გოგონა, რომელიც 3 კილომეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გადარჩა

1971 წლის 24 დეკემბერს, შობის წინა დღეს, 17 წლის გერმანელი მოსწავლე ჯულიანა კოეპკე დედასთან ერთად მიემგზავრებოდა ლიმადან პუკალპაში — პერუს შიდა რეისით, LANSA Flight 508-ის ბორტზე. თვითმფრინავში სულ 92 ადამიანი იმყოფებოდა. ფრენა ჩვეულებრივ მიმდინარეობდა, სანამ თვითმფრინავი ძლიერ ქარიშხალში არ მოხვდა. ბორტს მეხი დაეცა და თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა.

აფეთქების მომენტში ჯულიანა კოეპკე სავარძელზე იყო მიბმული სამაგრი ღვედით. სავარძელი თვითმფრინავის კორპუსს მოსწყდა და ქვემოთ მდებარე ტყისკენ დაეშვა. გოგონა, დაახლოებით, 3 კილომეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. სავარძლის კონსტრუქციამ, ხეებმა და ალბათ, ბედმაც დარტყმის ძალა შეამცირა და ჯულიანა კოეპკე გადარჩა.

გონზე მოსვლისას ის ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რა მოხდა. მას აღენიშნებოდა მსუბუქი ტრავმები სახეზე, მოტეხილი ლავიწის ძვალი, ღრმა ჭრილობები მკლავზე, თვალში შუშის ნამსხვრევები და თავბრუსხვევა. მიუხედავად დაზიანებებისა, გოგონას შეეძლო მოძრაობა. მალე მიხვდა, რომ თვითმფრინავის სხვა მგზავრები ცოცხლები არ იყვნენ და დახმარება არსაიდან ჩანდა. ის სრულიად მარტო აღმოჩნდა ამაზონის ჯუნგლებში.

ჯულიანა კოეპკე არ დაელოდა შემთხვევით დახმარებას და გადაწყვიტა, მდინარის მიმართულებით წასულიყო, რადგან იცოდა — წყლის ნაკადს ხშირად მიჰყავს ადამიანი დასახლებამდე. ბავშვობაში მშობლებთან ერთად ხშირად მოგზაურობდა ბუნებაში და ბევრი რამ იცოდა. მან იცოდა, როგორ გამოეყენებინა წვიმის წყალი, როგორ ეძებნა საკვები, როგორ აეცილებინა სერიოზული ინფექციები… ჯუნგლებში მან 11 დღე გაატარა — დასუსტებულმა, მშიერ-მწყურვალმა და გამუდმებული საფრთხის ქვეშ.

მეცხრე დღეს გოგონამ ჯერ ნავი და შემდეგ ქოხი შეამჩნია. იგი იქ რამდენიმე საათით შეჩერდა და იმედით დაელოდა, იქნებ ვინმეს შეხვედროდა. მეორე დღეს ადგილობრივმა მეთევზეებმა შენიშნეს, დახმარება გაუწიეს და მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჯულიანა კოეპკე იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ამ თვითმფრინავის კატასტროფას გადაურჩა. გადარჩენის შემდეგ ის გერმანიაში დაბრუნდა, დაამთავრა უნივერსიტეტი და გახდა ბიოლოგი — მშობლების პროფესიის გამგრძელებელი. მოგვიანებით, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი სახელწოდებით — When I Fell from the Sky, რომელშიც დეტალურად აღწერს იმ დღეებს — როგორ გადარჩა ჩამოვარდნისას და როგორ იბრძოლა სიცოცხლისთვის ჯუნგლებში სრულიად მარტომ.

მის ისტორიაზე გადაღებულია არაერთი დოკუმენტური ფილმი. მათ შორის ყველაზე ცნობილია ვერნერ ჰერცოგის Wings of Hope.

ჯულიანა კოეპკეს გადარჩენის ამბავი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დაუჯერებელ, თუმცა დადასტურებულ შემთხვევად ავიაციის ისტორიაში. მისი ნებისყოფა, საბაზისო ცოდნა და გამბედაობა საოცარი მაგალითია იმისა, რამდენად ძლიერია ადამიანი მაშინაც კი, როცა ბუნება მის წინააღმდეგ მიდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები