კახეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა.
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტში მოსული უხვი ნალექისა და ძლიერი სეტყვის შედეგად 150 ჰა ვენახი დაზიანდა.
პირველადი მონაცემებით, სოფელ რუისპირში 100 ჰა, ხოლო სოფელ ვარდისუბანში 50 ჰა ვენახი დაისეტყვა.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული ვენახების შეფასება, რის შემდეგაც მოხდება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
კერძოდ კი სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენი მიიღოს 1 კგ 1 ლარად სხვადასხვა ლოკაციაზე.
მევენახე – ფერმერებს ექნებათ შესაძლებლობა დროულად ჩააბარონ დაზიანებული ყურძენი“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტი ბოლო ორი დღის განმავლობაში ორჯერ დაისეტყვა. სტიქიამ გაანადგურა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ხეხილი და ვენახების ერთი ნაწილი.