თინა ხიდაშელი: ნატო-ში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე ერთადერთი პრაგმატული გზაა

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატოში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე, დღეს არის ერთადერთი პრაგმატული გზა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ამის შესახებ ხიდაშელმა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
თბილისში, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მყოფმა რასმუსენმა თქვა, რომ “თუ ერთ დღეს ჩვენ გადავწყვეტთ, რომ საქართველო მზად არის, შეუერთდეს ალიანსს, ჩვენ ასევე უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ კვლავ ქმედითია მეხუთე მუხლი, რომელიც ნატოსგან ითხოვს საქართველოს დახმარებას, თუ საქართველოს თავს დაესხმებიან. აშკარაა, რომ გადაუწყვეტელი სასაზღვრო დავები რუსეთთან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის პრობლემა. კითხვა შემდეგია – როგორ შეიძლება ამის მოგვარება. ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს საქართველოს შიგნით, მოისურვებთ თუ არა ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატოს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ნატოში ჩვენ ასევე უნდა ვუპასუხოთ იგივე კითხვას“.
ხიდაშელის განმარტებით არავის არასოდეს არ უთქვამს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის გარეშე, უბრალოდ ნატოს მე-5 მუხლი მხოლოდ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელდება.
„ეს არის არასწორი, შესაძლოა შეგნებულად მახინჯი ინტერპრეტაცია იმის რასაც ჩვენი მეგობრები ამბობენ. საქართველოს ნატოში შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე მე-5 მუხლის გავრცელების გარეშე დღეს არის ერთადერთი პრაგმატული გზა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. არავის არასოდეს არ უთქვამს აფხაზეთის ან სამხრეთ ოსეთის გარეშე. კიდევ ერთხელ არავის, არასოდეს! – იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა ნატოში წევრობა არის ერთადერთი გამოსავალი! – იმისათვის, რომ აღვადგინოთ ერთიანი ქვეყანა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ნატო და ევროკავშირი არის ერთადერთი სწორი პასუხი!,-დაწერა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის აზრით, საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე და მეხუთე მუხლმა მხოლოდ ის ტერიტორია მოიცვას, რომელსაც მთლიანად აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები