გიორგი თავდგირიძე: რასმუსენის განცხადება, ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული გზის შესახებ, მნიშვნელოვანი მესიჯია

ვფიქრობ, რასმუსენის განცხადება ნატო-ში გაწევრიანების პრაქტიკული გზის შესახებ, მნიშვნელოვანი მესიჯია და უახლოეს პერიოდში, საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს სწორედ ნატოში გაწევრიანება და ამ მოვლენით გამოწვეული დიდი ბატალიები შექმნის – ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკი გიორგი თავდგირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც თავდგირიძე აღნიშნავს, მოახლოებული არჩევნები, ნატოს გაწევრიანების ალბათობის ზრდა, განცდა რომ რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა მოხდეს, სამხედრო ძალთა ბალანსისა და ახალი ეკონომიკური რეალობის შექმნის თვალსაზრისით, უზომოდ გააქტიურებს პოლიტიკურ ძალებს და ცალკეულ ინტერესთა ჯგუფებს.
“თუ ერთმანეთთან სწორი კომუნიკაცია ვერ შევძელით, ენერგიას უაზრო კამათში დავხარჯავთ, მოვლენებს ჩამოვრჩებით და მცდარი გადაწყვეტილებით კვლავ ღიად დავტოვებთ ( უკეთეს შემთხვევაში) ქვეყნის უსაფრთხოების და ეკონომიკური განვითარების საკითხებს.
პრაქტიკულად, ქვეყნის განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა ნატო-ში გაწევრიანებაა, რომელიც მოგვცემს სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნის შესაძლებლობას. სტაბილურობა და საფრთხის მინიმალიზაცია გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და სამხედრო პოტენციალის გასაზრდელად. სხვანაირად წარმოუდგენელია ჩვენ რთულ რეგიონში როგორ შევძლებთ საკუთარი ინტერესების დაცვას ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ნატო-ში გაწევრიანება არის დასავლურ პოლიტიკაში ჩართვა და ევროპულ სივრცეში ჩვენი ინტერესების ღიად და პირდაპირ გატარების საშუალება. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ხელგაწვდილი მთხოვნელები და არა თანამონაწილენი. ახლა ამ ეტაპზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შიდა წრეში შევაღწიოთ, დანარჩენი უკვე ჩვენ გარჯაზე და გონიერებაზე იქნება დამოკიდებული, არც ერთი გვაკლია და არც მეორე პოტენციურად. დღეს რუსეთს ველაპარაკებით როგორც მისი ყოფილი კოლონია, ვალდებულები ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხვალ ვილაპარაკოთ, როგორც დასავლური სამყაროს ძლიერმა სახელმწიფომ.
ამიტომ, სერიოზულად უნდა განვიხილოთ გაჟღერებული მესიჯი და უსწრაფესად მივაღწიოთ კონსენსუს. მე-5 პუნქტის არ გავრცელება დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის გზა ევროპელი სკეპტიკოსების გადასარწმუნებლად. ამ ეტაპზე ეს არის მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, დიდი ენერგია და რესურსი გვაქვს დახარჯული ევროინტეგრაციის გზაზე და შედეგის არ მიღება დანაშაული იქნება მომავალი თაობების წინაშე”, -წერს გიორგი თავდგირიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები