შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში, სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „იუესაიდის“ (USAID) პროექტის – „ზრდა საქართვლოში“ და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სტიქიისგან დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსტრო ავრცელებს.
მიმდინარე წლის მაისის ბოლოს, შიდა ქართლში, ძლიერი სეტყვის შედეგად, საგანგებო ვითარება შეიქმნა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოსავალი სრულად გაუნადგურდა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ რთულ ვითარებაში, ქართულმა მხარემ მხარდაჭერა აშშ-ის მთავრობის მხრიდან მიიღო. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის ფარგლებში, გორისა და ქარელის მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განახლებას შეძლებს.

უწყების ცნობით, 36 სოფელში 8 500-ზე მეტ ფერმერს დაურიგდება საბანკო ბარათები, სადაც დარიცხული თანხა ქულების სახით აისახება. თანხის ფულად განაღდება შეუძლებელია.
დაზარალებული ფერმერები დახმარებას იღებენ მაქსიმუმ 5 ჰექტარის ოდენობაზე. ბარათზე დასარიცხი თანხა ანგარიშდება ჰექტრების პროპორციულად: 0.5 ჰა-ჩათვლით – 225 ლარი, 0.5 ჰა-დან 5-ჰას ჩათვლით – 450 ლარი.
ბარათით სარგებლობა შესაძლებელია გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტების განსაზღვრულ მაღაზიებში, რომელთა ჩამონათვალს ფერმერები საბანკო ბარათებთან ერთად იღებენ. აღნიშნულ მაღაზიებში ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, შეიძინონ სათესლე, საჩითილე და სანერგე მასალები, ასევე მცენარეთა მოვლის და დაცვის საშუალებები, რომლებიც დარეგისტრირებულია და ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე და ასევე, აკმაყოფილებს ამერიკის მთავრობის მიერ დადგენილ უსაფრთხოების ნორმებს.

ამავე ბარათზე დარიცხული ქულებით ფერმერებს შეუძლიათ, მიიღონ სამელიორაციო მომსახურებაც.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერსებულმა პირმა ადგილობრივ გამგეობებს და ა(ა)იპ „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს“ რეგიონული სამსახურების ოფისებს უნდა მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები