“გთხოვთ, გადამირჩინეთ დედა, რომ შიმშილისგან არ მომიკვდეს” – 25 წლის ბიჭი დახმარებას ითხოვს

25 წლის ანდრიასთვის ყოველი ახალი დღე მოწყალების თხოვნით იწყება. იგი კარდაკარ დადის და ხალხს დახმარებას სთხოვს, რათა სახლში მწოლიარე დედას საკვები მიუტანოს.

ანდრიას დედა ინვალიდია და რამდენიმე წელია გადაადგილებას ვერ ახერხებს. დედა-შვილს ერთმანეთის გარდა არავინ ჰყავთ.

როგორც ანდრია “რეგიონულ კვირას ” უყვება, 15 წლის წინ, მამის გარდაცვალების შემდეგ, ბინის გაყიდვა მოუწია. მას შემდეგ ხშირად გაუთევიათ ღამე ქუჩაში. ახლა კი ძლივს მოახერხა ქირის ფულის შეგროვება და ბინა იქირავა, რათა დედა საწოლში ჩაეწვინა.

ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს. ხშირად გვიხდებოდა ქუჩაში ღამის გათევა და ღმერთს ვევედრებოდი, რომ გათენდებოდა ცოცხალი დამხვედროდა. რამდენიმე წელი დარჩენია და აღარ მინდა, მის თვალზე ცრემლი დავინახო. საპირფარეშოში ხელში აყვანილი შემყავს, ფეხები აქვს პარალიზებული, არც ეტლი გვაქვს. რომელ ეტლზეა საუბარი, იმისთვის რომ პური ვჭამოთ, მოწყალებას ვითხოვ კარდაკარ. სამი თვე ვიმუშავე და აღებული თანხით ბინა ვიქირავე, რომ დედა საწოლზე მაინც დამეწვინა. უფროსი კაპიკებზე მამუშავებდა, ხან არც მაძლევდა ხელფასს. ყველას ჰგონია, როგორც უნდა ისე მომექცევა,“- ამბობს ანდრია.

ანდრია და ლუდმილა რუსთავში, 11 მიკრორაიონში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. მათ არანაირი საარსებო პირობები არ გააჩნიათ.  სოციალური დახმარება კი ხშირად წამლებშიც არ ჰყოფნით.

“მინდა, მოგმართოთ სრულიად საქართველოს, გთხოვთ, გულთან მიიტანეთ ჩემი მდგომარეობა, დამეხმარეთ, თქვენი მცირედიც კი ჩემთვის შვება იქნება, გადამირჩინეთ დედა, რომ ტკივილებისგან და შიმშილისგან არ მომიკვდეს. მის გარდა არავინ გამაჩნია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები