პირველი მხატვარი საქართველოდან, ვინც წარდგენილი იყო ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე

0

ხატვა მე-7 კლასიდან დაიწყო, მაგრამ ბავშვობიდან ლამაზი ნივთების გარემოცვაში იზრდებოდა.  სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, მულტიპლიკაციის სახელოსნოში სწავლობდა, რომელსაც მამია მალაზონია ხელმძღვანელობდა. სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ  მამია მალაზონიას სახელოსნოში პედაგოგად მუშაობს.
ორჯერ იყო ნომინირებული ასტრიდ ლინდგრენის მემორიალურ პრემიაზე. იგი პირველი მხატვარია საქართველოდან, ვინც იყო წარდგენილი ამ პრემიაზე. და ისიც, ამერიკულმა ილუსტრატორთა გაერთიანებამ წარადგინა…
ფერთა ლამაზი კოლორიტით გამოირჩევა მისი პეიზაჟები და ნატურმორტები, ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა. ამჟამად რამდენიმე გამოფენას გეგმავს. პირველი პარიზში, „კარუსელ დე ლუვრში“ გაიმართება… – მხატვრისა და პედაგოგის, ლელა ტაბლიაშვილის პერსონა.

– ძალიან კარგი და ლამაზი ბავშვობა მქონდა. დედა ჟუჟუნა ყარალაშვილი და მამა ვანო ტაბლიაშვილი ყველანაირად ცდილობდნენ, რომ საუკეთესო განათლება მიმეღო. გავიზარდე ლამაზი ნივთებისა და ყვავილების გარემოში.
ჩემი მშობლები პატივს სცემდნენ ადამიანის ხელით შექმნილ ყველანაირ ნაკეთობას. ალბათ ეს ნატიფი დეტალები ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში. იმ დროისათვის საუკეთესო წიგნების ბიბლიოთეკა გვქონდა სახლში. დიდი ყურადღება ექცეოდა ლიტერატურულ განათლებას. ყოველთვის გვყავდა და გვყავს შინაური ცხოველები, ძაღლები, კატები, თუთიყუშები.
– როდის გადაწყვიტეთ, რომ მხატვარი გამოხვიდოდით?
– დაახლოებით მე-7 კლასში დავიწყე ხატვა და ალბათ უკვე მაშინ გადავწყვიტე. 2 წლის შემდეგ მიმიყვანეს თემო მაჭავარიანთან ხატვის სასწავლებლად. პირველად სერიოზული ფუნჯის ჭერა თემომ მასწავლა. შემდეგ დავდიოდი ალბერტ დილბარიანის, გივი კასრაძის სახელოსნოებში. ამ მხატვრებმა დიდი როლი შეასრულეს ჩემი, როგორც მხატვრის ჩამოყალიბებაში.
სამხატვრო აკადემიაში კი, მამია მალაზონიას სახელოსნოში სწავლობდით… რით იყო საინტერესო სტუდენტობის წლები?
– სამხატვრო აკადემიაში გრაფიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მულტიპლიკაციის სახელოსნოში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი მამია მალაზონია. საოცარი პიროვნებაა ბატონი მამია. ძალიან ბევრი საინტერესო შევითვისე მისგან. ეს იყო უბედნიერესი წლები ჩემთვის.
სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ პედაგოგად მუშაობ. მონაწილეობ გამოფენებში და ასურათებ წიგნებს… როგორ უთავსებთ ერთმანეთს პედაგოგობას და მხატვრობას?
– დავამთავრე თუ არა სამხატვრო აკადემია, ბატონმა მამიამ დამტოვა მის სახელოსნოში პედაგოგად. მას შემდეგ სულ ვმუშაობ აკადემიაში. ვმუშაობ წიგნის ილუსტრაციაზე და გამოფენებში ვმონაწილეობ. ეს ძალიან მეხმარება სტუდენტებთან მუშაობაში. ბევრი საინტერესო შემიძლია გადავცე სტუდენტს. და სიამაყით შემიძლია ვთქვა, ბევრჯერ უთქვამთ სტუდენტებს ჩემთვის, გაგვიმართლა, თქვენ რომ გვასწავლითო, რაც ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს.
 მუშაობ თითქმის ყველა ტექნიკასა და მასალაში: ფერწერა, გრაფიკა, ანიმაცია, წიგნის ილუსტრაცია, მცირე პლასტიკა ძერწავ და აკეთებ თოჯინებს… ხშირად მხვდება ფეისბუქში თქვენი ულამაზესი ფერები…
– ვმუშაობ ყველა ტექნიკით. სამწუხაროდ, ანიმაციას თანხები და ხელშეწყობა სჭირდება, რაც ჩვენთან ჭირს. ამიტომ ამ ეტაპზე გადავერთე დაზგურ ფერწერასა და გრაფიკაზე. დღევანდელ დღეს ფეისბუქი კარგი საშუალებაა, კონტაქტი დაამყარო უამრავ ადამიანთან. ბევრი ნახულობს და მწერს ძალიან სასიამოვნო კომენტარებს.
– „კარუსელ დე ლუვრის“ გამოფენის შემდეგ  რა შეიცვალა, ვინ დაინტერესდა თქვენით?
– „კარუსელ დე ლუვრი“ ძალიან საინტერესო გამოფენაა პარიზში. მრავალი ადამიანი დაინტერესდა ჩემი ნახატებით და გაიყიდა კიდეც იქ ნამუშევრები. კიდევ მაქვს მოწვევა, ვაპირებ წასვლას  და გამოფენაში მონაწილეობის მიღებას. შეიცვალა ის, რომ უფრო პროდუქტიული და თავდაჯერებული გავხდი. ძალიან დიდი არჩევანია, 600 გალერეა და უამრავი მხატვარი  მონაწილეობს და ხუმრობა ხომ არ არის, ამ დიდ ბაზარზე შენით რომ დაინტერესდებიან.
ასტრიდ ლინდგრენის მემორიალური პრემიის ნომინანტი ხართ საქართველოდან 2011-2012 წლებში
– ასტრიდ ლინდგრენის პრემია და ნომინანტობა ძალიან დიდი პატივია ყველა მხატვრისათვის. ორჯერ ვიყავი ნომინირებული. პირველი მხატვარი ვარ საქართველოდან, ვინც იყო წარდგენილი ამ პრემიაზე. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ პრემიაზე ამერიკულმა ილუსტრატორთა გაერთიანებამ წარმადგინა, კერძოდ, შვეიცარიელმა რეგიონალურმა კურატორმა დენ სეკარსკიმ. მე არც ვიცოდი, ისე მოხდა ეს ყველაფერი.
– ფერთა ლამაზი კოლორიტით გამორჩეულია თქვენი  პეიზაჟები და ნატურმორტები…  ვინ არის თქვენი ნახატების მყიდველი…
– ჩემი ნახატების მყიდველთა დიაპაზონი ძალიან დიდია: საქართველოდან, ევროპისა და ამერიკის ჩათვლით. საქართველოში კი თითმის ყველა ქალაქში არის ჩემი ნახატები. სხვათა შორის, უამრავი ცნობილი  ექიმია ჩემი ნახატების მყიდველი. და მითხრეს კიდევაც, ჩვენ ძალიან მძიმე ცხოვრება გვაქვს, რთულია ავადმყოფი ადამიანების ყურება  და თქვენი ნახატები ცხოვრებას გვილამაზებს და გვავიწყებს განვლილ მძიმე საათებსო.
საინტერესო ისტორიაა: ჩემი ნახატები გატანებული მქონდა მონტროში, შვეიცარიაში არტ-ბაზრობაზე. დენ სეკარსკის პირადად არ ვიცნობ. რაც მან წარმადგინა პრემიაზე. მას მერე ფეისბუქზე დავმეგობრდით, მივწერე, სხვათა შორის, ჩემი ნახატები მონტროში, მაილს დევის ჰოლშია გამოფენილი-მეთქი. ზუსტად ნახევარ საათში დამიკავშირდა ჩემი ბიძაშვილი გიორგი ფეისბუქმესინჯერით, ვისაც ჰქონდა ჩემი ნახატები მონტროში და გახარებულმა მაუწყა, აქ ერთი კაცი დენი მოვიდა,  შენი ორი და ჩვენი – დანარჩენი ქართველების თითო ნახატი შეძინაო. თან ფოტოც გამომიგზავნეს, დენ სეკარსკის  და გიორგისი ერთად. აი, ასეთი უცნობი თაყვანისმცემელი ჰყავს ჩემს ხელოვნებას.
– როგორ მუშაობთ? შთაგონებას ვგულისხმობ…
– ჩემი შთაგონების წყარო ბუნებაა. წელს, მაგალითად, ძალიან დავინტერესდი მცენარეების ფრაქტაკური გეომეტრიით და გრაფიკული, აკვარელის სერია გავაკეთე. ძალიან ლამაზია თითო ეკალიც კი.
–  გამოფენები, რომელს გამოყოფდით?
– უამრავი გამოფენა მქონია. მათგან 2 პერსონალური მქონდა. გამოვყოფ  2002 წელს გამართულ პირველ პერსონალურ გამოფენას „აკვარელი“. ძალიან კარგი და საინტერესო გამოვიდა. პარიზის გამოფენებიც მიყვარს.
– ჰობი…
– ჰობისთვის დრო არ მრჩება. სულ ჩართული ვარ და ვმუშაობ. თუ კულინარია შეიძლება ჩაითვალოს ჰობად ქართველი ქალისთვის, მიყვარს ექსპერიმენტების კეთება სამზარეულოში.
რაზე მუშაობთ და სამომავლო გეგმები…
– სულ ვმუშაობ. რამდენიმე გამოფენა მაქვს დაგეგმილი. პირველი ისევ პარიზი, „კარუსელ დე ლუვრი“…
– ჯილდოები…
– ჯილდოები: ორჯერ ნომინირებული ვარ ასტრიდ ლინდგრენის პრემიაზე. სიგელები სხვადასხვა გამოფენებიდან. ყველაზე დიდი ჯილდოა, მადლიერი ადამიანების თბილი კომენტარები.
– ოჯახი…
– მყავს დიდი ოჯახი, რომლის ყველა წევრი მიწყობს ხელს. ჩემი ხელოვნების ყველაზე დიდი გულშემატკივარი დედაა, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს, რომ ვიმუშაო. გახარებული მიკრეფს ყვავილებს, რომ დავხატო. ჩემი შვილი ივაც და ძმაც მეხმარებიან ნახატების გადაზიდვებში. მოკლედ, ყველას თავისი წვლილი შეაქვს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი