თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს უკრაინიდან საქართველოში ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ შემოტანის ფაქტთან ოპოზიციის კავშირს.
როგორც დღეს დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ყველაფერი დასაშვებია, იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალა ებრძვის ქვეყანასა და ქართველ ხალს.
„ყველაფერი დასაშვებია, იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალა ებრძვის ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს. ვიცით, რომ უსამშობლო ადამიანები ყველაფერზე წამსვლელები არიან. მათ საერთოდ არ აინტერესებთ არც ქართველი ხალხი, არც ქვეყნის ხვალინდელი დღე. შესაბამისად, მე არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა დაველოდოთ გამოძიებას, ყველა კითხვას გაეცემა შესაბამისი პასუხი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ იმას, რომ გამორიცხული არაფერია“, – აღნიშნა კახა კალაძემ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
ამასთან, მედიის შეკითხვაზე, აღნიშნულ ფაქტთან ბაჩო ახალაიას შესაძლო კავშირის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მას არ უნდა კონკრეტული სახელებითა და გვარებით საუბარი და საზოგადოება გამოძიებას უნდა დაელოდოს.
„არ ვიცი, შესაბამისი უწყებები, დარწმუნებული ვარ, უფრო მეტ დეტალს ფლობენ აღნიშნულთან დაკავშირებით, იმ მუქარებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვისმენდით ბოლო თვეების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინფორმაცია არსებობს. რა თქმა უნდა, ყველაფერს გაეცემა პასუხი და ყველაფერს მოჰყვება რეაგირება კანონის ფარგლებში.
არ მინდა კონკრეტულ ადამიანებზე, კონკრეტული სახელებითა და გვარებით საუბარი, დაველოდოთ გამოძიებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.