პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 439 აბი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი”, შემდეგ კი ამანათში შენიღბულად განათავსა და საქართველოში ფოსტით გამოაგზავნა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ბრალდებული ამანათის მიღებას ცდილობდა.
გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 19-260 მუხლის მესამე ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.