გიორგი თავდგირიძე: პირადი წყენა პოლიტიკაში მხოლოდ საბაბია და ანტიამერიკული განწყობის გაღვივება კი მიზანი

“რამდენად უპასუხისმგებლო უნდა იყოს პოლიტიკური ძალა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან და ძლიერ მოკავშირესთან ურთიერთობის გაფუჭება თვითმიზნად ჰქონდეს ქცეული? ბავშვები არ ვართ და ყველას გვესმის, ამ ტიპის აქციები რას ემსახურება”, – ასე ეხმაურება თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლების მიერ ამერიკის საელჩოსთან დღეს დაგეგმილ აქციას.

როგორც თავდგირიძე აღნიშნავს, პირადი წყენა პოლიტიკაში მხოლოდ საბაბია, ანტიამერიკული განწყობის გაღვივება კი მიზანი.

“თანაც ქვეყნის ბედზე და მომავალზე მზრუნველი ლიდერი რატომ უნდა ანგრევდეს არსებულ ურთიერთობას ერთ ქვეყანასთან ( აშშ ), როდესაც მეორე ქვეყანასთან დაუმთავრებელი ომშია და ურთიერთობის პირობებიც კი არ არის დასახელებული? როგორც ისტორიული მაგალითები მოწმობს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქვეყნას უბედურება არა მოწინააღმდეგის სიძლიერის გამო ატყდება თავს, არამედ გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფების სულმოკლეობის ( რომელიც დასრულებულ ქმედებაში ქვეყნის ღალატია) გამო. 1801 წლის ანექსიასაც და

1921 წლის აგრესიასაც საფუძვლად მსგავსი მოვლენები ჰქონდა. 1920-21 წელს მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბოლშევიკებისა და საქართველოში მათი მხარდაჭერების ძალისხმევის შედეგად დასუსტებული და დაუმთავრებელი ომებით გადაღლილი რუსეთის მმართველები დაარწმუნეს, რომ საქართველოში სამხედრო აგრესია იქნებოდა წარმატებული, რომ საქართველოში მათ ჰყავთ მნიშვნელოვანი რაოდენობის მხარდამჭერები და ა.შ.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, ანტიამერიკული ისტერიის გაღვივება და პრორუსული აქტივობების ზრდა, იქნება არა საგარეო კურსის კორექცია ან დაბალანსება, არამედ რუსეთის მოწვევა ქვეყნის დასაპყრობად.

პ.ს. მესმის, რომ 89, 92-93, 2008 წელს დაღვრილი სისხლი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს არ გადარდებთ, მაგრამ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის ბედი ადარდებთ და თავგანწირვისთვის მზად არიან, ყოველთვის იყვნენ და იქნებიან საქართველოში. თუმცა ეს უკვე სხვა სტატუსის თემაა”, -წერს გიორგი თავდგირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები