“პეტერ ფიშერი, რამდენიმე სხვა ელჩთან ერთად, პირდაპირ დამნაშავეა, პოზირებენ ყველაზე ექსტრემისტ რადიკალ აქტივისტებთან” – ლევან მაჭავარიანი

“ეს მათ არასერიოზულობაზე მეტყველებს და ამით თუ ცდილობენ, რომ ჩვენ რამეს დაგვაკლებენ ძალიან ცდებიან. პირიქით, აკლებენ თავიანთ თავს”, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს.

კერძოდ, ის ეხმაურება საკითხს, რომლის თანახმადაც, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს არ აახლებს და საქართველოს პრეზიდენტად კვლავ სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი წერია.

“ეს არის ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, მაშინ როდესაც ისინი აახლებენ ინფორმაციას უკლებლივ ყველა ქვეყანასთან დაკავშირებით, მაინც და მაინც საქართველოსთან დაკავშირებით არის ეს უზუსტობა დარჩენილი, სადაც ისევ სალომე ზურაბიშვილი ჰყავთ გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტად. ეს საერთო ხელწერაა, ჩვენ არაერთი რეზოლუცია ვიხილეთ, სადაც ევრობიუროკრატები, ევროპარლამენტარები რეზოლუციაში პირდაპირ წერდნენ, რომ თურმე დღესაც ქალბატონი ზურაბიშვილია საქართველოს პრეზიდენტი, იმავეს აკეთებს გერმანიის მთავრობაც. ეს მათ არასერიოზულობაზე მეტყველებს და ამით თუ ცდილობენ ისინი, რომ ჩვენ რამეს დაგვაკლებენ, ძალიან ცდებიან. პირიქით, აკლებენ თავიანთ თავს და ამით პირიქით, ამით ისინი თავიანთ რეპუტაციას ლახავენ. პეტერ ფიშერი, რამდენიმე სხვა ელჩთან ერთად, პირდაპირ დამნაშავეა, პოზირებენ ყველაზე ექსტრემისტ რადიკალ აქტივისტებთან და შემდეგ ამ ფოტოებს აქვეყნებენ და წერენ, რომ ისინი არიან თურმე საქართველოს მომავალი და აგრძელებენ ასეთ ქმედებებს. რაც პირდაპირ წახალისებაა ამ რადიკალების. არასდროს არ ემიჯნებიან ძალადობას, არ ემიჯნებიან ძალადობრივ აქციებს და პირიქით, ყოველთვის ახალისებენ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს მათი დანაშაულია, რომ ასეთი ჯგუფები საქართველოში არის ჩამოყალიბებული”, – ამბობს მაჭავარიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები