იტალია და საქართველო – ორი სამშობლო და მილანელი დრამერის სახელგანთქმული მეტალურგი წინაპრები…

0

მე ორი სამშობლო მაქვს იტალია და საქართველო. იტალიაში ვცხოვრობ და საქართველოს ხშირი სტუმარი ვარ. აქ უამრავი მეგობარი და ახლობელი მყავს. ყოველ ჩამოსვლაზე ვცდილობ, უფრო ახლოს გავიცნო საქართველო, ზესტაფონი საქართველოში ყველაზე მშობლიური და ახლობელია, აქ ჩემი დიდი წინაპრები ცხოვრობდნენ და შრომობდნენ. ჩემი დიდი ბაბუა ბაგრატ მელქაძე, ეროშენადნობთა ქარხნის ვეტერანი, ლენინის ორდენოსანი და სოციალისტური შრომის გმირი იყო.
ბაბუა ტრისტან მელქაძე ფეროს ქარხანაში მუშაობდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად ფეროს გიგანტი დამეთვალიერებინა, ახლოს გავცნობოდი წინაპართა ნაკვალევს. უდიდესი მადლობა ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორს, ბატონ, ვასილ გველესიან. მან გულითადი მასპინძლობა გაგვიწია და საშუალება მომცა, დამეთვალიერები ქარხნის ტერიტორია, რომელიც არცთუ ისე პატარაა.
ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ფეროს ქარხანა მართლაც გიგანტური წარმოებაა, საინტერესო წარსულითა და წარმატებული მომავლით. გამაოცა ირგვლივ გამეფებულმა შრომამ და წესრიგმა, წარმოების ტექნიკურმა აღჭურვილობამ, გასაღების ბაზრების სიმრავლემ, ლაბორატორიამ, ეკოლოგიურად მოწესრიგებულმა და მაქსიმალურად შეკრულმა და უდანაკარგო წარმოებამ. საოცრად მოწესრიგებულმა ინფრასტრუქტურამ, მოვლილმა გზებმა და ყვავილებით გაფერადებულმა ეზოებმა.
მეამაყება ქარხნის წარსული, მისი წინსვლა და წარმატებები.
წარმატებები ჩემს მშობლიურ ქარხანას, ჩემს ზესტაფონს“.

ბაგრატ მელქაძე, ტრისტან მელქაძე – ცნობილი მეტალურგები

ნიკოლო ფაჩოტოს გვარი და სახელი პირველად ფეისბუქმა ამომიგდო, როცა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ გვერდზე ეს სამადლობელი წერილი წავიკითხე. შემდეგ გავარკვიე, რომ 18 წლის ახალგაზრდა იტალიის ქალაქ მილანში ცხოვრობს და მისი ფესვები ზესტაფონშია. კონკრეტულად კი, იგი სახელგანთქმული ზესტაფონელი მეტალურგების შთამომავალია.
„ნიკოლოზის დიდი ბაბუა ბაგრატ მელქაძე იყო ქარხნის პირველი თაობის მეტალურგი. როცა მე მივედი ქარხანაში, მაშინ ისევ მუშაობდა  ცვლის ოსტატად.
გამორჩეული პიროვნება იყო. ბიჭიც მეტალურგი ჰყავდა, ქალიშვილიც ლაბორატორიაში მუშაობდა პენსიამდე. ნიკოლოს დედაც ერთხანს ქარხანაში მუშაობდა,  დეიდა ახლაც მუშაობს.
დედა წლების წინ წავიდა იტალიაში სამუშაოდ, იქ გათხოვდა და აქვს ბედნიერი ოჯახი.
ნიკოლოს მამა იტალიელი, მაგარი კაცი. ზესტაფონში, ეზოში სამწვადეები გააკეთა,  ზესტაფონელებს თავი შეაყვარა. ხელგაშლით ეპატიჟება სტუმარს, ყველას პატივისცემა და სიყვარული მოიპოვა.
ახლახან  ნიკოლოზი ესტუმრა ჩვენს ქარხანას. მანამდე მომწერა,  სურვილი მაქვს და სკოლაშიც მომცეს დავალება, სამრეწველო წარმოებას გავეცნო და გეწვიოთ ქარხანაშიო. რა თქმა უნდა, მივიღე. გაეცნო ქარხანას, დაათვალიერა. აღფრთოვანებული იყო… კმაყოფილი დავრჩი მეც, კმაყოფილი და მადლიერი იყო თვითონაც.
ვისაუბრეთ, ძალიან უკვირდა, ასე მითხრა, არ ველოდებოდი, ასეთი ფუსფუსა შრომის პროცესი თუ იქნებოდა ჩვენ გვერდითო“, – გვითხრა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა, ბატონმა ვასილ გველესიანმა.

ნიკოლო ფაჩოტოს დედა – მაკა მელქაძე:

დედასთან, მაკა მელქაძესთან ერთად

„ნიკოლოზის დიდი ბაბუიდან  დაწყებული, მთლიანად ჩვენი ოჯახის სამსახურებრივი საქმიანობა დაკავშირებულია ქარხანასთან. ბაბუაჩემმა ქარხანაში მუშაობა დაიწყო ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქარხანა შენდებოდა. თავიდან მდნობელი და შემდეგ ცვლის უფროსი იყო, 1929 წელს მივიდა ბაბუა ქარხანაში და  თუ რაიმე ორდენი და ჯილდო არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს, ყველაფერი მიიღო. 1958 წელს მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება და გადაეცა ოქროს ვარსკვლავი, შემდეგ – ლენინის ორდენი. ქარხნის მუზეუმშია ეს ყველაფერი დაცული, მის საპატივსაცემოდ ერთ-ერთ ქუჩას ზესტაფონში ბაგრატ მელქაძის სახლი მიენიჭა.
ეს ყველაფერი ნიკოლომ იცოდა ბავშვობიდან, ესმოდა დიდი ბაბუას განვლილ ცხოვრებაზე, შემდეგ მამაჩემი ტრისტანიც დიდხანს  მუშაობდა ქარხანაში. მამიდა იზოლდა – ქარხნის ლაბორატორიაში. ჩემმა დამ ნანამ, როგორც ქიმიკოსმა, აქ მუშაობა დაიწყო 1989 წელს, საკონტროლო-ანალიზური განყოფილების უფროსია.
მეც სკოლა რომ დავამთავრე, ქარხანაში ერთი წელი ვიმუშავე. ინსტიტუტის დასრულების შემდეგ ზესტაფონში დავბრუნდი, მაგრამ მძიმე პერიოდში დავტოვე საქართველო და იტალიაში წავედი.
ამას ჩემი იტალიური ცხოვრებას ვერ დავარქმევ, რადგან მთლიანად ქართულ გარემოცვაში ვართ. უამრავი სტუმარი მოდის ჩვენთან, 20 წელია, მილანში ვცხოვრობ და  იშვიათია, ვინმე არ მოსულიყოს, თუნდაც ერთი დღით, ან ისე შემოვლით. ჩემი შვილიც მიჩვეულია ცხოვრების ასეთ წესს.

ნიკოლოს მამა – ლიბერო ფაჩოტო

მეუღლე ლიბერო ფაჩოტო  იტალიელია, მაგრამ უამრავი მეგობარი ჰყავს, ქართველი მეგობარი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე იტალიელი. იმდენად მიჩვეულია ქართველებთან ურთიერთობას, როცა სკოლიდან მოვიდოდა, სულ მეკითხებოდა, დედა, დღეს ჩვენთან ვინ იქნება სტუმრად? ძალიან უყვარს საქართველო.
მილანში არსებობს ასოციაცია „სამშობლო გულით სატარებელი“. მისი ერთ-ერთი მრჩეველი ჩემი მეუღლეა. საზოგადოების პრეზიდენტმა ნუნუ გელაძემ აირჩია. მე მხოლოდ წევრი ვარ.
– მეუღლე რა პროფესიისაა?
განათლებით ინჟინერ-მექანიკოსია, მაგრამ ამ პროფესით ცოტა აქვს ნამუშევარი, სხვა სფეროში აქვს ნამუშევარი, როგორც გაყიდვების მენჯერად მუშაობდა იტალიის ტანსაცმელების  ერთ-ერთ დიდ ქარხანაში. უყვარს ხელით შექმნილი რაღაცები, როცა თავისუფალი დრო ჰქონდა, მილანში ვიტრინების დიზაინით იყო დასაქმებული.
– მეუღლეს ძალიან მოსწონს საქართველო…
– კი, მარტო ჩამოდის ხოლმე, უჩემოდ… ქართულად თვითონ ისწავლა ლაპარაკი.  არავისთან არ უჭირს ურთიერთობა.
– რას გაიხსენებთ ნიკოლოს ბავშვობიდან?…

დეიდა- ნანა მელქაძე

– ნიკოლო 18 წლისაა, 3 თვის იყო, პირველად  რომ საქართველოში ჩამოვიყვანე. მეუღლე არ მაძლევდა უფლებას, რომ შვილს იტალიურად გავსაუბრებოდი,  ბებიასთან რომ ჩავა, ხომ უნდა იცოდეს ქართული ენაო.
ქართულად ვესაუბრებოდი შინაც და გარეთაც, ძალიან კარგი გავაკეთე და ვთვლი, რომ ყველა მშობელი ასე უნდა იქცეოდეს, რომ ბავშვმა მშობლიური ენა იცოდეს.
ეს აუცილებელია თვითონ ბავშვის განვითარებისთვისაც. ნიკოლოს ცხოვრება, ყველაფერი პირველი საქართველოს უკავშირდება, აქ ისწავლა საუბარი, ფეხი აქ აიდგა, რადგან ხშირად ჩამოვდიოდით ზესტაფონში. ისე უყვარდა ზესტაფონი, თბილისში რომ მოხვდებოდა, ვეღარ ჩერდებოდა, წავიდეთ ზესტაფონშიო, მოსვენებას მიკარგავდა.
ნიკოლოზს არაჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონდა, ზესტაფონში ნიკოლოს ტოლი ბავშვებით სავსე იყო უბანი და ყველა ერთად ვიყავით. ჩვენს ეზოში, ქვიშაში განიცადა ის, რასაც მილანელი ბავშვები მოკლებულნი არიან.  სოფლებშიც ხშირად დამყავდა ახლობლებთან, უყურებდა ქათმებს, წიწილებს, ძროხებს… ხბოს დაბადება თავისი თვალით ნახა.

ნიკოლო ფაჩოტო ფეროშენადნობთა ქარხანაში

შემდეგ თავის  გამოცდილებას გამუდმებით უყვებოდა მილანელ ბავშვებს, მთელი კლასი წაიყვანა  მილანის გარეთ, სადაც სასოფლო სამუშაოები მიმდინარეობდა, ყველა ბავშვი დააინტერესა. მათთვის წარმოუდგენელი იყო სოფლის ყოფა. ბუნებასთან და მიწასთან სიახლოვემ კარგი გავლენა მოახდინა ბავშვებზეც.
ყველაფერი გამოსცადა, რაც საქართველოში ხდებოდა და მიხვდა შრომის ფასს. რამდენიმე მეგობარი აქაც წამოიყვანა. მომავალში, როცა  დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ, ყველას სურს, მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამოსვლა.
საქართველოში ყოფნის პერიოდში, ვცდილობდით ზაფხულის მაქსიმალურად გამოყენებას, ჭადრაკის სკოლაში, მუსიკალურ სკოლაში დავდიოდით, ყველგან ვიყავით, რაც აინტერესებდა.
მერე აირჩია თავისი ინსტრუმენტი, საკმაოდ წარმატებული დრამერია მილანში.  კაფე-ბარებში ხშირად ატარებენ კონცერტებს.
– ნიკოლო მილანში ლიცეუმში სწავლობს…
– ნიკოლო ლიცეუმ „ვირჯილიოში“ სწავლობს, რომელიც 5-წლიანია, ერთი წელი კიდევ დარჩა და შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს სწავლას. ყველა უმაღლესი სასწავლებლის კარი ღია იქნება მისთვის…
– რა პროფესიით უნდა სწავლის გაგრძელება სამომავლოდ?
– ბიზნეს-ეკონომიკის სპეციალობით. თუმცა, არ ვიცი, შეიცვლის თუ არა ისევ პროფესიას… ვნახოთ…
– ნიკოლო ფაჩოტოს წერილი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაზე ემოციური იყო… ეტყობა, რომ უყვარს საქართველო…

მამასთან ერთად

– კი, დიდი სიყვარულით, რამდენჯერაც ჩამოვსულვართ, სულ მეუბნებოდა, წამიყვანე ქარხანაშიო. ხშირად ესმოდა, რომ ფეროშენადნობთა ქარხანა მეტალურგიული გიგანტია, თან მის ოჯახს უკავშირდებოდა. ბუნებრივია, ყველაფერი  აინტერესებდა ქარხანაზე, რამდენი ხალხი მუშაობდა, წარმოების სპეციფიკა… მითუფრო, რომ ჩვენი ოჯახი  აქ მუშაობდა…
ვერასდროს მოვახერხე ქარხანაში მისი მიყვანა, და აი, წელს ბატონი ვასოს წყალობით  გაეცნო ქარხანას.
– თქვენ როცა მუშაობდით, რა გევალებოდათ?
–  სანამ წავიდოდი იტალიაში, მანამდე ვმუშაობდი. ახლა მხოლოდ ზაფხულობით ვარ საქართველოში. მეც ინჟინერი ვარ, ჩემი პროფესია თბოენერგეტიკაა. ჩემი მოვალეობა იყო  წყლის შემოწმება. როცა ღუმელი მუშაობს, უნდა მიეწოდოს დარბილებული წყალი და ამის კონტროლი მქონდა დავალებული…
–  თუ აპირებს ნიკოლოზი საბოლოოდ საქართველოში …
– ალბათ მომავალში ბინზესის თვალსაზრისით იფიქრებს. ჯერჯერობით ჩემი შვილი ძალიან დაკავებული იქნება, რადგან სახელმწიფო გამოცდები უნდა ჩააბაროს, შემდეგ, ვფიქრობ, მოახერხებს სურვილების განხორციელებას.
– ნიკოლო ფაჩოტო მილანში ცნობილი დრამერია…
– დრამერობა მოსწონს, სპორტიც ძალიან უყვარს, 5 წლიდან ცურავს ჩემი შვილი, წყალბურთზე დადიოდა, შარშან დრო აღარ ჰქონდა სკოლის გამო და დაანება თავი. საკმაოდ წარმატებული გუნდი იყო, რომელმაც მილანის პირველობაზე პირველი ადგილი დაიკავა.
– სიმღერა?
– მარტო დრამერია, არაჩვეულებრივი სმენა აქვს, მაგრამ არ მღერის, რადგან მორიდებულია.
ამ  ბოლო დროს გამოამჟღავნა კულინარიისადმი ინტერესი, როცა მეგობრებთან ერთად არის, ყოველთვის არის მზარეული და შესანიშნავ საჭმელებს აკეთებს.
– ჰობი…
–  ბევრი რამ მოსწონს, სულ რაღაცას აკეთებს…. საქართველოში „ბირჟა“ რასაც ჰქვია, ვერ აღიქვა, რას ნიშნავს. ასჯერ ავუხსენი და ვერ ვაგებინებ. ასე რომ, „ბირჟა“ და მზესუმზირა არ უყვარს.
– მილანის ქართველობაზე რას იტყვით?
– უამრავი ქართველი ცხოვრობს მილანში. ოცი წლის წინ იქ იშვიათად ნახავდით ქართველს, მენატრებოდა ქართული საუბარი, ახლა უკვე უამრავი ქართველია. იტალიის სხვა ქალაქებთან შედარებით მილანში უფრო კონცენტრირებულნი არიან.
– თქვენ ხართ ასოციაციის „სამშობლო გულით სატარებელი“ წევრი, რომლის პრეზიდენტი ქალბატონი ნუნუ გელაძეა…

ნუნუ გელაძე და პატარა ნიკოლო

– ასოციაცია ეწევა ქართული კულტურის პოპულარიზაციას საკმაოდ მაღალ დონეზე. წელიწადში ორჯერ ვიკრიბებით, იტალიელი სტუმრებიც გვყავს ხოლმე. ტარდება პოეზიის საღამოები, ქართველი მწერლები ჩამოდიან, ორჯერ იყვნენ ქეთევან დუმბაძის პროექტით. საკმაოდ თბილი შეხვედრები გაიმართა,  ბოლოს ჩვენი შეხვედრები ქართული სამზარეულოთი მთავრდება ხოლმე. ყველა კმაყოფილი რჩება, როგორც იტალიელები, ასევე ქართველი ემიგრანტები.
ნუნუს, შეიძლება ითქვას, რომ პირადი ცხოვრება არა აქვს, სულ სამშობლოს, მწერლობას, პოეზიას, წიგნს უტრიალებს… მთლიანად, ფეხის ფრჩხილიდან დაწყებული, ცხოვრების წესით, ქართველია… ვფიქრობ, ეს საზოგადოება იტალიაში თავის მისიას კარგად შეასრულებს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი