„ერთი სული მაქვს, როდის შემოვძახებ „ლალეს“ სამაჩაბლოში“…

სამაჩაბლოში, სოფელ აჩაბეთში გაიარა მისმა ბავშვობამ. ეს ყველაზე  ლაღი წლები იყო.
2008 წლის აგვისტოს  მოვლენების შემდეგ მისი ოჯახი მეორედ  გახდა  ევნილი საკუთარ  ქვეყანაში (1991 წელს ცხინვალიდან გამოძევეს).  ოჯახი  გორში დასახლდა,   მან კი  სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელ. უნივერსიტეტი  2013 წელს დაამთავრა, დიპლომატიური განხრით, აქვს – მეორე ხელოვნებათმცოდნის სპეციალობაც.
12 წლის ასაკში პირველად გაემგზავრსაზღვარგარეთ, იტალიაში მსოფლიო ფოლკლორის დღეებზე და წარმატებით დაბრუნდა…  არის უამრავი ფესტივალსა და კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი და გამარჯვებული.
2006 წელს გაიმარჯვა მუსიკალურ პროექტში ჯეოსტარი“. მღეროდა ანსამბლებში – „ლომჭაბუკი“, „მაჩაბელა...
ამჟამად მღერის ანსამბლებში – „ლიახვიდა ორველა“. როგორც მომღერალს, აქვს საინტერესო შემოთავაზებები და სამაჩაბლოში დაბრუნებაზე ოცნებაც არ დაუკარგავს.
პარალელურად, ქურთის გამგეობაში სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების უფროსია. მუნიციპალიტეტი ეხმარება დევნილ მოსახლეობას, ასევე ახალგაზრდებისთვის მრავალი საინტერესო პროექტი ხორციელდება.  – მომღერალ თინათინ ჭულუხაძის პერსონა.

– დავიბადე თბილისში, 1991 წლის აგვისტოში. ძალიან უჭირდა ქვეყანას, დაძაბული ვითარება იყო. დაკარგული ცხინვალი, დევნილი მშობლები…   5 წლის რომ გავხდი, მშობლებმა გადაწყვიტეს, აჩაბეთში, პაპისეულ სახლში გადასვლა. ზემო აჩაბეთში დავიწყეთ ცხოვრება.  ძალიან ბედნიერი და ლაღი ბავშვობა მქონდა, თუმცა კონფლიქტი თავის დაღს ასვამდა ყველაფერს.  დაძაბულობა მაინც სულ იყო, ძირითადად, ზაფხულის პერიოდში იგრნობოდა.  12 წლამდე ვსწავლობდი სოფელ აჩაბეთში.
– პირველი წარმატება ჯერ კიდევ მაშინ მოიპოვეთ…
– პროექტი „გაზაფხულის ზარები“ დაიწყო, ჟიურის წევრები ჩამოვიდნენ სოფელ თამარაშენში, სადაც შესარჩევი კონკურსი ჩატარდა.  მაია დათუნაშვილი და ოთხი გია იყო ჟიურიში, მოეწონათ ჩემი სიმღერა და  მითხრეს, რომ პირველ შესარჩევ ტურში გავიმარჯვე, შემომთავაზეს თბილისში, შემდეგ ტურში გამოსვლა.
ასე ავიღე პირველი ადგილი  „გაზაფხულის ზარებში“… მუსიკალური წინსვლის და წარმატებების გამო ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ აჩაბეთიდან თბილისში გადმოვსულიყავი. გადმოვედი თბილისში,  165-ე საჯარო სკოლაში განვაგრძე სწავლა.
– 12 წლის ასაკში  იტალიის ფოლკლორის დღეებზეც მიგიწვიეს…
– სკოლაში მისვლისთანავე ვმონაწილეობდი სხვადასხვა ღონისძიებებში. ერთ-ერთ შემოქმედებით საღამოზე მიმიწვიეს იტალიის ფოლკლორის დღეებზე, სადაც დიდ წარმატებას მივაღწიე.
– ამასობაში 2008 წელი მოახლოვდა… თქვენმა ოჯახმა მეორედ იწვნია ომი და დევნილობა…
– როცა უკვე ლიახვის ხეობაში, სოფელ აჩაბეთშიც დავკარგეთ სახლი, ჩემი მშობლები გადმოვიდნენ თბილისში, მაგრამ ვერ ეგუებოდნენ თბილისს, მაინც უნდოდათ სოფელთან ახლოს ყოფილიყვნენ. ამიტომ  გორში იყიდეს ბინა და მტკვრის პირას, ბარნოვზე დასახლდნენ. შემდეგ იქ ჩემი ძმა დარჩა და მშობლები კარალეთში დაბინავდნენ. თუმცა მაინც მაინც გული სულ იქით უწევთ, სოფელ აჩაბეთისკენ.
– 2006 წელს გაიმარჯვეთ მუსიკალურ პროექტში ჯეოსტარი“. ხართ გრანპრისა და უამრავი პირველი ადგილის მფლობელი ფესტივალებში,  კონკურსებსა და დელფიადებში
– „ჯეოსტარის“ ყველაზე მცირეწლოვანი 15 წლის კონკურსანტი ვიყავი, ამ პროექტში მონაწილეობას არ ვაპირებდი, რომ არა ჩემი ანსამბლის ხელმძღვანელი. იმ დროს უკვე ვმღეროდი ანსამბლ „ლომჭაბუკში“, რომლის ხელმძღვანელი არსენ აზალაძე იყო და  სამაჩაბლოდან დავდიოდი გორში რეპეტიციებზე.
არსენის დაჟინებული მოთხოვნით ჩავედი გორში. რომ დავინახე  „ჯეოსტარის“ ბანერები,  დავიბენი, არ ვთვლიდი, რომ ასეთი  მაღალი დონის კონკურსში მონაწილეობის შესაბამისი მონაცემები მქონდა. არსენი მეუბნებოდა, შენ გაქვს ყველანაირი მონაცემი, რომ ამ კონკურსში წარმატებას მიაღწიოო.  ძალით შემიყვანა, ასე ვთქვათ, შესარჩევ ტურზე. ჟიურიში მარინა ბერიძე, ნიკა მემანიშვილი და ნატო მეტონიძე იყვნენ. ამიყვანეს შემდეგი ტურისთვის.
ავიდან ხშირად ვყოფილვარ კონკურსებში აუტსაიდერი, მაგრამ, როგორც ჟიურის ფავორიტი, ბოლოს ვიმარჯვებდი. აქაც ასე მოხდა, გულშემატკივართა რიცხვმა ბოლო ტურებში ძალიან იმატა და ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე გულშემატკივრებისა და ღმერთის წყალობით.
2007 წლისპატრინოტისკონკურსზე ციცინო ბაბუციძის ლექსზე „ჩემი ბავშვობის არაკო“ დაწერილ სიმღერას დიდი წარმატება ხვდა  წილად 
– სიმღერის ავტორია ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი დალი დოიჯაშვილი.  ,,პატრინოტის“ კონკურსზე,  ციცინო ბაბუციძის ლექსზე დაწერილი სიმღერა ვიმღერე და მიხარია, რომ სამაჩაბლოელები ავტორების სიმღერას დიდი წარმატება ხვდა წილად.
– ამჟამად ანსამბლ „ლიახვში“  მღერით… კიდევ რომელ ანსამბლებთან ერთად გამოდიხართ?
– ვმღერი ვაჟთა ფოკლორულ ანსამბლ „ლიახვში“, სადაც  ყველა ვაჟია და ერთი სოლისტი გოგონა ვარ.  მიხარია, რომ  ჩემს ხალხთან ერთად ვარ… ანსამბლ „ლიახვს“ დავით ელბაქიძე ხელმძღვანელობს მეუღლე მანანა ელბაქიძესთან ერთად.  ანსამბლი „ლიახვი“ დიდ ეროვნულ საქმეს ემსახურება.
თემურ ქევხიშვილის მიწვევით, ასევე, ვმღერი ანსამბლ „ოროველასთან“ ერთად…
ვმღეროდი სოლისტად ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „ლომჭაბუკთან“ ერთად (შემდგომში – გორის ანსამბლი), ვაჟთა ფოკლორული ანსამბლის შემადგენლობა დავარღვიე და  ერთი გოგონა შევეპარე, ლომჭაბუკებს – ლომქალა. ვიყავი ანსამბლ „მაჩაბელას“ ინდივიდუალური შემსრულებელი.
– 15 წლის იყავით,  პირველი ალბომი რომ გამოვიდა… მრავალი ქართველი კომპოზიტორი წერს თქვენთვის სიმღერებს… იმედია, თქვენც ქმნით სიმღერებს…
– სიმღერებს არ ვწერ, თუმცა ვმღერი  არაჩვეულებრივი კომპოზიტორების არაჩვეულებრივ სიმღერებს.
მრავალი არაჩვეულებრივი კომპოზიტორის  სიმღერის შემსრულებელი ვარ, ალბომიც გამოვიდა „მხოლოდ შენ“, რომელიც 15 წლის ასაკში, 2007 წელს „ჯეოსელის“ დაფინანსებით  ჩავწერე. ეს დიდი ბედნიერება იყო, რომ  წილად მხვდა ალბომის გამოცემა, რომელშიც 10 სიმღერა შევიდა. მოგეხსენებათ, მრავალი კარგი მომღერალი ოცნებობს ალბომზე.
ძირითადად, ძველი სიმღერების ახლებური ვარიაცია ჩავწერე, ყველა კომპოზიტორი  თანახმა იყო, რომ ეს სიმღერები ჩემებური ინტერპრეტაციით შემესრულებინა.
ამჟამად ჩემი საქმიანობა მთლიანად ფოლკლორს ეძღვნება, ჩემი სული და გულია. უფოლკლოროდ სიცოცხლე არ შემიძლია. როცა ხალხურ სიმღერებს ვმღერი, ვცოცხლდები…
– ჭულუხაძეების შემოქმედებით ოჯახში დაიბადეთ… მამა – ჯემალ ჭულუხაძე ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია…
– ჩვენს ოჯახში თითქმის ყველა წევრი მღერის. მამას ხმის კარგი ტემბრი აქვს, ასევე ჩემს ძმასაც, მაგრამ გიო პაპა არაჩვეულებრივად მღეროდა და ხალხურ საკრავებსაც  ამზადებდა.
მამა მღერის, ლექსებს წერს. დედა –  ლალი ჭულუხაძე, ცხინვალში თეატრის ტექნიკური რეჟისორი იყო. დევნილობამდე  მშობლებს უზრუნველი, ბედნიერი ცხოვრება ჰქონდათ.
მამა  შემოქმედებითი ბუნების ადამიანია. ოჯახიც შემოქმედებითი  გვქონდა,  აჩაბეთში ყოველ საღამოს ვმღეროდით, ვცეკვავდით, დიდ მისაღებ ოთახში მამა წაგვიკითხავდა რაიმე ნაწარმოებს და ვმსჯელობდით, განვიხილავდით. ეს ყველაფერი ძალიან ლამაზად მახსენდება.
ძმა – ზურაბი 4 ვაჟის მამაა, პოლიციაში მუშაობს, სამშობლოს სადარაჯოზეა. მღერის, გიტარაზე უკრავს, რძალსაც არაჩვეულებრივი ხმის ტემბრი აქვს.
და – ჯეინ ჭულუხაძე ექიმია.  სამედიცინო სფეროში არაჩვეულებრივია, მაგრამ სიმღერა არ ეხერხება და სულ ამბობს, რომ მამისგან სიმღერის გენეტიკური კოდი  შენ გადმოგეცაო. ჩემი და ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.
– ქურთის გამგეობაში სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების უფროსი ხართ… რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?
– ეს არის დიდი ლიახვის ხეობის სამაჩაბლოს მუნიციპალიტეტი. ძირითადად, 2008 წლის ომის შემდგომ იძულებით გადაადგილებულ პირებს ვეხმარებით. სამწუხაროდ, ჩვენი ტერიტორია, ის ადგილი, სადაც ვცხოვრობდით,  ოკუპირებულია. იურისდიქციის აღდგენამდე ჩვენი ოფისი მარჯანიშვილზე მდებარეობს.  ვცდილობთ, რა მატერიალური რესურსიც გვაქვს, მაქსიმალურად დავეხმაროთ დევნილებს.
სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილება, ძირითადად, ვატარებთ  ღონისძიებებს ახალგაზრდებისთვის. ბავშვები და ახალგაზრდები მიგვყავს მუზეუმებში, თეატრებსა და კინოთეატრებში, ექსკურსიებზე – კულტურულ-ისტორიული ძეგლების გასაცნობად. მაგალითად, 1 სექტემბერს ვგეგმავთ, მინიფეხბურთის ტურნირის მოწყობას გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში. ტურნირი ეძღვნება 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად გარდაცვლილ იმედა კახნიაშვილს.
– რას ფიქრობთ შიდა ქართლის დღევანდელ სავალალო მდგომარეობაზე…  ალბათ იქ დარჩა თქვენი საუკეთესო მოგონებები… როგორ გესახებათ მშობლიურ სამაჩაბლოში  დაბრუნების გზები?
როგორც მარტივად ერთი თვალის დახამხამებაში გაქრა, აღიგავა პირისაგან მიწისა ყველაფერი – უდარდელი ბავშვობა, ბედნიერი წარსული, ვფიქრობ, შეიძლება ასევე უცებ, გათენდეს დღე და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ შეიცვალოს და დავბრუნდეთ.
არასოდეს დამიკარგავს ამის იმედი. ხშირად მეუბნებიან, ძალიან გჯერა ზღაპრებისო და მწყინს, რადგან მეც ჩემს შვილებს იმ შეგნებით ვზრდი, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ერთი გოჯი მიწაც კი.
მე სამაჩაბლო არ ჩამითვლია დაკარგულად,  ის მიწა დროებით არის სხვის კლანჭებში, თორემ ვიცი, რომ აუცილებლად დავბრუნდებით და ერთი სული მაქვს, როდის შემოვძახებ იქ „ლალეს“.
– ოჯახი, შვილები…
– მყავს მეუღლე ზაალი, შვილები – მათე და თომა მასტიაშვილები. ზაალი სახელმწიფო სამსახურშია, ძალიან საინტერესო და გამორჩეული ბუნების ადამიანია, უყვარს  სამშობლო, ოჯახი. მეუღლე არ მღერის, მაგრამ არაჩვეულებრივი მსმენელია.
ჩემი პატარა ბიჭები მღერიან, კარგი სმენა აქვთ, ვნახოთ, სამომავლოდ, რას იზამენ.  ვცდილობ, სიყვარული ჩავუნერგო და მოვახრხოთ, რომ  ტრიო მაინც შევქმნათ.
– ჰობი…
– მრავალი ჰობი მაქვს. ჩემი ცხოვრება არის მთლიანად მუსიკა. ძალიან მიყვარს თეატრი, როცა დრო მაქვს, მივდივარ სპექტაკლის საყურებლად.
მიყვარს ოჯახთან ერთად გასეირნება.
– სახლი აჩაბეთში დარჩა…
– ჯერ გაძარცვეს და შემდეგ დაანგრიეს სახლები. არავინ ვიცით, იქ რა ხდება და ვერც ვიხედებით. როცა გორის გზაზე, კარალეთთან, მოვდივართ, გავხედავ კავკასიონს და მახსენდება, სოფელში წასვლისას მამა დაგვანახებდა ხოლმე დათოვლილ კავკასიონს. იქიდან სხვანაირი ჰაერი მოდიოდა. ნოსტალგია მომაწვება, როცა იქით მივდივარ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევდივართ.
– ბოლო დროს ახალი სიმღერები ჩაწერეთ…
– სიმღერების  ჩაწერას ეტაპობრივად ვახერხებ. ნელ-ნელა ვქმნი ახალ რეპერტუარს, თუმცა ინტენსივობით ვერა.
რამდენიმე თვის წინ, მანანა იმედაძის და ნანა მესხის კომპოზიტორობით, ჩავწერე ორი სიმღერა. ორივე სიმღერის ლექსის ავტორია ნუგზარ ბაბუციძე.  ბატონი ნუგზარიც სამაჩაბლოდანაა, სოფელ აჩაბეთიდან. არაჩვეულებრივი სიმღერები გამოვიდა, რადიოში ხშირად ტრიალებს ხოლმე.
არაერთმა შესანიშნავმა კომპოზიტორმა მაჩუქა,  გაიმეტა სიმღერები ჩემთვის, მაგრამ ყველას არანჟირება არ გამიკეთებია. რისი საშუალებაც არის, ეტაპობრივად, შესაძლებლობის მიხედვით, რა თქმა უნდა, ვწერ ხოლმე.
ძალიან მომწონს ის სტილი, რასაც ვმღერი, ვგულისხმობ მონატრებულ აკადემიურ, ქართულ სიმღერას.  ნამდვილად გული მტკივა, ყველა უცხოურ სიმღერებზეა გადასული… მე მაინც ვფიქრობ, თუ შენსას კარგად ვერ შეასრულებ, არც ის უცხოური გამოგივა გემრიელად და კარგად. მე ჩემს შვილებსაც ასე, ქართულად ვზრდი, მე მიყვარს აკადენიური ქართული ტრადიციული სიმღერა.
– სამომავლო გეგმები…
– რამე გრანდიოზულს არაფერს ვგეგმავ, მივყვები დინებას,  ნაკლებად ვარ ამბიციური და ეს არის ყოველთვის ჩემი დიდი მინუსი. ეს ალბათ, ზოგადად, ქართლელების სენია.
ისე კი, შემოქმეებით საღამოებზე ყოველთვის ვმღერი,  მიხარია,  და მავსებს ხალხის სიყვარული.  ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, მე, შეძლებისდაგავრად, ყოველთვის ჩემი ხმით ვასიამოვნებ და დავატკბობ ჩემს მსმენელს.

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები