„მშვიდობის ქართული პარადიგმა. საუნივერსიტეტო დიპლომატია – საქართველოს არჩევანი” – თურქეთში ზურაბ ხონელიძის მონოგრაფია გამოიცა

თურქეთის ქალაქ ანკარაში თურქეთის საისტორიო საზოგადოებამ გამოსცა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის მონოგრაფია „მშვიდობის ქართული პარადიგმა. საუნივერსიტეტო დიპლომატია – საქართველოს არჩევანი”. ინფორმაციას ისტორიკოსი კახა კვაშილავა ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„უკვე მე-12 ენაზე ითარგმნა პროფესორ ზურაბ ხონელიძის მნიშვნელოვანი კვლევა, რომელმაც აღიარება ჰპოვა აშშ-ს, ევროკავშირის, ჩინეთის, ისრაელის, თურქეთის, მოლდოვის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის პოლიტიკოსებში, დიპლომატიურ და აკადემიურ წრეებში. რამდენიმე ქვეყნის უმაღლეს სასწავლებელში უკვე ლექციებიც კი იკითხება ამ ნაშრომის საფუძველზე.
მიმდინარე წლის ოქტომბერში ანკარაში ახლად გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია შედგება, სადაც ავტორი აუდიტორიის წინაშე კიდევ ერთხელ განსახილველად დააყენებს რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების ასპექტში საუნივერსიტეტო დიპლომატიის მნიშვნელობას.
მონოგრაფია თურქულ ენაზე თარგმნა ცნობილმა თურქმა ქართველოლოგმა, ჩვენი ქვეყნის მეგობარმა, პროფესორმა ჰარუნ ჩიმქემ.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს თურქეთის საისტორიო საზოგადოების წევრმა, 19 მაისის უნივერსიტეტის (ქ. სამსუნი, თურქეთი) პროფესორმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, ბატონმა იბრაჰიმ თელლიოღლუმ და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, თურქეთის საისტორიო საზოგადოების წევრ-კორესპონდეტმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, ბატონმა როინ ყავრელიშვილმა.
ვულოცავ ბატონ ზურაბს თურქულენოვანი მონოგრაფიის გამოცემას“, – წერს კახა კვაშილავა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები