ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა, კაია კალასმა აშშ-ს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ტვირთი გაიზიაროს.
შესაბამისი განცხადება კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი მიესალმება დონალდ ტრამპის განცხადებას ნატოსთვის იარაღის მიყიდვისა და შემდგომ მისი უკრაინისთვის მიწოდების შესახებ, თუმცა ამასთანავე შეერთებულ შტატებს მოუწოდა, გაიზიარონ ამ გეგმის „ტვირთი“.
კაია კალასმა ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ მისი აზრით: „თუ ჩვენ ამ იარაღისთვის გადავიხდით, მაშინ ეს ჩვენი მხარდაჭერაა – ანუ ეს ევროპის მხარდაჭერაა და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ უკრაინის დასახმარებლად“.
„ამიტომ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, იგივე გააკეთონ. თუ იარაღის მიწოდებას გვპირდებით, მაგრამ ამბობთ, რომ მის საფასურს სხვა გადაიხდის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ მას აწვდით, არა?“ – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებსა და ნატოს შორის შეთანხმების შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდებას ევროპელი მოკავშირეები დაფარავენ.