„ქარი ყველა სანთელს აქრობდა, მაგრამ საქართველოდან წამოღებული არცერთი სანთელი არ ჩამქრალა“…

0

ოც წელზე მეტია დელიში ცხოვრობს. ჰყავს ინდოელი მეუღლე და  ერთი ვაჟი. დელიში სამედიცინო ტურიზმს ემსახურება, პარალელურად ხატავ, აკეთებ თოჯინებს, წერ ლექსებს, მოზაიკით აწყობ ნახატებს, მონაწილეობს გამოფენებში... ცეკვავს ინდურ კლასიკურ ცეკვებს…
ბავშვობა კი ოზურგეთში გაატარა, უკრავდა ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე და გუნდშიც მღეროდა.
თუ რა გზა გაიარა მან თბილისიდან ინდოეთამდე და რა გადახდა თავს, ამ ინტერვიუში წაიკითხავთ. – ნათია საჯაიას პერსონა.

 – დავიბადე ოზურგეთში,  6 წლის ასაკში თბილისში გამოვედით საცხოვრებლად და ლოტკინზე ვცხოვრობდით, რადგან მე და ჩემი ძმა სულხანი (საჯაია) რესპუბლიკურ მუსიკალურ სკოლა-ინტერნეტში ჩავირიცხეთ სასწავლებლად. მე ვიოლინოს განხრით, ჩემი ძმა კი ჰობოის განხრით. ასევე გვასწავლიდნენ ფორტეპიანოზე დაკვრას და ვმღეროდით ამავე სკოლაში არსებულ  ,,კაპელა იას“ გუნდში.
შევიძინე ჰარმონიით და სიყვარულით სავსე მეგობრები. ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებები პერიოდიც ეს არის.
 ხატვაც ბავშვობიდან გიყვარდათ…
– სწავლაზე მეტად ხატვა მიყვარდა, მეხერხებოდა კიდეც და უმეტესად ყვავილებს და დედის საყვარელ ტიტებს ვხატავდი, თუმცა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ეს ჰობად გადამექცეოდა.
ყველაზე მეტად, რასაც ბავშვობაში განვიცდიდი, დედაჩემის ავადმყოფობა იყო. ბრონქიალური ასეთმა და გულით ავადმყოფი იყო. ჩვენს ბინაზე ხშირად მოდიოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება.
სულ ვფიქრობდი, რომ გავიზრდებოდი, ექიმი გამოვიდოდი და დედასთან ერთად ყველას მოვარჩენდი.
ინდოეთში სასწავლებლად წახვედითრამდენად დაემთხვა ფილმებში ნანახი ინდოეთი რეალურ ინდოეთში?
– პირველ კლასში ვიყავი, როდესაც კინოთეატრში ინდური ფილმი  – ,,ბასერა“  ვნახე. ამ ფილმში ცნობილი მსახიობები: რიში კაპური, რექა და რაქი მონაწილეობდნენ.
ამ ფილმში აღწერილმა ოჯახურმა მელოდრამამ ისე იმოქმედა და მისმა სიმღერებმაც ისე მომაჯადოვა, რომ სულ მქონდა სურვილი, კიდევ მენახა ინდური ფილმები.
ერთ დღეს ტელევიზორში – ილუზიონის გადაცემაში „ზიტა და გიტა“ უჩვენეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და ვგრძნობდი, რაღაც იცვლებოდა ჩემში, და ეს ქვეყანაც უცნაურად უფრო და უფრო მიზიდავდა მისკენ.
რა თქმა უნდა, ენა არ მესმოდა, მაგრამ სიმღერების მელოდია კარგად გამომდიოდა. ჩემი თანაკლასელი ნესტან კაციაც მხარს მიბავდა და დუეტებს ვასრულებდით. ხან მე ვიყავი ზიტა და ნესტანი – გიტა, ხან – პირიქით.
ამის გარდა, ფეხშიშველა სიარული მიყვარდა, ხელით ჭამა, შუბლზე წითელი ფანქრით ხალს ვიხატავდი, თეთრ ზეწარს შემოვიხვევდი, ვითომ სარი იყო და ასე დავფრინავდი  ოცნებებით ჩემს საყვარელ ქვეყანაში – ინდოეთში. იმასაც კი მეუბნებოდნენ, წინა ცხოვრებაში ინდოეთში ხომ არ ცხოვრობდიო?
მაგრამ 1996 წელს, როდესაც სასწავლებლად წავედი ინდოეთში და რეალობას პირისპირ ჩავხედე თვალებში, არცთუ ისე დიდი სხვაობა დავინახე და ადვილად შევესისხლხორცე ამ ქვეყანას და ხალხს, მათ ტრადიციებსაც.
იმდენად მიყვარდა ინდოეთი, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი, წავსულიყავი და ღრმად შემესწავლა მათი კულტურა და ტრადიციები.
საქართველოში ინდოეთის ელჩთან შეხვედრის და საუბრის დროს,  იგი დამპირდა, რომ ინდური კლასიკური ცეკვის შესასწავლად გავემგზავრებოდი ინდოეთში და ყველა ხარჯს ინდოეთის მხარე აიღებდა  (ავიაბილეთის გარდა).
გამიმართლდა და ელჩის დანაპირებიც ასრულდა. მივიღე „აი სი სი არის“ (ICCR) სტეპენდია და ჩავირიცხე „შრი რამ ბჰარატია კალა-კენდრას“ სახელობის ქორეოგრაფილ სასწავლებელში ინდური კლასიკური ცეკვა  „ოდიშის“ ცეკვის ფაკულტეტზე.
როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე და ახლიდან რომ მოგეცეთ ცხოვრების დაწყების შანსი, თუ ისევ ამ გზას გაივლიდით?

ინდოეთის დამოუკიდებლობის დღე

– ჩემი მეუღლე – სირაჯ ამანი ინდოეთში გავიცანი. მე სასწავლო წლის ბოლოს  ერთ-ერთ ტურისტულ კომპანიაში  თარჯიმნად დავიწყე მუშაობა.
სირაჯი ხშირად მოდიოდა ჩვენს ოფისში, ჩვენი მეგობრობა მაშინ გაძლიერდა, როცა გავიგე, რომ იგი რუსულად კარგად საუბრობდა. ასევე გავიგე, რომ მან რვა ენა იცოდა და მათ შორის ცოტა ქართულიც იცოდა.
მეგობრობა სიყვარულით მაშინ შეიცვალა, როდესაც დელში ჩემს კონცერტზე მოვიდა და  ინდურად შესრულებული ჩემი სიმღერა მოისმინა.
ახლიდან რომ მომეცეს ცხოვრების ახლიდან დაწყების შანსი, აუცილებლად კიდევ ერთხელ გავივლიდი ამ გზას (თუმცა კი ზოგიერთ რამეს აუცილებლად შევცვლიდი)!
ოც წელზე მეტია დელში ცხოვრობთ სამედიცინო ტურიზმს ემსახურებით
– უკვე მე-7 წელია სამედიცინო ტურიზმით ვარ დაკავებული. სამწუხაროდ, ქართველების უმრავლესობას ინდოეთზე ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს: სიბინძურეა, სიღარიბეა, საშინლად ცხელაო, წყალიც არ უვარგათო… მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ინდოეთში ტურიზმიც მაღალ დონეზეა და სამედიცინო ტურიზმიც.
ხალხს ისიც ავიწყდება, ან ბევრმა არც კი იცის, თუ რა ძლიერია ტიბეტური მკურნალობა, აიურვედას მკურნალობა, ჰომეოპატიკით მკურნალობა.  ინდოეთში ასევე თვლიან, რომ იოგაც ერთ-ერთი მკურნალობის სახეობაა, რომელიც  მედიტაციის ნაწილია.
ცნობილია კიდევ ვიპასნას მკურნალობაც.
მინდა გითხრათ, რომ ინდოეთში არის საუკეთესო სავადმყოფოები: ფორტისი, მაქსი, მედანტა, არტემისი… სადაც ბოლო მოდელის დიაგნოსტიკური დანადგარები და ლაბორატორიებია. ამიტომაც კეთდება ზუსტი დიაგნოსტიკაც. ჰყავთ საუკეთესო ექიმები, ქირურგები და კარგად კურნავენ ონკოლოგიასაც.
ჩემი პაციენტები, ძირითადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ჩამოდიან.
ხატავთ, აკეთებთ თოჯინებს, წერთ ლექსებს, მოზაიკით აწყობთ ნახატებსამ ბოლო დროს ამ მხრივ ინტენსიურად მუშაობთ უკვე გამოფენებიც გქონდათ...

თაიგული, რომელშიც გამოყენებულია 33 ფერის ქვა და 21, 877 ცალი ქვა

–  კარგად ვქარგავ, ვქსოვ კიდეც. ასევე ვქმნი (ყაისნაღით ვქსოვ) ამიგურუმის რბილ სათამაშოებს, რომლის სიყვარული და ინტერესი გასულ წელს ჩემმა ნათლულმა ლენამ გამიჩინა. ვამზადებ გემრიელ ინდურ, ქართულ და კონტინენტალურ კერძებს და სალათებს.
რამდენიმე წლის წინ დავიწყე ხატვის სწავლა „კალაკრიტ ფაუნდეიშანში“, დელის კერძო სამხატვრო სკოლაში.
ჩემი პედაგოგი პრაშანტ კ. სარკარი სულ მაქებდა და მეუბნებოდა, რომ მომცემდა შესაძლებლობას, თავის მიერ ორგანიზაებულ  ჯგუფურ გამოფენებში მიმეღო მონაწილეობა.
2018 წლის დეკემბერში კი პირველად  მივიღე მონაწილეობა ჯგუფურ გამოფენაში – „ანუგუნჯი“, ჯაიპურის „ჯავაჰარ კალა კენდრას“ გალერეაში.
მეორე ჯგუფური გამოფენა 2019 წლის ოქტომბერში, დელის  „პიაარე ლალ ბჰავანის“ გალერეაში მქონდა. ვემზადები მე-3 ჯგუფური გამოფენისთვის, რომელიც ისევ ჯაიპურში გაიმართება. ამჯერად 4 მოზაიკურ ნახატს წარვადგენ.
ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ ჩემმა პედაგოგმა ამისრულა ოცნება და საქართველოდან მოიწვია ქართველი მხატვარი -კახა ხინველი, რათა ინდოელ დამთვალიერებლებსა და მხატვრებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, უფრო ახლოს გაეცნონ ქართველი მხატვრის ნამუშევრებს.
როგორ იქმნება თვითოეული ნახატი თუ ნივთი?
– გააჩნია, რაზე ვმუშაობ. თუ თოჯინებს/სათამაშოებს ვქმნი, მაშინ სქემის გაკეთება მიხდება და ამას ზოგჯერ 2 დღეც სჭირდება, შემდეგ კი ვიწყებ ქსოვას. ხშირად სათამაშოს თავი, ტანი და ზოგჯერ ფეხებიც ერთიანად იქსოვება, სხვა პატარა დეტალები ცალკე იქსოვება, შემდეგ კი ყველაფერს ვაწყობ და ვკერავ. ბოლოს სახეს ვაკეთებ – თვალებს, წარბებს, ცხვირს, ტუჩებს, ზოგჯერ თოჯინას თმებსაც ვუკეთებ და ასე ვამთავრებ სათამაშოს.
ხატვისთვის და მოზაიკური სურათებისთვის მთავარია დრო, ხასიათი და ფინჯანი ყავა.
ახლახან გქონდათ გამოფენარამდენად მოსწონთ ინდოელებს თქვენი ხელოვნება?
– ხელოვნებას ინდოეთში ძალიან აფასებენ. მინდა აღვნიშნო, რომ აქ არც კონცერტის ბილეთები იყიდება და არც სამხატვრო გალერეაში შესვლაა ფასიანი.
ინდოელები კი ჩემი მოზაიკური ნამუშევრებით უფრო გავაოცე და კარგი მოწონებაც ჰქონდა.
მართმადიდებელი ხართ, რუსული ეკლესიის მრევლი ხართგყავთ ვაჟიომარიმმეუღლე მუსულმან, მაგრამ ოჯახს რელიგიურ ნიადაგზე პრობლემა არ აქვს
ჩემი ლამაზი ოჯახი 3 სულიანია – მე, ჩემი მეუღლე სირაჯი და ჩემი 20 წლის შვილი ომარი. წლის და 3 თვის იყო, როდესაც საქართველოში ჩამოვიყვანე პირველად და მაშინ მოვნათლეთ მართლმადიდებლურად, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში (ვარკეთილში) და ნათლობის სახელი ლაზარე დაარქვეს.
მართალია, ჩემი მეუღლე მუსულმანია, მაგრამ ჩვენ ყველა რელიგიურ დღესასწაულს დიდი ზეიმით აღვნიშნავთ.
ინდოეთში უმეტესობა კათოლიკური ტაძარია, თუმცა როდესაც გოასა და კერალაში ვიმოგზაურე, ბევრი მართლმადიდებლური ტაძარიც ვნახე. ასევე არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიები.
მინდა გითხრათ სარდანის ღვთისმშობლის კათოლიკურ სასწაულმოქმედ ეკლესიაზეც. პირველად 7 წლის წინ ვიყავი და თავად ვნახე სასწაულიც:
ნოემბერი იყო, ცოტა ქარიც ქროდა… სანთლების დასანთები ადგილი გარეთ არის. ქარს ყველა სანთელი ჩაექრო…
როცა საქართველოდან წამოღებული სანთლები წამოვიღე დასანთებად, მეგობარმა მითხრა – ქარია და ჩაგიქრება, სახლში დაანთეო. სასანთლესთან მივედი და სანთლები დავანთე, არ გამქრალა… იწვოდა… ყველა გაოცებული დარჩა.
დედაქალაქში რუსეთის საელჩოს რეზიდენციის ტერიტორიაზე არის პატარა მართლმადიდებლური ტაძარი, სადაც წირვა-ლოცვას რუსეთიდან ჩამოსული მამა დიმიტრი ატარებს ხოლმე. ამ ეკლესიის მრევლი ვარ და, შეძლებისდაგვარად, იქ დავდივარ.
ცეკვავთ ინდურ კლასიკურ ცეკვებს...
– ინდური კლასიკური ცეკვების 6 ძირითადი სტილია: ბჰარატ ნატიამი, ოდისი, კათხაკი, მანიპური და კათხაკალი.
გარდა ამისა, აქვთ სახალხო ცეკვები და ძალიან მომწონს პენჯაბური ცეკვა – ,,ბანგრა“, რომელიც  მეტად მხიარული და ემოციით სავსეა.
1990-91 წლებში მოსკოვში ვსწავლობდი ინდოეთის საელჩოსთან არსებულ ,,ჯავაჰარ ლალ ნეჰრუს“  სახელობის ცენტრში ინდური კლასიკური ცეკვის -კათხაკის სტილს, ხოლო 1996 – 1998 ვსწავლობდი ინდურ კლასიკურ ოდისის სტილს ცეკვას.
კათხაკის „ჯაიპური-გჰარანა“ და კათხაკის ლაქნაუ-გჰარანას სტილის ცეკვები სასახლიდან გამოსული ცეკვებია. ბჰარატნატიამი, ოდისი, კუჩიპური მანიპური და კათხაკალი კი ტაძრიდან გამოსული ცეკვებია.
თითოეული ხელის და თითების მოძრაობას თავისი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს. ასევე თვალების და სახის მიმიკის საშუალებით გამოხატავენ სხვადასხვა გრძნობას და მოვლენებს. სხვადასხვა ინსტრუმენტის თანხლებით მომღერალი სიმღერით ყვება რაიმე ისტორიას და მოცეკვავე მას ცეკვით გადმოსცემს.
ბავშვობიდანვე მომწონდა კლასიკური ცეკვა, რადგან ულამაზესი კოსტიუმებით და სამკაულებით მორთულები არიან და საოცარი ჟღერადობის მუსიკაც თან ახლავს.
 ლექსები?
– ლექსებს, ძირითადად, მაშინ ვწერ, როცა ნოსტალგია მომაწვება ხოლმე… ამ დროს აი, ასეთი პატარა ლექსებიც იწერება ხოლმე:
შენს სახეს რა დამავიწყებს,
შენს ლამაზ თვალებს, დედი!
შენი სუნთქვა და ალერსი
ჩემს სულთან ერთად მღერის…
ჰობი

გამოფენაზე –  ნათია საჯაიას პედაგოგი პრაშანტ კ. სარკარი (მარცხნიდან პირველი),  მისი მეუღლე – კირტი სარკარი და ნათია საჯაია

– სწორედ ინდოეთში აღმოვაჩინე ჩემს თავში მრავალი ნიჭი, რომელიც პერიოდულად ვლინდებოდა. თავდაპირველად  სხვადასხვა სახეობის ინდური ქარგვა შევისწავლე. როდესაც ჩემი შვილი (ლაზარე) სკოლაში სწავლობდა, ამავე სკოლის ბავშვებს შევასწავლე ქართული, რუსული, უზბეკური და ლიტვური ცეკვები. ბოლოს კი ხატვამ და მოზაიკამ დაიკავა ადგილი…
ყველაფრის გაკეთება მიყვარს, რასაც საკუთარი ხელით ვქმნი.
ისევ ხელოვნებას მივუბრუნდები... რაზე მუშაობ და რა გეგმები გაქვთ?
– ამჟამად ჩემს მე-3 მოზაიკის სურათს ვაწყობ, პერსონალური გამოფენისთვის კი უფრო მეტი დრო და ფინანსები სჭირდება. მე კი სულ დაკავებული ვარ ჩემი პაციენტებით…
აი, დეკემბერში კი, მე და ლაზარე საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებთ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი