რა ელოდება უკრაინას “შტაინმაიერის ფორმულის” ხელმოწერის შემდეგ და რა სარგებელს მიიღებს რუსეთი – რუსი ანალიტიკოსი

რუსი ისტორიკოსი, პოლიტიკური ანალიტიკოსი ველარი სოლოვეი ფიქრობს, რომ კრემლში მიაჩნიათ, “შტაინმაიერის ფორმულის” ხელმოწერით უკრაინასთან მიმართებით, პოლიტიკაში სტრატეგიულ წარმატებას მიაღწიეს.

პოლიტოლოგს საკუთარი მოსაზრების სასარგებლოდ რამდენიმე პუნქტი მოჰყავს.

კრემლში ეჭვი არ ეპარებათ, რომ ეუთო დონბასში არჩევნების კანონიერებას დაადასტურებს. ამის შედეგად ლუგანსკსა და დონეცკში პრორუსული ადმინისტრაცია მთლიანად შენარჩუნდება, წესრიგს კი, ადგილობრივი პოლიცია უზრუნველყოფს.

დონეცკის და ლუგანსკის მხრიდან რუსეთ-უკრაინის საზღვრის დაცვას ,,მოხალისეთა კორპუსი” უზრუნველყოფს, რომელსაც დონეცკი და ლუგანსკი დააკომპლექტებენ და არა უკრაინის სასაზღვრო სამსახური.

“ნორმანდიულ ფორმატში” შეხვედრაზე ზელენსკი “შტაინმაიერის ფორმულასთან” თანხმობას დაადასტურებს, რის შემდეგაც უკან დახევას ვერ შეძლებს. მაგრამ, თუ დაიწყებს მერყეობას, კრემლი დასავლეთს ეტყვის: ხომ გაფრთხილებდით, რომ უკრაინა ჩავარდნილი სახელმწიფოა, ხოლო მის ხელისუფლებასთან საქმის დაჭერა – შეუძლებელი.

იმ შემთხვევაში თუ ზელენსკი შეთანხმების საბოტაჟს ეცდება, ამ შემთხვევისთვის კრემლს გათვალისწინებული აქვს ნაბიჯები, რომლებიც კიევს სწრაფად გამოაფხიზლებს.

შეთანხმების წინააღმდეგ უკრაინელების მასობრივი გამოსვლები შეუძლებელია, რადგან ისინი ომისგან დაღლილები არიან. მცირერიცხოვანი აქციების განეიტრალებას კი, შს მინისტრი უზრუნველყოფს.

ზელენსკი შეეცდება უკრაინელებს გარიგება ,,მიჰყიდოს, როგორც მშვიდობა სწრაფი ეკონომიკური განვითარების და რეფორმების სანაცვლოდ”. ნაწილობრივ ეს ასეც არის, მაგრამ უკრაინულ ეკონომიკაზე გავლენებს რუსული ბიზნესიც მოახდენს.

რუსეთი სანქციების შესუსტებას მიიღებს და უკრაინის საგარეო-პოლიტიკურ კურსზე მნიშვნელოვან გავლენას დონბასის გამოყენებით მოახერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები