„და მაინც ჩემი ფერი ფირუზის ფერია“…

მის ყველა ნახატზე ყვავილები ყვავის, ფერები კი ულამაზეს ჰარმონიას ქმნის. ხატვა გვიან დაიწყო. უპირატესობას ღია ფერებს ანიჭებ.  ფიქრობ, რომ სწორედ ასეთ ფერებს შეუძლიათ ადამიანებთვის სიხარული მინიჭება.
9 თვის განმავლობაში 160 ნამუშევარი შექმნა.
გაზაფხულზე მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართება. – ხათუნა მჟავიას პერსონა.  

 – გავიზარდე მოსიყვარულე ოჯახში, მშობლებთან და დასთან ერთად. შეუძლებელია, არ გამოვყო ბაბუა, რომელმაც ბუნების სიყვარული ბავშვობიდან შთამაგონა. ბაბუა ულამაზეს და დიდი ისტორიის მქონე სოფელ ტოლებში ცხოვრობდა. იქ გაზაფხულს სულ სხვა ფერი და სურნელი აქვს!სწორედ ამ ყველაფრის გამო გაზაფხული გამორჩეულად მიყვარს და წელიწადის სხვა დროს ყოველთვის გაზაფხულს ვუხმობ, რაც ჩემს ნახატებში აისახება. თითქმის ყველა ტილოზე ყვავილები ყვავიან.
– ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარეთ… ხატვა?
– ქსოვა, ქარგვა და კერვა ბავშვობიდან მომწონდა, თუმცა ხატვით არასდროს დავინტერესებულვარ. სკოლა და ყველა საგანი ძალიან მიყვარდა, განსაკუთრებით –  ქართული ენა – ლიტერატურა და ისტორია. ამიტომ ფაკულტეტიც  ისტორიის ავირჩიე.
– ხატვა 40 წლისამ დაიწყეთ… რატომ ასე გვიან?
– თურმე გვიან არასოდეს ყოფილა….
– პირველი ნამუშევრები…
–  ხატვა 40 წლის ასაკში, სრულიად შემთხვევით დავიწყე. ჩემი პირველი ნამუშევარი, სიურპრიზი აღმოჩნდა როგორც ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ასევე თავად ჩემთვისაც, რადგან მანამდე არასოდეს ამიღია ფუნჯი ხელში. ჩემი უმცროსი შვილი ხატავს, შესაბამისად ხშირად მიწევდა მისი სამუშაო მასალების მოწესრიგება. ამ პროცესმა და ფერების ჯადოსნურმა ძალამ, მიბიძგა, გამებედა და გაზაფხულის სიყვარული ტილოზე ამესახა.
– თქვენს ნახატებს ყვავილების მრავალფეროვნება და ფერების ჰარმონიული შეხამება გამოარჩევს…
– ყვავილები ძალიან მიყვარს. უპირატესობას ღია ფერებს ვანიჭებ, რადგან ვფიქრობ, სწორედ ასეთ ფერებს შეუძლიათ, ადამიანებს სიხარული მიანიჭონ, ჩემი მიზანი კი სწორედ ეს არის. და მაინც ჩემი ფერი ფირუზის ფერია…
– როგორ დაიხატა „ზამთარი და ღუნღულა ქოხი?“
– უნდა გამოგიტყდეთ და ზამთარი ნაკლებად მიყვარს, მეშინია კიდეც… ამიტომ ვცადე, ზამთარი ჩემებურად დამეთბო და შედეგად „ღუნღულა ქოხიც“ მივიღე, რომელიც ზამთრის პირველ დღეს დაიხატა.
– გაქვთ გვერდი Khatuna’s Art, თქვენი ნამუშევრების შეძენის მსურველი ბევრია… როგორია განცდა, როცა სულის ნაწილი სხვას მიაქვს?
– რაც ხატვა დავიწყე, 160-ზე მეტი ნამუშევარი შეიქმნა და თითქმის ყველა გაყიდულია. ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები ხელმისაწვდომი იყოს ყველა მსურველისთვის. რაც უფრო მეტ ადამიანს მივანიჭებ სიხარულს, მით უფრო დიდია  ბედნიერების განცდა.
  შთაგონება?
– ხატვის სურვილი იმდენად დიდია, ყოველ დღე ვხატავ, ყოფილა შემთხვევა, ერთ დღეში ორი ნამუშევარიც შექმნილა. ზოგჯერ  შეუკვეთავთ მათთვის სასურველი ან, ჩემი უკვე გაყიდული ნახატი.
ყველა მათგანს თავისი ისტორია აქვს, თუმცა ერთს გავიხსენებ – ნახატი დავასრულე, დავდე ჩემს გვერდზე და ერთდროულად რამდენიმე ადამიანმა გამოთქვა შეძენის სურვილი. როგორ მოვქცეულიყავი, აღარ ვიცოდი და დავპირდი, ოთხივეს 2 დღეში დავუხატავდი …
ნახატი იყო უამრავი დეტალით და ფერით, საკმაოდ შრომატევადიც, მაგრამ  იმდენად დიდი მქონდა სურვილი და მათი გახარების მოლოდინი, 2 დღე და ღამე  ვიმუშავე… ბოლოს ნამუშევრები ისე ჰგავდნენ ერთმანეთს,  მეც ვეღარ ვარჩევდი და ერთის მაგივრად 4 კმაყოფილი ადამიანი მივიღე. ეს ჩემთვის სასიამოვნო და ემოციური იყო.
– ორიგინალურია მზე, რომელსაც „საკუთარი მზე“ ჰქვია…
– ზამთრში უმზეოდ ყოფნის რომ მეშინია, უკვე გითხარით. ერთხელ ერთ-ერთი ნაცრისფერი დღე სულს მიხუთავდა და განწყობას მიფუჭებდა. ვერც ვერაფრს შევცვლიდი და გადავწყვიტე, საკუთარი მზე შემექმნა.
ისეთი მძაფრი იყო სურვილი, რამდენიმე საათში ჩემი სახლი დიდმა, თბილმა და კაშკაშა მზემ გაანათა. ისეთი განცდა მქონდა და მაქვს, რომ საკუთარი მზე მყავს, რომელიც ზამთარს და ცივ დღეებს უმკლავდება. ნახატსაც ასე დავარქვი  – ,,საკუთარი მზე”. მინდა ყველას ჰყავდეს გულში გამომწყვდეული საკუთარი მზე…
– ყაყაჩოები?
– იმდენი ყაყაჩოს გვირგვინი გავაკეთე წელს, ასე მგონია, ყაყაჩოებიც აყვავდნენ ტილოებზე….
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს ჩაი და ჩაიდნების შეგროვება ჰობად მექცა…
–  თქვენი შვილიც ხატავს…
– მყავს მეუღლე და ორი გოგონა. უფროსი, მარიამი 21 წლისაა, სწავლობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, პატარა მართა კი 10 წლისაა და უკვე 4 წელია ხატავს. სხვათა შორის, ხშირად მახსენებს ხუმრობით – ხატვა მე გასწავლე და არ დაგავიწყდესო…
ხატვა ჩემთვის სიხარულია. ისეთი ემოცია, რომელსაც სახელს ვერ ვუპოვი.
– „ფერი ასეთი „სულისფერი“, – ჰქვია თქვენს ნახატს…  როგორია თქვენეული სულისფერი?
– ცის ფერისა და ფირუზისფერის ნაზავი, სწორედ ასეთია სულის ფერი ჩემს წარმოსახვაში.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ბევრ რამეს შევცვლიდი, თუნდაც ადამიანების მდგომარეობას ქუჩაში…
–  რაზე მუშაობთ?
– ამჟამად შეკვეთაზე ვმუშაობ…
– გაზაფხულზე გამოფენას აპირებთ…
– რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია. ბევრი გულშემატკივარი მყავს, რომლებიც გამოფენას დიდი ინტერესით ელოდებიან. ძალიან მინდა ბევრი ნამუშევრის შექმნა და ისევ და ისევ ადამიანებისთვის სიხარულის მინიჭება…


თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები