OECD – „საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“

„საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“, – ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა სასტუმრო „შერატონში“ ეკონომიკის სამინისტროს მასპინძლობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს.
OECD–ის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და ამ თვალსაზრისით, ის უდავო ლიდერია რეგიონში.
„ის, რაც OECD –ის წინასწარ ანგარიშში იყო წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს მთავრობის მიერ არჩეულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება და ფართოდ უღებს კარს საერთაშორისო კომპანიებს, რომ მათ წარმატებით განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში,“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ.
მისი თქმით, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, არის უმნიშვნელოვანესი ილუსტრაცია იმისა, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ქვეყანა საქართველო უცხოელი ინვესტორებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად.
„მათ მიერ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის, ხაზგასასმელია შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში მოზიდული ინვესტიციების კუთხით, საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. შეხვედრაზე ასევე მივიღეთ კარგი რეკომენდაციები იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და ღირსეულად წარვდგეთ OECD–ის მიერ, მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე „OECD–ის ევრაზიის კვირეული – 2020“, “ – აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.
„OECD ევრაზიის კვირეული – 2020“ (OECD Eurasia week 2020) საქართველოში 2020 წლის მარტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები