“ჯორჯიან მანგანეზმა”, ჭიათურისა და ზესტაფონის მერებთან ერთად, აგვისტოს ომის გმირების ოჯახებს ფულადი დახმარება გადასცა (ფოტო, ვიდეო)

კომპანია “ჯორჯიან მანგანეზმა”, ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, 2008 წლის ომის გმირების – შმაგი კუპატაძისა და ზაზა ფერაძის ოჯახები მოინახულა და ფულადი დახმარება, ჯამში 20 000 ლარის ოდენობით (თითოეულს 10 000 ლარი) გადასცა.
კომპანიის წარმომადგენლის, დირექტორთა საბჭოს წევრის, თემურ ხონელიას განცხადებით, “ჯორჯიან მანგანეზმა” ეს გადაწყვეტილება სამშობლოს შეწირული გმირების ოჯახების დასახმარებლად მიიღო. მისივე თქმით, ამ ქმედებით, კომპანიასა და მის თითოეულ თანამშრომელს სურს, ქვეყნისთვის თავდადებული გმირების ხსოვნისადმი თავისი პატივისცემა გამოხატოს.

“ჯორჯიან მანგანეზმა” გადაწყვიტა, სამშობლოსათვის თავდადებული გმირების -შმაგი კუპატაძისა და ზაზა ფერაძის ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგეს გვერდში. გვსურს, გავიზიაროთ ამ ოჯახების ტკივილი და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირების ხსოვნას. ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა, დაეხმაროს ამ ოჯახებს და სწორედ ამიტომ ვეწვიეთ დღეს მათ, რომ გაგვეცნო ჩვენი გადაწყვეტილება – ორივე ოჯახს კომპანია, დახმარების სახით, ათი ათას -ათი ათას ლარს გადასცემს. ამ აქციით, გვინდა კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც მოვუწოდოთ, რომ სამშობლოსათვის თავდადებული გმირების ოჯახებს მაქსიმალურად დაუდგნენ გვერდში, მათ უნდა იცოდნენ, რომ ქვეყანა არასდროს დაივიწყებს ამ ადამიანების გმირობას”, – განაცხადა თემურ ხონელიამ.

ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მერების განცხადებით, რომლებიც გმირების ოჯახებში კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ,”ჯორჯიან მანგანეზმა” კარგი აქცია წამოიწყო და კომპანიის ეს ნაბიჯი ნამდვილად დასაფასებელია. ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყოველთვის ეხმარება შმაგი კუპატაძის ოჯახს, რათა მცირედით მაინც შეუმსუბუქოს მათ ის დიდი ტკივილი, რაც მათ 2008 წლის აგვისტომ მოუტანა. მისივე თქმით, “მთელი საქართველო მოვალეა ამ ოჯახის წინაშე”.

ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე კი მიიჩნევს, რომ მსგავსი საქველმოქმედო აქციებით, გმირების ოჯახები საზოგადოების გვერდში დგომას გრძნობენ და ეს მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ამასთან, მერმა კერძო სექტორს მსგავს სოციალურ აქტივობებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„პირველ რიგში, ეს თანადგომა და ყურადღებაა ოჯახისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო ამ კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება და ოჯახებს ეხმარება. ისინი არ ივიწყებენ გმირებს, ისევე, როგორც სახელმწიფო. ჩვენ მათ ყოველთვის გვერდში ვუდგავართ”, – აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

გმირების დედებმა გმირი შვილები ტკივილით კიდევ ერთხელ გაიხსენეს და სტუმრებს ყურადღებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ცნობისათვის, 2008 წელს, რუსულმა ავიაციამ იერიში პირდაპირ იმ ოცეულზე მიიტანა, რომელშიც ჭიათურელი რიგითი კაპრალი – შმაგი კუპატაძე მსახურობდა. მტერმა მისი ოცეული ალყაში მოაქცია. შმაგი კუპატაძე, აგრესორთან უთანასწორო ბრძოლაში, გმირულად დაეცა. გარდაცვალების შემდეგ, ის მხედრული მამაცობისთვის, მედლით დაჯილდოვდა.

აგვისიტოს ომის მეორე გმირი, ზესტაფონის მკვიდრი, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძე აგვისტოს ომამდე, ერაყშიც იბრძოდა, მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა, რომელთაგანაც უმცროსი, მამის დაღუპვის შემდეგ დაიბადა.

ზაზა ფერაძეს, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენოსნის მედალი მიენიჭა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ომის შემდეგ 11 წელი გავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები