ზუგდიდის ცენტრალურ პარკში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხნა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ პარკში  2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ომის ვეტერანებმა და რიგითმა მოქალაქეებმა სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
მემორიალის გახსნის ცერემონიას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი – რევაზ გაბუნია, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში – ალექსანდრე მოწერილია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი – გეგა შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე – მამუკა წოწერია, ზუგდიდის მაჟორიტარი – მერაბ ქვარაია, მერიისა და საკრებულოს წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, 2008 წლის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ვეტერანები ესწრებოდნენ.
მათ 2008 წლის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ბერანძის ოჯახს მიუსამძიმრეს და, ოჯახის წევრებთან ერთად, მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
მოგვიანებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეში გადაინაცვლეს, სადაც 2008 წელს ომში დაღუპული დავით ჯიქიას საფლავი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს და მინი-ფეხბურთში მისი სახელობის ტურნირს დაესწრნენ​, რომელიც ყოველწლიურად ტარდება.
კაპრალი დავით ჯიქია მეოთხე ბრიგადაში, 42-ე ბატალიონში მსახურობდა. იგი 8 აგვისტოს, თამარაშენის დაბომბვისას დაიღუპა მაშინ, როცა იმ ოს გენერალს მისდევდა, რომელმაც მეგობრები დაუხოცა.
დავით ჯიქია 20 წლის იყო. სიკვდილის შემდეგ, დაჯილოვდა მედლით მხედრული მამაცობისათვის.
კაპრალი ბადრი ბერანძე გალში დაიბადა. დევნილობა ქობულეთში გაატარა, იქ გაიზარდა. 17 წლისაც არ იყო, კომისარიატში რომ მივიდა, ჯარში წასვლა მინდაო – 18 წლამდე ლოდინი მოგიწევსო, უპასუხეს. თუმცა, მაინც არ იშლიდა და მშობლების თანხმობასაც მიაღწია. მაინც წავიდა.
ბადრი ბერანძე 8 აგვისტოს დაბომბვისას დაიღუპა, როცა მეხუთედ შედიოდა ცხინვალში დაჭრილების გამოსაყვანად…. მას 2008 წლის 8 აგვისტოს 21 წელი შეუსრულდა. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
სამეგრელოს რეგიონიდან  აგვისტოს ომს  37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები