სამცხე-ჯავახეთში 15 სკოლის რეაბილიტაციისთვის 4 მილიონი ლარი დაიხარჯება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის სკოლებში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაახლოებით ოთხი მილიონი ლარია გამოყოფილი, გარდა ამისა, იგეგმება ახალი სკოლების მშენებლობა.

ადიგენში, სოფელ ზარზმისა და მოხეს 160 ბავშვზე გათვლილი სკოლების რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გაეცნო.

მინისტრის ინფორმაციით, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ, სამცხე-ჯავახეთში სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების 65 პროექტი შესრულდება.

„წელს სამცხე-ჯავახეთში დაახლოებით 15 რეაბილიტაციის და ახალი სკოლის მშენებლობის პროექტი გვაქვს. ამით გვეძლევა საშუალება, გავზარდოთ როგორც განათლების ხარისხი, ისე სოფელში ჩვენ მოსახლეობას, ბავშვებს მივცეთ წვდომა იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც აუცილებელია მათი ღირსეული ცხოვრებისთვის,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სკოლები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ზარზმის სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულება, ხოლო მოხეს სკოლის რეაბილიტაციის დასრულება 2020 წლის პირველივე თვეებში იგეგმება.

სკოლების სრული რეაბილიტაცია  საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტული დარბაზების, სპორტული მოედნების და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. ასევე, იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.

დაახლოებით 4 მილიონი ლარია გამოყოფილი რეგიონებში განვითარების ფონდიდან, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სკოლებისათვის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად.

ასეთი სახის სამუშაოები რეგიონის 30-ზე მეტ სკოლაში იგეგმება და ამ პროცესს ადგილობრივი თვითმმართველობა წარმართავს. სამუშაოები ჩატარდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები