“9 აპრილს საფრანგეთი ყველა ქართველთან ერთად აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს, რომელიც 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია” – საფრანგეთის საელჩო
“9 აპრილს საფრანგეთი ყველა ქართველთან ერთად აღნიშნავს ეროვნული ერთიანობის დღეს, რომელიც 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღია”, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია.
საელჩოს ცნობით, ამ დღესთან დაკავშირებით, საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ და ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
“ქართველ ხალხთან ერთად, ის კვლავ მშვიდობიანი, თავისუფალი და ევროპული მომავლის ერთგულია.
9 აპრილი ასევე არის ხსოვნის დღე და აღნიშნავს 1989 წლის 9 აპრილის მშვიდობიანი დემონსტრაციების ტრაგიკულ ჩახშობას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქეებმა სიცოცხლე შესწირეს თავიანთ სწრაფვას თავისუფლებისკენ საბჭოთა ჩაგვრის წინააღმდეგ.
მათი ხსოვნის პატივსაცემად, საფრანგეთის საელჩომ საქართველოში და კავკასიის ფრანგული სკოლამ, პარლამენტის წინ, დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ერთად მიაგეს პატივი მათ სიმამაცეს!”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.