როგორ გადაარჩინეს სოფელ ანატორის მცხოვრებლებმა საქართველო „შავი ჭირის“ ეპიდემიისაგან
სოფელ ანატორის მცხოვრებლებმა, თავის დროზე, საქართველო „შავი ჭირის“ ეპიდემიისაგან გადაარჩინეს, – ამის შესახებ “ფეისბუქზე” სტატუსს ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე აქვეყნებს.
„გადმოცემის თანახმად, პირიქითა ხევსურეთში, სოფელ ანატორის მცხოვრებლებმა საქართველო „შავი ჭირის“ ეპიდემიისაგან გადაარჩინეს.
როდესაც მთელი სოფელი დაავადდა, სოფლიდან გასვლა თვითონვე აკრძალეს, რომ სხვაგან არ გავრცელებულიყო ეპიდემია. სოფლის კოშკზე ორი თოფიანი კაცი დააყენეს, რომ, თუ ვინმე გაპარვას დააპირებდა, მაშინვე ესროლათ. სოფლიდან 100 მეტრში აკლდამები ააგეს და, ვინც დაავადებას იგრძნობდა, თავისი ფეხით მიდიოდა და სიკვდილს ელოდებოდა.
ხევსურებს თოფის სროლის შიში არ ჰქონდათ, მით უმეტეს, დაავადებისაგან მომაკვდავებს. ხევსურებმა თვითონ მოიფიქრეს ქვეყნის გადარჩენა და კოშკიდან ერთი თოფიც არ გავარდნილა, ერთსაც არ უცდია გაპარვა. ორი ათასზე მეტი ადამიანიდან სულ 7 გადარჩა ცოცხალი. აკლდამაში კი მკერდზე მიკრული შვილით ქალი იპოვეს, რომლის წარწერაც კედელზე დარჩა –
„გაღმა სოფელში ასკილი ჰყვავის“… – წერს იზა ვეფხვაძე.