„ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ ნათელა იანქოშვილზე გამოცემულ წიგნს ეხმაურება
გერმანული გაზეთის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგის“ (Frankfurter Allgemeine Zeitung) ყოველკვარტალური დამატება „ფრესკო“ (Fresko, N1, 2020), რომელიც ძირითადად კულტურის საკითხებზე წერს, თავის მკითხველს სთავაზობს გამოხმაურებას ქართველი მხატვრის ნათელა იანქოშვილისადმი მიძღვნილ გერმანულ-ინგლისურ წიგნზე: „მხატვრის ცხოვრება იძულებასა და თავისუფლებას შორის“.
მისი ავტორი გახლავთ ბერლინის „Galerie Kornfeld“-ის სამხატვრო დირექტორი მამუკა ბლიაძე. აღნიშნული წიგნი ცნობილმა გერმანულმა გამომცემლობა „Hirmer“-მა შარშან დეკემბერში დაბეჭდა. პორტალმა „კვირამ“ ამ წიგნს 21 იანვარს უძღვნა რეცენზია.
„ფრესკოს“ რეცენზენტი წერს: „შავი ფერი მრავალ კულტურაში ჩვეულებრივ უკავშირდება მწუხარებას, ტანჯვასა და სიკვდილს და ამასთან ასოცირდება ინტელექტუალობასთან, დახვეწილობასა და ღვთისმოსავობასთან. შავი ფერის ოსტატები კაზიმირ მალევიჩი და პიერ სულაჟი ამბობენ, რომ ზოგადად შავი ყველაზე აქტიური ფერია და შესაბამისად მათი ნამუშევრები შავ ფერს ეძღვნება.

ქართველი მხატვრის ნათელა იანქოშვილის (1918–2007) ფერწერული ოპუსები გვიჩვენებს, რომ შავის სიმსუბუქე შეიძლება ისეთივე მრავალფეროვანი იყოს, როგორც ფერადის. შავ ფონს იგი ექსკლუზიურად იყენებს თავის ნამუშევრებში. საქართველოში ეს მხატვარი დიდი ხანია ეროვნულ სიმბოლოდ ითვლება, მაგრამ საერთაშორისო აღიარება მან მხოლოდ ბოლო წლების განმავლობაში დაიმსახურა, იმ იშვიათი მხატვრების მსგავსად, რომლებმაც საბჭოთა სამხატვრო დიქტატურის მიუხედავად თავიაანთი ხელოვნება საკუთარი გზით და მრწამსით წარმართეს.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იანქოშვილი შავი ფერის დიდოსტატია, მან 2000-ზე მეტი ფიგურატიული სურათი შექმნა, იგი განსაკუთრებით ძლიერია პეიზაჟურ ფერწერაში, მისი ფუნჯის მონასმი საოცრად ექსპრესიულია და ძალუძს, შავ ფერს ენერგია მიანიჭოს“.
და ამ გამორჩეულ თავისებურებაზე მკაფიოდ მეტყველებს სტატიის დასასრულს მოყვანილი თვით ნათელა იანქოშვილის უაღრესად საგულისხმო სიტყვები: „ჩემს ნახატებში შავი დომინირებს, მაგრამ თუ ყურადღებით დააკვირდებით, შეამჩნევთ, როგორ მოძრაობს ჰაერი… თუ ლურჯ ცას ხატავ, ცა თავისთავად ლურჯია, მაგრამ ჩემი ცა გაცილებით ღრმა და ჰაეროვანია, ვიდრე ლურჯ ფერში დახატული“.
გიორგი ლალიაშვილი ლონდონიდან