძის პროდუქტებით მოამარაგებს. აქვე დაიწყება ტრადიციული პროდუქტის – დამბალხაჭოს სამრეწველო წარმოება. საწარმო თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „ფხოვი 2017“ გადაეცემა. კოოპერატივის ფარგლებში 32 ადგილობრივია გაწევრიანებული.

2019 წელს საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დუშეთის მუნიციპალიტეტს გამოეყო 560 ათასი ლარი. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელდა არაგვისპირის, ანანურის, მაღაროსკარის, ჭოპორტის,  ფასანაურის, გუდამაყრის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 2020 წლისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები სხვა სკოლებშიც გაგრძელდება.

გასული  წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა არაერთ სოფელში.  მათ შორის, წყლის სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა სოფელ ბარისახოში, ქუბრიაანთკარში, კადოეთში, ლამოვანში, ფიტავის დასახლებაში, სოფელ ახალციხეში, ქერიაანთკარში, სოფელ ბულაჩაურში,სოფელ ჟინვალში, ჩინთშიუნდილაანთკარში, საშაბუროში, ჩირდილელიანთკარში, გრიგოლაანთკარში, ჩანადირთკარში, ჩუბინიანთკარში, ზოტიკიანთკარსა და შალიკიანთკარში.  2019 წლის საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, დაფინასებულია სოფ. ანანურის სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოების პროექტი, რომლის სამუშაოებიც 2020 წელს დაიწყება.

დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა მთელი რიგი მნიშვნელოვანი პროექტები. მათ შორის: ქ. დუშეთის, ჭართალის, ფასანაურის, ბაზალეთის, ჭოპორტის, მჭადიჯვრის და  ლაფანაანთკარის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა სტიქიის შედეგად დაზიანებული ობიექტების რეაბილიტაცია.   სოფელ შუაფხოში მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონი. გუდამაყრის ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდა მდ. ბაკურხევის კალაპოტის  გაწმენდა-დაღრმავება და გაბიონის მოწყობა;  რეაბილიტირდა სტიქიის მიერ დაზიანებული მაქართა-ლუთხუბის გზა,  დიდებაანი -ჭალისოფლის (ქვემო გამსი) კალაპოტის გაწმენდა და გაბიონის მოწყობა და სხვ.

2019 წელს პირველად გაიჭრა სამანქანო გზა ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისოფელში, რომელიც ოკუპირებულ ახალგორს ესაზღვრება ტერიტორიულად.  სოფლამდე მისასვლელი გზა გაიჭრა ბარისახოს ადმინისტრაციულ ერთეულის სოფელ აჭემდეც, სადაც მოსახლეობა მხოლოდ ფეხით ან ცხენით გადაადგილდებოდა.

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების განხორციელება კვლავ გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები