ტურიზმი საქართველოსა და აზერბაიჯანში – აწმყო და მომავალი
აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ თვეში საქართველოდან ჩასული ტურისტების რაოდენობა აზერბაიჯანში 23 %-ით გაიზარდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზერბაიჯანი საქართველოს 76 ათასით მეტმა მოქალაქემ მოინახულა.
8.8%-ით გაიზარდა საქართველოში აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობაც. საქართველოს მსგავსად ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანს რუსეთიდან სტუმრობს. მაგალითად, ივლისში აზერბაიჯანი 365 ათასმა უცხოელმა მოინახულა და აქედან 128 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე იყო. საერთო ჯამში, მიმდინარე წლის 7 თვეში აზერბაიჯანს მილიონ 800 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს დაახლოებით 7 %-ით აღემატება.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, აზერბაიჯანში ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 23 %-ით გაიზარდა,ხოლო დსთ-ს ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადის ზრდამ მხოლოდ 5 % შეადგინა. განსაკუთრებით, დაახლოებით, 80 პროცენტით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ცენტრალური აზიისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ტურისტების 59 % აზერბაიჯანში ავტომობილის ან რკინიგზის საშუალებით ჩადის, 40 % უპირატესობას ავიაციას ანიჭებს.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 25 პროცენტით 2 მილიონ 540 ათასამდე არის გაზრდილი საზღვარგარეთ წასული აზერბაიჯანელი ტურისტების რაოდენობაც. 71 %-ით გაიზარდა იმ აზერბაიჯანელების რიცხვი, რომლებიც სამოგზაუროდ ირანს ირჩევენ. 7,3 %-ით გაიზარდა რუსეთში წამსვლელთა რაოდენობა.
აზერბაიჯანელი ეკონომისტების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მსგავსად ტურისტების რაოდენობა აზერბაიჯანშიც იზრდება, ჯერჯერობით აზერბაიჯანი ეკონომიკის ამ სეგმენტში საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. როგორც zerkalo. Az -ს ეკონომისტმა რავშან აგაევმა განუცხადა, აზერბაიჯანის მშპ-ში ტურისტული სექტორის წილი 2,8 %-ს არ აღემატება, მაშინ როცა საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 7 %-ია. აგაევის ინფორმაციით, გასულ წელს საქართველომ ტურიზმიდან 23 %-ით მეტი შემოსავალი მიიღო, ვიდრე აზერბაიჯანმა და ეს მაშინ, როცა აზერბაიჯანში ერთი ტურისტი საშუალოდ 200 დოლარით მეტს ხარჯავს, ვიდრე საქართველოში. აგაევის განმარტებით, ამის ერთ – ერთი მიზეზი ისაა,რომ საქართველოს ევროკავშირის და სხვა
განვითარებული ქვეყნებიდან უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს, ვიდრე აზერბაიჯანს. მაგალითად გასულ წელს, აგაევის განცხადებით საფრანგეთიდან, იტალიიდან, ჰოლანდიიდან და გერმანიიდან აზერბაიჯანში სულ 40 ათასი ტურისტი ჩავიდა, მაშინ როცა ამ ქვეყნებიდან საქართველოს 150 ათასი ტურისტი ჰყავდა. აგაევის შეფასებით, ჯერჯერობით აზერბაიჯანი საქართველოსთან კონკურენციას აგებს და აუცილებელია, რომ აზერბაიჯანმა ტურისტული ნაკადების დივერსიფიცირებაზე იფიქროს.
რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, აზერბაიჯანის ტურისტული ბიუროს გენერალურ დირექტორს, ფლორიან ზენგშმიდტს იმედი აქვს, რომ 2028 წლისათვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები აზერბაიჯანში 10,6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
„ თუ World Travel & Tourism Council-ის პროგნოზები გამართლდება, 2028 წლისათვის ტურიზმის წილი აზერბაიჯანის მშპ-ში 19,3 %-ს გადააჭარბებს“, – აცხადებს ფლორიან ზენგშმიდტი.