გენო პეტრიაშვილი: მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ჩვენი ფეხბურთელები ვერ აკეთებენ, რაღაცას სწორად, პირიქით, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინონ
პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი გენო პეტრიაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა.
„ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს ჩვენი ფეხბურთელები ვერ აკეთებენ, რაღაცას სწორად. პირიქით, ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინონ. თითქოსდა მან ნაკრები დატოვა ძალიან მაღალ დონეზე და ჩვენმა ბიჭებმა რაღაც გააფუჭეს. პირიქით, ამ ბოლო წლებში მოხდა ჩვენი ფეხბურთელების ძალიან მაგრად წარმოჩენა, ძალიან მაგარ გუნდში თამაში“, – განაცხადა გენო პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,მე ვარ ფეხბურთის გულშემატკივარი, როგორც თქვენი უმრავლესობა და ვუყურებ რა ნაკრების უბედურებას, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირი შედეგი მოთამაშეთა უმრავლესობის ხალხისგან მოწყვეტა, მარცხი მარცხზეა. ასე იცის “ოცნების კლიპებში გადაღებამ, საპროტესტო პოსტების აღებამ, კორუფციული “არქის” წილში შესვლამ, ამდენი თანატოლის დაჭერაზე და ციხეში გამომწყვდევაზე ხმის არ ამოღებამ.
ყველაფერს აქვს თავისი ფასი და როდესაც შენს ხალხს, რომელიც ასეთ განსაცდელშია, განუდექი, არ უნდა გაგიკვირდეს რომ ხალხმაც შეგაქციათ ზურგი.
ფეხბურთი ეროვნული ენერგიის გამოხატულებაა და როდესაც ერს უპირისპირდები იქ ენერგიაც იკარგება და რჩება მხოლოდ ქოცური კამანდა, ცარიელი ტრიბუნებით და უპერსპექტივობით”.