თუ ირანი შეთანხმებას არ დაემორჩილება, ტრამპი ომის განახლებით იმუქრება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის მისამართით მკაცრი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ თეირანი სრულად არ შეასრულებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეული „რეალური შეთანხმების“ პირობებს, ვაშინგტონი მზად არის, უპრეცედენტო ძალა გამოიყენოს.
მისი თქმით, ამერიკული სამხედრო ძალები – გემები, თვითმფრინავები, სამხედრო მოსამსახურეები და დამატებითი შეიარაღება – დარჩება რეგიონში და ირანის გარშემო მანამ, სანამ შეთანხმება სრულად არ შესრულდება.
“ყველა ამერიკული გემი, თვითმფრინავი, სამხედრო მოსამსახურე, დამატებით საბრძოლო მასალებთან, შეიარაღებასთან და ყველაფერ იმასთან ერთად, რაც შეეფერება და საჭიროა ისედაც მნიშვნელოვნად დასუსტებული მტრის სასიკვდილო დევნისა და განადგურებისთვის, ადგილზე და ირანის გარშემო დარჩება მანამ, სანამ მიღწეული რეალური შეთანხმების სრულად დაცვა არ მოხდება.” – დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.
მისივე ინფორმაციით, ირანისთვის მიცემული ვადის ამოწურვამდე დაახლოებით ორი საათით ადრე, მან მიიღო გადაწყვეტილება სამხედრო მოქმედებების ორი კვირით გადადების შესახებ, რადგან, როგორც ამბობს, თეირანი ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნას დათანხმდა.