პესიმისტური მოლოდინები არ გამართლდა – სამშენებლო სექტორს ბრუნვა 6.3 %-ით გაეზარდა

ბიზნეს წრეებში და ეკონომისტთა ერთ ნაწილში არსებული მოლოდინები, რომ იანვარში ამოქმედებული ახალი საბანკო რეგულაციები სამშენებლო სექტორს დააზარალებდა, არ გამართლდა.
საქსტატის მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში სამშენებლო სექტორის ბრუნვა 6.3 %-ით გაიზარდა. თითქმის 42 %-იანი ზრდა დაფიქსირდა მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებითაც. საერთო ჯამში, სამშენებლო სექტორის ბრუნვამ მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში 1, 877.8 მილიარდ ლარს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 106,6 მილიონი ლარით გაიზარდა. 1 873.1 მილიარდი ლარიდან 2 023.2 მილიარდ ლარამდე გაიზარდა გამოშვებული პროდუქციის მაჩვენებელიც.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის მოსაზრებით, მიმდინარე წელს ქვეყნის მშპ-ს ზრდაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სწორედ სამშენებლო სექტორი იყო.
“სამშენებლო სექტორი, ბოლო ეკონომიკურ ზრდაში, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი იყო, რაც არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ამ რეგულაციამ ეს სექტორი დააზიანა. პირიქით, ამ რეგულაციამ ეს სექტორი გააჯანსაღა.
თუ შევხედავთ საცალო პროდუქტებს, წლიური ზრდა იყო საკმაოდ კარგი, პორტფელის ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო იპოთეკური სესხები. წლიური ზრდა იყო 24,4%, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია”,- აცხადებს კობა გვენეტაძე
ოფიციალური სტატისტიკით, სამშენებლო სექტორში გაიზარდა ხელფასები და დასაქმებულთა რაოდენობაც. 2019 წლის მეორე კვარტალში საშულო თვიურმა ანაზღაურებამ სამშენებლო სექტორში 1, 784.6 ლარი შეადგინა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, გასულ წელთან შედარებით ანაზღაურება თითქმის 200 ლარით არის გაზრდილი. უმნიშვნელოდ, თუმცა გაზრდილია სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც. 2018 წლის მეორე კვარტალში სამშენებლო სექტორს 68 794 კაცი ჰყავდა დასაქმებული. მიმდინარე წელს ეს რიცხვი 68 895-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში, დადასტურებული შემოსავლების გარეშე, ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემა შეიზღუდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები