„გავაცოცხლოთ ლელთ ღუნიას სოფელი“ – იმედიანი გზა, ტაო-კლარჯეთის საკრალური სივრციდან გაიბოტენის ფესტივალამდე

0

სნო მისი ბავშვობის სოფელია. აქედან დაიწყო როგორც ხელოვნების, ისე ქართული სიძველეების, კონკრეტულად ქართული ტაძრების ინტერესი. მაგისტრატურაში ჩაბარების პარალელურად, ტაოკლარჯეთის ძეგლების კვლევით პროექტში ჩაერთ, 2015 წელს კი, ქართველებით დასახლებულ რეგიონებში მუშაობდა…
არასამთავრობო ორგანიზაციალომეკის დამფუძნებელია, რომელიც ყაზბეგის კულტურის ძეგლების კვლევას და პოპულარიზებას ემსახურება. მისი ავტორობით გამოიცაყაზბეგის გზამკვლევი“...
14 სექტემბერს კი, გაიბოტნობა გაიმართება, რომლის სლოგანია: „გავაცოცხლოთ ერთი დღით სოფელი გაიბოტენი“. ეს ლელთ ღუნიას სოფელია...
მისი ინიციატივით, გაიბოტენის სიძველეების შესახებ საგანგებოდ ფესტივალისთვის გამოცემა მომზა. მისი სამომავლო გეგმები შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების კვლევის საკითხებს უკავშირდება. – ხელოვნებათმცოდნე ანი გელაშვილის პერსონა.

 – დავიბადე მოქანდაკის (მამა) და პედაგოგის ოჯახში, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში, ჩემი ბავშვობა ჩემს ძველ და ლამაზ სოფელს და იქაურ მოგონებებს უკავშირდება. ეს იყო მოუსვენარი, ხალისიანი ბევრი თამაშის ბავშვობა. ყველაზე კარგად ბავშვობიდან ჩვენს ოჯახში მოსული უამრავი სტუმარი მახსოვს, ძალიან საინტერესო ადამიანები – მამის მეგობრები, ხელოვანები და არა მხოლოდ ისინი, ეს ის ხალხი იყო და არის, რომელთაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემზე და ჩემს ბავშვობასაც მათთან ერთად მოვიაზრებ ხოლმე.

კოლაში, არტაანის პროვინცია

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ხართ
– ჩემი პროფესიის არჩევაც, ვფიქრობ, ამ გარემომ განაპირობა, მამის ნამუშევრები, ის წიგნები, რომლებიც ოჯახში იყო, ყოველთვის მაინტერესებდა, ყოველთვის მიზიდავდა სიძველეები და მაინტერესებდა, კონკრეტულად ქართული ტაძრები და მათი სივრცე.
ილიაუნის მაგისტრი ხართ და საკვლევი თემატიკა ტაოკლარჯეთის ხურთმოძღვრების თემატიკას უკავშირდება
– ძალიან გამიმართლა და, მაგისტრატურაში ჩაბარების პარალელურად, ტაო-კლარჯეთის ძეგლების კვლევით პროექტში ჩავერთე, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებდა თემურ ხუციშვილის ხელმძღვანელობით.
ეს იყო თურქეთში მდებარე ქართული კულტურის ძეგლების კვლევის პროექტი, რომლის კონსულტანტიც გახლდათ ჩემი და არა მხოლოდ ჩემი უსაყვარლესი პედაგოგი, ჩვენი ეპოქის გამორჩეული პიროვნება, აწ განსვენებული დიმიტრი თუმანიშვილი, სწორედ მასთან ერთად ვმუშაობდი ეს ხანი. ის იყო, ამავე დროს, ჩემი ხელმძღვანელიც.

იმერხეველი პაპები

პროექტზე მუშაობისას ისტორიულ შავშეთში გამოვლინდა უცნობი ძეგლი – ბალვანას მონასტერი, რომელიც ჩემი სამაგისტრო თემაა. ტაო-კლარჯეთი ჩემთვის ყოველთვის იყო დიდი  საკრალური სივრცე და აქ კვლევითი სამუშაოების საშუალება მომეცა  და მომავალშიც ვგეგმავ.
გამოიცა კიდეცგზამკვლევი ისტორიული საქართველოს მიწაწყალზე“…
იმის გარდა, რომ ახალი ტაძრები აღმოაჩინეთ, რით იყო კიდევ მნიშვნელოვანი ექსპედიციები ტაოკლარჯეთში?
– ტაო-კლარჯეთში მოგზაურობა, უპირველესად, იყო შეხება ისტორიასთან, ჩვენს წარსულთან, ეს იყო უცნობ ძეგლებთან შეხვედრის ემოცია, რომელიც უფრო მძაფრია, როდესაც უცხოობაში ნახულობ მათ, და ადამიანებთან, რომელნიც ამ ხნის მანძილზე შემოგვხვდნენ. ესენი იყვნენ თურქები, ქურთები, ძალიან კეთილი ადამიანები, რომლებიც ხშირად უანგაროდ გვეხმარებოდნენ.
განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო 2015 წელი, როდესაც ქართველებით დასახლებულ რეგიონებში გვიწევდა მუშაობა. ეს იყო განცდა, თითქოს დრო გაჩერებულიყოს, თითქოს ეს ხალხი საუკუნეები არ იყოს დაგვეკარგა. ისინი საოცარი ქართულით საუბრობენ და ეამაყებათ, რომ გურჯები არიან, განსაკუთრებით გავიხსენებ მოხუცებს, რომელთაც უჭირდათ ცრემლების შეკავება ჩვენი ნახვისას, გვფერებოდნენ და უძნელდებოდათ ჩვენთან განშორება…

გურჯი პოეტი ისმაილი, სოფელი ბელტიეთი

ჩემი ფოტოარქივი თითქმის ყველა მათგანის სახეს ინახავს… აგრეთვე დღიური, რომელშიც ამ შეხვედრების შესახებ ვწერდი, ოდესმე მინდა დავწერო ამაზე. აქ გავიცანი უამრავი ახალგაზრდა გურჯი, რომლებთანაც დღესაც ვმეგობრობ.
არასამთავრობო ორგანიზაციალომეკის დამფუძნებელი ხართ, რომელიც ყაზბეგის კულტურის ძეგლების კვლევას, და პოპულარიზებას ემსახურება. თქვენი ავტორობით გამოვიდაყაზბეგის გზამკვლევი“...
– ორგანიზაცია „ლომეკი“თანამოაზრეებთან ერთად დავაფუძნე, როგორც საშუალება, ჩემი ჩანაფიქრების განხორციელებისთვის. ეს ჩანაფიქრები კი ჩვენი საყვარელი ხევის კულტურული მემკვიდრეობის კვლევას და პოპულარიზებას უკავშირდებოდა.
სტუდენტობიდან მინდოდა, გამეკეთებინა რაიმე გამოცემა ხევის ძეგლებზე. ეს სურვილი არ გამნელებია და მთელი ამ ხნის მანძილზე ვაგროვებდი მასალებს ხევზე, მაშინაც კი, როდესაც სხვა თემებზე ვმუშაობდი.

იმერხეველებთან

ისე მოხდა, რომ დაგროვდა საკმაო მასალა, თანამოაზრეებთან და, ამავე დროს, ამ საქმის პროფესიონალებთან ერთად განვახორციელეთ პროექტი – „ყაზბეგის გზამკვლევი“, რომელიც საკმაოდ შრომატევადი და ინფორმაციული აღმოჩნდა. პროექტს ევროკავშირმა დაუჭირა მხარი, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვართ.
გზამკვლევი პირველი გამოცემაა, რომელიც შეიცავს მასალას ხევის კულტურის ძეგლების, ბუნების ძეგლების, ტურისტული ობიექტების შესახებ, აგრეთვე მისი ენდემების და ტურისტული სერვისების შესახებ. აქამდე არ არსებობდა მსგავსი გამოცემა, სადაც თავმოყრილი იქნებოდა მრავალფეროვანი მასალა ამომწურავი ინფორმაციით და მაღალი ხარისხის ფოტომასალით.
მანამდე იყო ხევის რუკა, რომელიც არანაკლებ შრომას მოითხოვდა. ამ გამოცემაში შევეცადეთ, დავიწყებული (სამხედრო გზის თუ სხვა ისტორიული მოვლენების გამო) ისტორიული სახელწოდებები დაგვებრუნებინა და რაღაც დონეზე მოვახერხეთ კიდეც.
ეს რუკა ერთვის გზამკვლევს, თანაც მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცემა ინგლისურ ენაზეა.
სულ მალე გაიბოტენობა გაიმართება, რომლის სლოგანია: „გავაცოცხლოთ ერთი დღით სოფელი გაიბოტენი“. ეს ლელთ ღუნიას სოფელია... ყაზბეგის სოფელ გაიბოტენის სიძველეების შესახებ საგანგებოდ ფესტივალისთვის გამოცემა მომზადეთ
– გაიბოტენობის იდეა „ლომეკში“ დაიბადა, ჩვენი წევრების – იაგო კაზალიკაშვილის (სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმის დირექტორი) და გიორგი ზაგაშვილის მიერ. მათ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამ სოფელზე ბევრი ჰქონდათ ნაფიქრი, გაახმოვანეს ეს იდეა და შემდეგ დავხვეწეთ, ვიფიქრეთ ფორმაზე, შინაარსზე და ლაგში (ყაზბეგის განვითარების ჯგუფი) მეგობრებს ვუთხარით, მათგან წამოვიდა მხარდაჭერა და შემდეგ ჩაერთო დონორი ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდი“, შემოგვიერთდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიაც, სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმი და თავად სოფლის მოსახლეობა.
გაიბოტნელები დღეს მეზობელ სოფელ არშაში ცხოვრობენ, ისინი გადმოასახლეს მეოცე საუკუნის ნახევარში, აქ ქვის კარიერის არსებობის გამო, რამაც ძველი სახე შეუნარჩუნა სოფელს.

ბალვანას მონასტერი, შავშეთი

ფესტივალი „გაიბოტენობა“ ეძღვნება ისტორიული სოფლის – გაიბოტენის აღდგენა-რეაბილიტაციის იდეას, მისი, როგორც არქიტექტურული კომპლექსის აღდგენას თავდაპირველი იერ-სახის შენარჩუნებით.
გაიბოტენი − ისტორიული სოფელია, სადაც შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების საკულტო, საცხოვრებელი, სათავდაცვო და სამეურნეო ნაგებობები.
გაიბოტენი წარმოადგენს მთის სოფლის პირვანდელი სახის მშვენიერ ნიმუშს, რომლის აღდგენა და გაცოცხლება ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის, გადარჩენისა და პოპულარიზებისათვის ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, ხოლო სამომავლოდ მისი სოფელ-მუზეუმად გადაქცევა ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს, რაც ერთგვარი მოდელი იქნება ყაზბეგის (ხევის) არაერთი ძველი სოფლისა თუ ნასოფლარის გადასარჩენად. ასე რომ, ერთად გავაცოცხლოთ ლელთ ღუნიას სოფელი…
სოფელში უამრავი სიძველეა, რომლის შესახებაც ქართულ- ინგლისური გამოცემა მოვამზადეთ.

გაიბოტენი

– როგორც მოხევე, უწინარესად, რა პრობლემის მოგვარებას ისურვებდით?
– ყაზბეგი საქართველოს მთის ყველაზე განვითარებული და დასახლებულია, აქ ტურიზმის განვითარებამ დიდწილად განაპირობა კუთხის განვითარება, თუმცა, ამავე დროს, წარმოშვა სხვა პრობლემები. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ისტორიული ძეგლების პირვანდელი სახით შენარჩუნებაა.
ჩვენ თვალწინ ნადგურდება ძველი სახლები და მათ ბეტონის ნაგებობები ანაცვლებს, იცვლება სოფლების განაშენიანების სახე, რაც აქაურობას მთის სოფლის სახეს უკარგავს.
თუ ასე გაგრძელდება, ცოტა ხანში მივიღებთ 21-ე საუკუნის უსახური ნაგებობების მთელ რიგს და დაიკარგება ჩვენი უნიკალური განაშენიანების სოფლები, აქა-იქ შემორჩენილი თითო-ოროლა ბრწყინვალე ნიმუშები.
 გერგეტის სამებასთან გზ დაგებამ და პარკინგმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია...
– გერგეტის სამებასთან გზის დაგება გარდაუვალი აუცილებლობა იყო, ამაზე არავინ დავობს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ძეგლი თავისთავად ეწერება იმ გარემოში, რომელშიც ის დგას, მორგებულია ლადშაფტს, სადაც უხეშად შეჭრა არღვევს მის მთლიანობას.
ვფიქრობ, შეიძლებოდა გამოსავლის მოძებნა, რომ გზა უშუალოდ იმ მინდორზე სხვა სახით დაეგოთ.
აპირებთ მესამე ეტაპზე სწავლის გაგრძელებასკონკრეტულად რა თემაზე იმუშავებთ?
– სამომავლო გეგმები შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების კვლევის საკითხებს უკავშირდება. თუკი ამ სფეროში სამომავლოდ რამეს გავაკეთებ, ჩემი საყვარელი პედაგოგის, დიმიტრი თუმანიშვილის ხსოვნას მივუძღვნი, ეს მაძლევს ძალას და მაიმედებს…
ჰობი...
– მოგზაურობა და მოგზაურობა…
რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– გამოვიყენებდი იმ ბედნიერ მომენტს, რაც განგებამ მიბოძა და უფრო ხშირი ურთიერთობა მექნებოდა დიმიტრი თუმანიშვილთან. რაც ის წავიდა, საშინლად ვნანობ ყველა გაცდენილ დროს… იგი სრულიად უნიკალური ადამიანი იყო, რომელმაც განსაზღვრა ბევრი რამ ჩვენი, მისი სტუდენტების ცხოვრებაში, და კიდევ, რამდენიმე ადამიანს საერთოდ არ შევხვდებოდი, თუმცა მჯერა, რომ ყველა მათგანმა რაღაც მასწავლა.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

გაიბოტენი

გაიბოტენი

შავშეთი. სოფელი სხლობანი

შემოდგომა. კლარჯეთი

მურღული, ართვინის პროვინცია

ყვავილობა. სადღაც სინკოთთან, ისტორიული შავშეთი

კომენტარები

კომენტარი