ეკა სეფაშვილი: გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატიური დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის კანონპროექტზე, რომელიც ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის განვითარებას ემსახურება

„კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ” კანონპროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე. მან რამდენიმე შეკითხვით მომხსენებელს, რატი იონათამიშვილს მიმართა და სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის იმაზე, თუ რა მონაცემებს ეყრდნობოდა ინიციატორი საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავებისას, როგორ ხორციელდება მონიტორინგი მოზარდებზე მას შემდეგ, რაც ისინი თავშესაფრებს ტოვებენ და რა პრევენციას უნდა მიმართოს სახელმწიფომ, რათა რაც შეიძლება მინიმუმადე იქნას დაყვანილი რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლების აუცილებლობა.

„ძალიან კარგია და მისასალმებელია, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფო მნიშვნელოვნად აფართოებს ზრუნვისა და პასუხისმგებლობის არეალს ბავშვების მიმართ. თუმცა, გაუგებარია გარკვეული პირების ნეგატივი და აგრესიული დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჯანსაღი ახალგაზრდა თაობის განვითარებასა და ხელშეწყობას. კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ასეთი ბავშვების განათლებაზე, მათ სახელოვნებო თუ სპორტულ აქტივობებში ჩართვაზე, როგორ იქნება ზრუნვა განხორციელებული, მრავლად დაისვა და რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია ამ ასაკის ბავშვების რეაბილიტაციისათვის, მათი აქტიურ და ჯანსაღ ცხოვრებაში ჩართვისთვის და კარგია, რომ ამ ფაქტორს შესაბამისად ითვალისწინებთ.

ჩემი კითხვა შეეხება კონკრეტულად ამ მიმართულებით არსებულ სტატისტიკას. რა მონაცემები არსებობს, რამაც გამოიწვია წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავების აუცილებლობა? რატომ დადგა დღის წესრიგში მსგავსი საკანონდებლო ცვლილების შემუშავება? თავისთავად გასაგებია შინაარსობრივად, მაგრამ სტატისტიკურად თუ გაქვთ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია, რის ირგვლივაც კარგი იქნება საზოგადოების ინფორმირება.

მეორე საკითხი, რაც მაინტერესებს შემდეგია – როდესაც ბავშვი დატოვებს რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სახლს, როგორ ხორციელდება მათი ცხოვრების მონიტორინგი. კანონპროექტში წერია, რომ როდესაც მოზარდი სახლში იმყოფება სახალხო დამცველს მასთან შეუძლია შესვლა, შეუზღუდავად კომუნიკაცია, ვითარების მონიტორინგი და ა.შ. როგორ ხდება ამ ბავშვის შემდგომ ცხოვრებაზე მონიტორინგის განხორციელება იმ კუთხით, რომ ის ისევ არ დაუბრუნდეს იმ წრეს, საქმიანობას, რამაც მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ მასზე დამატებითი ზრუნვა და პასუხისმგებლობის გაძლიერება გახდა საჭირო? ეს ყველაფერი თუ არის კანონში გაწერილი და თუ არ არის, ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა ამ მიმართულებით გარკვეული ცვლილების შეტანა, რათა რომელიმე სახელმწიფო უწყება იყოს პასუხისმგებელი ასეთი ბავშვის შემდგომი ცხოვრების მონიტორინგზე?

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ვფიქრობ კანონპროექტში არ არის ასახული, მთავარი არის არა ის, რომ ჩვენ ზრუნვისა და პასუხისმგებლობის არეალს ვაფართოებთ ამ ბავშვების მიმართ, არამედ პრევენციული ხასიათის რა ზომების მიღებას ვგეგმავთ. ხომ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა გარკვეული საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა იმისთვის, რომ პრევენციული ღონისძიებები გაფართოვდეს და უფრო ქმედითი იყოს ამ ნაწილში გარკვეული სამუშაოების განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან, რომ ასეთი ტიპის სახლები და ამ ტიპის მომსახურების გაწევა, საუკეთესო ვარიანტში, სახელმწიფოს მხრიდან საჭირო არ იყოს?” – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

თავის მხრივ, რატი იონათამიშვილმა წარმოადგინა არასრულწლოვანთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის მზარდი სტატისტიკა, რაც გახდა კანონპროექტის შემუშავების წინაპირობა. რაც შეეხება მონიტორინგს, მან კოლეგის შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ დაწესებულებების დატოვების შემდეგ მოზარდების რესოციალიზაციაზე მონიტორინგს მხარდამჭერი სახლები 1 წლის მანძილზე ახორციელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები