პოეტი ჩელთის ჭალებიდან, რომელმაც საფლავის ქვაზე მიწერილი სტრიქონები ლექსით გააცოცხლა

ყვარელში დაიბადა, მაგრამ შილდაში, მდინარე ჩელთის სანაპიროზე გაიზარდა. პირველი ლექსებიც მაშინ დაიწერა…
ყვარლის 1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეა.  ამბობს, რომ  ლექსი კალმის აღებით კი არა, ბუნებისა და გულის კარნახით იწერება. მისი მუზა ბუნებაა და ისეთი ძალა აქვს,  უკალმოდაც შეაქმნევინებს ლექსს კაცს. ასე ღიღინ-ღიღინით იბადება ახალი ლექსები… – გიორგი ზუბიტაშვილის პერსონა.

– ბავშვობა  გამორჩეული მქონდა, ვიზრდებოდი ისე, როგორც სხვა სოფლის ბავშვები… იყო გაჭირვებაც, მაგრამ მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ, არაფერი დაგვკლებოდა, პირველ რიგში, განათლება იყო,  შემდეგ – შრომა.
დღევანდელი ბავშვებისგან ნამდვილად განსხვავდებოდა ჩემი ბავშვობა,  ჩემი სოფლის ბავშვებთან ახლაც ვხედავ იმ ჩემეულ ბავშვობას, რაც ძალიან მახარებს, სწორედ ამან მიბიძგა, დამეწერა მოთხრობა – „ქოხი ჩელთის ჭალაში“…
დავიბადე  ყვარელში, მაგრამ გავიზარდე შილდაში, სწორედ ჩელთის ნაპირას…
ბავშვობიდანვე ჩელთის ჭალასთან მქონდა შეხება, თუმცა პოეზიის თვალმა უკეთ დამანახვა მისი სილამაზე და პოეტურობა…
როგორ იწერებოდა პირველი ლექსები….
– თავდაპირველად ვაჟას სოფელმა და კლასელის ნაჩუქარმა მინდია არაბულის კრებულმა განაპირობა ჩემი ლექსთან კავშირი, ხოლო შემდეგ იყო ჩელთი, პოეზიის თვალის ახელის შემდეგ სულ მიკვირდა, რატომ მანამდე ვერ ვხედავდი ამ მთებისა და ჩელთის სილამაზეს.
პირველი ლექსები სხვადასხვა თემაზე დაიწერა, თუმცა მათშიც იგრძნობოდა ბუნება, მაგალითად: „კლდეზე ყვავილი“, „კიდევ იმღერე“, ჭრიჭინობელავ“, „ადიდდა ჩელთი“ და სხვანი. ყველა ამ ლექსს თავისი პატარა ისტორია აქვს, ლექსი კალმის აღებით კი არა, ბუნებისა და გულის კარნახით იწერება.
ლექსის დაწერის საინტერესო ისტორიებიც გექნება
– მახსენდება ასეთი ლექსი „ველად მოსული ყვავილი“. შილდის სასაფლაოებზე ვიყავი და საფლავის ქვებზე დაწერილ ლექსებს ვკითხულობდი, მაგრამ ჩემი ყურადღება საფლავის ქვაზე მიწერილმა ერთმა ლექსმა მიიქცია. ლექსი ასე იწყებოდა: „ველად მოსული ყვავილი, ავადმყოფობამ დამაჭკნო“.
ამ სიტყვებმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ დამამახსოვრდა და რამდენიმე თვის შემდეგ გაგრძელებაც დავწერე…

ველად მოსული ყვავილი

„ველად მოსული ყვავილი,
ავადმყოფობამ დამაჭკნო“…
ამ ლექსს ვკითხულობ საფლავზე,
საწუთისოფლოს საავდროს,
სისხლი გაყინა სიტყვებმა,
ისე, როგორაც არასდროს,
ხავსი მოედო ლექსს ქვაზე,
რომელიც არვის არ ახსოვს,
ველად მოსულსა ყვავილსა,
მოწყვეტა თურმე არ აჭკნობს…
ველად მოსული ყვავილი,
ავადმყოფობამ დააჭკნო,
ყველას მოგველის დაჭკნობა,
ნარს, იასა თუ ყაყაჩოს,
ჩვენი დაჭკნობის მიზეზი,
მაღალმა ღმერთმა განსაჯოს,
ველად მოვსულვართ ყვავილნი,
დაე, სიბერემ დაგვაჭკნოს,
დაუჭკნობელნი ნუ წავალთ,
ისმინე, ღმერთო, ამას გთხოვ!
სანამ ვყვავილობთ, ვიცხოვროთ,
აქ, წუთისოფლის სამგზავროს,
იქ, ყველა წავალთ, იმ ქვეყნად,
ყველა წავრდგებით სამსჯავროს.

 შთაგონება როგორ მოდის ხოლმე?
– ჩემს შემთხვევაში მუზა ბუნებაა, ისეთი ძალა აქვს, რომ უკალმოდაც დაგაწერინებს კაცს. სწორედ ჩემი ლექსი „ჩელთის ჭალაში“ უკალმოდ, ღიღინითაა დაწერილი, აბა როგორ არ მივანიჭო ბუნებას მუზის ტიტული.
თან სკოლაში დადიხარ ხომ?
– კი, თერთმეტი კლასი შილდის მეორე საჯარო სკოლაში დავამთავრე. ამჟამად ყვარლის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასში ვსწავლობ.
პირველად ლექსია და შემდეგ – სხვა დანარჩენი. რა თქმა უნდა, ორივე ერთად ძნელია…
ფიქრებთა მწყემსი მქვიანო, – წერდა მაინც, რაზე ფიქრობს ხოლმე გიორგი ზუბიტაშვილი?
– აწმყოზე, წარსულსა და მომავალზე… ბავშვობიდანვე მაინტერესებდა ქართული ფოლკლორი და ქორეოგრაფია, ამ ყველაფერში გლეხურ სიტყვას ვეძებდი, რამაც აწმყოზე დაკვირვება და მომალზე ფიქრი გამოიწვია… როდესაც „იქ, მარტო ფიქრებთან დავწერე“,  ცოცხლად ვუყურებდი იმ სურათს, რაც ლექსში დავხატე, მაგრამ ნისლი ფანტაზიის ნაყოფია. ლექსში დახატული დათოვლილი და დანისლული ჩელთი არასოდეს მინახავს და მიზნად დავისახე, მისი დაზამთრული სახის ხილვა…
გარმონზეც უკრავ
– კი, ვუკრავ ჩემთვის, რაც ვიცი, ყველაფერი ჩემით ვისწავლე, რადგან ვფიქრობდი, რომ პაპათა ხელობის დავიწყება არ შეიძლებოდა. ქართველი ყოველთვის წერდა ლექსს, ქმნიდა მუსიკას და ამ ორი ჟანრის შერწყმით იქმნებოდა მესამე ჟანრი –  ქორეოგრაფია, აბა, როგორ არ ამემღერებინა გარმონი და ჩემი უხეში ხმით ჩემი ლექსი არ ამეღიღინებინა?…
ჰობი არ მაქვს, მხოლოდ სიყვარული ლექსისადმი…
– საინტერესოა, ფსევდონიმად მთის პოეტი“ რატომ აირჩიე?
– მთის სიყვარულის გამო, ბევრს ჰგონია, ქედმაღლობის გამო, მაგრამ, მერწმუნეთ, ეს ასე არ არის… ამ ფსევდონიმის დამალვა მიწევს, მაგრამ არ გამომდის, რადგან ხშირად მომმართავენ ფსევდონიმით.
კახეთში ცხოვრობ და მთის პოეტი ცოტა უცნაურად ჟღერს
– ხშირად ვამბობ, კახელი მთიელი ვარ-მეთქი… მაგრამ კახელებმაც ვიცით მთის სიყვარული. მთის პოეტი არ ნიშნავს მთიელ პოეტს, არამედ – მთის სიყვარულით დასნეულებულ მგოსანს.
ვნახე სვანეთის ფოტოებზე წარწერებისვანთის გარდა კიდევ სად ყოფილხარ მთაში და როგორი იყო შთაბეჭდილებები?
– ფშავში…. რომელ განცდასაც პოეზიის თვალის პოვნა ჰქვია, მაგრამ ოცნებად მაქვს ხევსურეთის ხილვაც…
რას შეცვლიდი ენ ირგვლივ, რომ შეგეძლოს?
– არაფერს… ვკმარობ ყველაფერს, რაც გამაჩნია…
სად გინდა ჩაბარება?
–  თელავის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გაგრძელებას ვფიქრობ…
ანუ ფილოლოგობას აპირებ
– კი… მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, მაინც ფილოლოგობა ავირჩიე…
მწერლებიდან?..
– მიყვარს ნოდარ დუმბაძე. მისი ნაწარმოებები ჩემს ბავშვობას მახსენებს…
რა უნდა გაეთდეს, რომ ახალგაზრდობა დარჩეს სოფლად და არ დაიცალოს რეგიონები?
– ვფიქრობ, ახალგაზრდას ნიჭის გამოვლინების საშუალება უნდა მიეცეს. მერწმუნეთ, თუ სოფლებში იქნება სპორტული, შემეცნებითი და ლიტერატურული კლუბები, ბავშვების უმეტესობა აღარ იფიქრებს ქალაქზე…
და ამ რივ, ყვარელში რა ვითარებაა?
ყვარელში არის ამ სახის კლუბები, თუმცა ყველა ოჯახს სოფლიდან ყვარელში სიარულის საშუალება არ აქვს.  ჩემი გადასახლების მიზეზიც სწორედ ეს პრობლემა იყო…
წიგნი?
– სამწუხაროდ, სხვადასხვა პრობლემის გამო არა, თუმცა მის სახელზე დიდი ხანია შევჯერდი. „ჩელთის მიდამოებში“ – ასე ერქმევა პირველ პოეტურ კრებულს…
პერსონალური საღამო?
– პირველად 2018 წელს შილდის №2 სკოლაში, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მზია ბაიდოშვილის ინიციატივით, ჩატარდა მეორე პერსონალური საღამო, ყვარლის N2 სკოლაში.
 სამომავლოდ?..
– სამომავლოდ  იმედი მაქვს, რომ ჩემი სიტყვით, ჩელთისა და მისი ჭალის კარნახით დაწერილი სიტყვით, რაიმე კარგს შევძენ ჩემს ხალხს… თუ არადა, იმედია, ადამიანობას მაინც შევძლებ…

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები