ქუთაისში ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებელი სამუშაოები მიმდინარეობს
ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ქუჩის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო, მათ შორის სამუშაოები მახვილაძის ქუჩაზეც მიმდინარეობს, სადაც როგორც გზის საფარი, ასევე ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა მოეწყობა. ამის შესახებ ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
„მახვილაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია, არ ჩატარებულა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ წელს აუცილებლად გავაკეთებდით ამ გზას, დავიწყეთ უკვე და მაისის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე, ქუთაისში ერთდროულად 30-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება“, – თქვა გიორგი ჭიღვარიამ.
პროექტის ღირებულება 900 000 ლარზე მეტია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პალადა” ასრულებს. რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წელს ქუთაისში ინფრასტრუქტურისთვის 20 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. შეკეთდება შიდა საუბნო და ცენტრალური გზები.