გიორგი ცუცქირიძე: ახალი რეზოლუცია, რომელიც კაია კალასის სახელით გამოიგზავნება, მიუხედავად ტონალობის შერბილებისა, აგებულია საქართველოსთან თანამშრომლობის არა პოზიტიურ, არამედ ნეგატიურ დღის წესრიგზე

ახალი რეზოლუცია – წერილი, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გამოიგზავნება, მიუხედავად ტონალობის შერბილებისა, აგებულია საქართველოსთან თანამშრომლობის არა პოზიტიურ, არამედ ნეგატიურ დღის წესრიგზე, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირს, თუ საქართველოსთან თანამშრომლობა სურს და აპირებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების დაწყებას, ქვეყანას პოზიტიური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს და ხელოვნური ბარიერების შემოღებით არ გარიყოს ამ პროცესიდან.

„როგორც მოსალოდნელი იყო, იმ სცენარით დასრულდა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო მინისტრების მინისტერიალი. ცხადი იყო, რომ ცალკეული ქვეყნების (უნგრეთი, სლოვაკეთი) პროტესტის გამო, ვერ მოხდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებზე დასანქცირების გადაწყვეტილების მიღება, და მთავარი აქცენტიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე გაკეთდებოდა, რაც წინა პოსტშიც აღვნიშნე.

აგვისტოს ბოლომდე საქართველოს ხელისუფლებისათვის წარმოდგენილი, ფაქტიურად ულტიმატუმი წერილის სახით, თავისი მოთხოვნებით, საბოლოოდ მაინც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ემსახურება. გათვლაც გაკეთებულია იმაზე, რომ წერილში წარმოდგენილ მოთხოვნებს საქართველოს ხელისუფლება არ დათანხმდება. ეს მოთხოვნები ისედაც ცნობილი იყო, რაც ევროპარლამენტის ცოტა ხნის წინ მიღებულ რეზოლუციაში აისახა და „პოლიტპატიმრების“ უპირობო განთავისუფლებას, რუსულად შერაცხული „რეპრესიული“ კანონმდებლობების გაუქმებას თუ ახალ არჩევნებს ითვალისწინებს. ევროსაბჭოს მიერ მანამდე მიღებული რეზოლუციები ასევე ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლებას.

შესაბამისად, მთელი ეს ახალი რეზოლუცია – წერილი, რომელიც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის სახელით გამოიგზავნება, მიუხედავად ტონალობის შერბილებისა, თავისი სულისკვეთებით, რაც კალასმა სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე გააჟღერა აგებულია საქართველოსთან თანამშრომლობის არა პოზიტიურ, არამედ ნეგატიურ დღის წესრიგზე.

ამ დროს ხომ ცხადია, რომ ევროკავშირს, თუ საქართველოსთან თანამშრომლობა სურს და აპირებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურების დაწყებას, ქვეყანას პოზიტიური დღის წესრიგი უნდა შესთავაზოს და ხელოვნური ბარიერების შემოღებით არ გარიყოს ამ პროცესიდან, თან ბრალდების კუთხის ცალსახად ხელისუფლებაზე გადატანით.

შეიძლება ჩანდეს, რომ ახალი მოთხოვნები არც ისე მკაცრია. ის არ აყენებს არც საერთაშორისო ბანკთაშორისი სატელეკომუნიკაციო სისტემა SWIFT-იდან კომბანკების გათიშვას და არც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შეჩერებას, არც ახალი არჩევნების მოთხოვნას, რაზეც იყო ღია თუ ფარული მინიშნებები.

თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რასაც 27 ქვეყნის კონსენსუსი არ სჭირდება სხვა რამეზეა გათვლილი. რა დასამალია, რომ ბევრი ადამიანი, მათ შორის სტუდენტობა და ახალგაზრდა თაობა, ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ ევროპაში სამოგზაუროდ არ იყენებდა. 90-დღიანი პერიოდი, დროებითი დასაქმებისთვის გამოიყენებოდა, რითაც ბევრი ადამიანი სარგებლობდა და დამატებით შემოსავალსაც იღებდა.

გათვლაც სწორედ მოსახლეობის ამ ფენებზეა, განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე, რამაც მათი პროტესტი სასწავლო წლის დაწყებისას, ისევ ქუჩაში უნდა გადაიტანოს და მკვეთრად დაცემული საპროტესტო მუხტიც ახლიდან გააღვივოს.

ბუნებრივია, ოპოზიციური მედიის აქტიური ჩართულობით თუ როგორ გვართმევს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროპულ პერსპექტივას. ამ დროს ვიმეორებ თუ ამ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის, და მოსახლეობაში ზრდის ევროსკეფტიციზმს, სწორედ ბალტიის ქვეყნებთან ერთად ცალკეული ქვეყნების პოზიციაა, რომელიც ხელისუფლებაში ბრიუსელისათვის მისაღები პოლიტელიტის მოყვანას ემსახურება.

დებატები რომ მწვავე იქნებოდა, ეს ევრო პარლამენტის სხდომაზეც გამოჩნდა, როდესაც რეზოლუციის პროექტს დეპუტატების 140 წარმომადგენელი არ დაეთანხმა, არა მხოლოდ უნგრეთის ან სლოვაკეთის დეპუტაციის მხრიდან!

ევროპული საბჭოს სხდომა,იმ კუთხითაც არის საინტერესო, რომ უნგრეთის და სლოვაკეთის გარდა, საქართველოსთვის სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმებას კატეგორიულად არ დაეთანხმნენ, ანუ ჩააგდეს საბერძნეთმა, სლოვენიამ და ავსტრიამ. გარდა ამისა, ბელგიამ, ჩეხეთმა, დანიამ, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ესპანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ და ორმა EU-ს არაწევრმა ქვეყანამ (ისლანდია და ნორვეგია) მხარი არ დაუჭირეს მკვეთრი ზომების მიღებას, ხელისუფლებასთან დიალოგსა და ესკალაციის თავიდან აცილებაზე აქცენტირებით.

31 აგვისტოც არ არის შორს, როგორც იტყვიან კენჭიც ნაყარია და კამათელიც გაგორებული!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები