„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-11 სეზონი გრძელდება – ორ კონცერტზე მასპინძელი ბახის და პერსელის მუსიკა იქნება

„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ მე-11 სეზონი გრძელდება. შემდეგ ორ კონცერტზე ბახის და პერსელის მუსიკას შემოგვთავაზებენ მუსიკოსები.
„საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თეა მუქერიას ინფორმაციით, 24 ნოემბერს, კონცერტი სახელწოდებით „ძველიდან შექმნილი ახალი“ გვთავაზობს ბახის კანტატებს, რომლებიც შექმნილია მუსიკალური პაროდიის პრინციპზე.როგორც გერმანელი სოპრანო დოროთე მილდსი ამბობს: „მუსიკალური მასალის ახალ კონტექსტში გადატანა XVIII საუკუნეში ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო, ხოლო ბახი კი პაროდიის ტექნიკის ნამდვილი ოსტატი გახლდათ. მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია „საშობაო ორატორია“, რაც აგებულია ადრინდელ საერო კანტატებზე. ასევე ფართოდ გამოიყენება პაროდია „სი მინორულ მესაში“, სადაც სასულიერო მუსიკა განახლებული სახით ერთიანდება უფრო ადრინდელი მესებისა და კანტატების მუსიკალურ მოტივებთან. ასეთივე მიდგომა შეიძლება გახდეს საფუძველი ბახის ენაზე დაფუძნებული კანტატის შესაქმნელად – სტილისტურად ავთენტიკური, მაგრამ შემოქმედებითად სრულიად ახალი“.
სწორედ შემოქმედებითად ახალ ბახს მოისმენს ფესტივალის მსმენელი 24 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე. 27 ნოემბერს კი მსმენელს პერსელის ჯადოსნური სამყარო დახვდება და იმოგზაურებენ ინგლისური ბაროკოს ბაღში, სადაც ჰენრი პერსელის ფანტაზიები და თეატრალური მუსიკა გაცოცხლდება.
„ჰენრი პერსელი იყო ინგლისური ბაროკოს უდავო ოსტატი – გამორჩეული ელეგანტურობით, სიღრმითა და ძლიერი ენერგეტიკით. მისი მუსიკა აერთიანებს ფრანგულ დახვეწილობას, იტალურ ლირიზმსა და ინგლისურ ტრადიციებს, რითაც ქმნის გამორჩეულად მომხიბვლელ სამყაროს.
ეს კონცერტი გიწვევთ პერსელის მუსიკალურ სამყაროში სამოგზაუროდ! შესრულდება ფრაგმენტები მისი ოპერების დრამატული მუსიკიდან (The Fairy Queen, Timon of Athens, King Arthur) დაწყებული, ნატიფი სოლო სიმღერებს – „Sweeter than Roses“, „O Let Me Weep“ – ჩათვლით. ასევე მოისმენთ დახვეწილ ინსტრუმენტულ ნაწარმოებებს, როგორიცაა მისი ფანტაზიები.
ღამე, ოცნება და სიყვარული — სწორედ ეს მაგიური მოტივები ჟღერს მუსიკაში, რომელიც ერთდროულად დახვეწილია, ფაქიზი და ამავე დროს ემოციურად ღრმა.
24 და 27 ნოემბერს, რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე, ბახისა და პერსელის მუსიკის საღამოები გელით.
შემსრულებლები:„საქართველოს სინფონიეტა“, დიეგო კანტალუპი (თეორბო), ხოლო სოლისტები გახლავთ: დოროთე მილდსი (სოპრანო) და კრისტინე ბუში (ვიოლინო)“, – ამბობს თეა მუქერია.
„თბილისის ბაროკო ფესტივალის“ შემდეგი კონცერტები რუსთაველის ეროვნული თეატრის მცირე სცენაზე: 30 ნოემბერსა და 2 დეკემბერს გაიმართება. 7 დეკემბერს კი, ფესტივალი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში დაიხურება.
კონცერტების დასაწყისი 19:30

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: www.tkt.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები