ირაკლი სამსონაძის წიგნების – „ლეას საათის“ და „ქელეხი-ქორწილის“ წარდგენა გაიმართება

3 თებერვალს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში  ირაკლი სამსონაძის წიგნების – „ლეას საათის“ და „ქელეხი-ქორწილის“ წარდგენა გაიმართება.

„ლეას საათი“ ერთი გვარის – ბაგარების სამსაუკუნოვანი ისტორიაა. პირველი ბაგარი უნგრეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. აქედან იწყება მათი დამკვიდრების მცდელობა, უცხო ქვეყანაში დაეფუძნონ, კარ-მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ. მეფის რუსეთი, 1917 წლის რევოლუცია, საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ხანა, საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთისგან, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები და საბჭოთა საქართველოს, სსრკ-ს დაშლა და ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა, პოსტსაბჭოური საქართველო, სამოქალაქო ომი და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა – ბაგარები ყველგან ჩანან, ყველა სისტემის ერთგულებად რჩებიან, მაგრამ მათ გვარს ბედისწერასავით თან სდევს განგებისგან გამოტანილი საერთო სასჯელი.

„ქელეხი-ქორწილში“ ორი უცნაური პერფორმანსი თამაშდება, რომელთაც 30-წლიანი ინტერვალი აშორებს.

პირველი ქუთაისის რესტორანში ვითარდება. 1988 წელია, არავის ეფიქრება საბჭოთა იმპერიის ჩამოშლა; მათ შორის, სუფრასთან თავშეყრილი ბავშვობის მეგობრებსაც. სუფრის მასპინძელი, მეტსახელად ტრულაილა, ქელეხს უხდის თავის საოხრეს. მეგობრები ოხუნჯობენ, უჩვეულო ქელეხია, ღიმილისმომგვრელი, დასამახსოვრებელი თავგადასავალი. თამადად მოიწვევენ ლამარიეს, ბიბლიოთეკარ ქალს, ვინც სიყმაწვილეში „დაავაჟკაცა“ ტრულაილა. ანეკდოტური ატმოსფერო თანდათან იცვლება, ლამარიე ქარს და სუსხიან სიმართლეს შემოიყოლებს.
მეორე ამბავი დღევანდელ საქართველოში ვითარდება და კლიმაქსურ ასაკში მყოფი მსახიობი ქალის ისტორიას გვიამბობს. მისთვის კარგახანია, როლი არ შეუთავაზებიათ და ამას მტკივნეულად განიცდის, მოლოდინის რეჟიმში ცხოვრობს.
შედარებით ხანგრძლივი ვადით სამ მამაკაცთან ცხოვრობდა – მსახიობთან, რეჟისორთან და დრამატურგთან; დეას ერთი ვნება აქვს თავშესაფრად – იგი კლეპტომანია; როდესაც უმნიშვნელო, მისთვის სრულიად უსარგებლო ნივთს იპარავს, ადრენალინის მოზღვავებას გრძნობს, ეს კი მონატრებულ სცენაზე აბრუნებს თითქოს. და ერთხელაც, ნევროზისა და შიშისგან გასათავისუფლებლად მიეშურება მიწისქვეშა გადასასვლელისკენ, სადაც ბაზრობაა გამართული, იქ უნდა1 „ინადიროს“, რამე მოიპაროს, შიში დაძლიოს, ვნება დაიბრუნოს…

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები