ახალციხეში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს
ქალაქ ახალციხეში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლისთავი აღნიშნეს. ინფორმაციას ახალციხის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ქალაქის ცენტრალურ პარკში 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
“დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა. ღონისძიებაზე შეკრებილებმა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე გაიხსენეს და 9 აპრილის გმირების მიმართ პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს.
შეკრებილებს სიტყვით მიმართეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების მონაწილემ, ქალაქ ახალციხეში მცხოვრებმა ციალა ჯინჭველაძემ.
ღონისძიების ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერმა ციალა ჯინჭველაძეს მადლობა გადაუხადა და სიმბოლური, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა,”- წერია ინფორმაციაში.