ბოლნისში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ფაზაშია
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
“საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, დაბა კაზრეთში 300 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღი აშენდა. სრულად რეაბილიტირდა სოფელ ქვემო ბოლნისისა და ტანძიის საბავშვო ბაღები, რომლებიც ჯამში 225 აღსაზრდელს მოემსახურება.
პროექტის ფარგლებში ბაღებში გათვალისწინებულია ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება. ბაღში, სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად, მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციული ზონები.
საბავშვო ბაღები დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ქვარა ჩართოლანთან ერთად დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მუნიციპალური ფონდის დაფინანსებით განხორციელდა და მათი ჯამური ღირებულება 10 917 741 ლარს შეადგენს”,- წერია ინფორმაციაში.