აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე ბორის გაბუნია, ხოლო მოადგილის – ელენე არდაზიშვილი დაინიშნა. მოადგილეები უწყების თანამშრომლებს მინისტრმა დღეს წარუდგინა.

ბორის გაბუნიას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში ეკონომიკის მიმართულებით. მინიჭებული აქვს დოქტორის ხარისხი.

მინისტრის ახლად დანიშნულ პირველ მოადგილეს საჯარო სექტორში, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში, საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი ამ დრომდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონებისა და მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ელენე არდაზიშვილი პროფესიით იურისტია. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაშიც, ზაარლანდის უნივერსიტეტში. ელენეს სასამართლო ხელისუფლებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. დღემდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები