პუტინი ითხოვს, რომ განახლებულ კონსტიტუციაში რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრედ გამოცხადდეს
რუსეთის სახელწმიფო დუმის ქვედა პალატის სპიკერის, ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს კონსტიტუციაში შესწორებები შეაქვს, ხოლო ცვლილებათა პაკეტი უკვე გადაგზავნილია საკანონმდებლო ორგანოში.
პუტინს სურს, განახლებულ კონსტიტუციაში იყოს მითითებული, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა.
„ჩვენ ვსაუბრობთ სამართალმემკვიდრეობაზე, კერძოდ კი საუბარია პრეზიდენტის შესწორებაზე, (…) საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობაზე რუსეთის ფედერაციის ფარგლებში“, – აღნიშნა ვოლოდინმა და დაამატა, რომ ეს წინადადება „არის პასუხი საზოგადოებაში არსებულ მოთხოვნაზე“.
გარდა ამისა, პუტინი კონსტიტუციაში ღმერთის ხსენებას ითხოვს.
„ათასწლოვანი ისტორიით გაერთიანებული რუსეთის ფედერაცია, წინაპრების ხსოვნის შენარჩუნებით, რომლებმაც გადმოგვცეს იდეალები და ღვთის რწმენა, ასევე – რუსეთის სახელმწიფოს განვითარების მემკვიდრეობა, აღიარებს ისტორიულად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებრივ ერთობას“, – წაიკითხა ვოლოდინმა შესწორების ტექსტი.
ცვლილებათა შორისაა ქორწინების განმარტებაც. შესწორების თანახმად, ძირითად კანონში ქორწინება უნდა იყოს მითითებული, როგორც „ქალისა და მამაკაცის კავშირი“.
ვოლოდინის თქმით, შესწორებათა თანახმად, დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიათა ნაწილის გამოყოფა. გარდა ამისა, რესპუბლიკებს მიეცემათ საშუალება, ეროვნული ენები სახელმწიფო ენად გამოაცხადონ – რუსულთან ერთად.