“რეზონანსი” – “აგვისტოს ომი დაწყებამდე იყო წაგებული”

11 წლის წინ რუსეთ-საქართველოს ომმა მთელი მსოფლიო დააყენა ახალი რეალობის წინაშე – რუსეთი მზად იყო თავდასხმისთვის და არაფერზე უკან არ დაიხევდა საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების გატარებლად. გამოჩნდა სხვა რეალობაც, კრემლს უნარი აქვს წარმატებით გააჩაღოს თანამედროვე ჰიბრიდული ომები.
საქართველო ამგვარი ომისთვის საუკეთესო პოლიგონი აღმოჩნდა, რისთვისაც არსებობდა შესაბამისი წინაპირობებიც.
აგვისტოს ომამდე რუსეთი იდგა გამოწვევის წინაშე. დასავლეთის ქვეყნების დიდმა ნაწილმა სცნო სერბეთის ერთ-ერთი რეგიონის – კოსოვოს დამოუკიდებლობა, ეს ფაქტი კრემლმა გამოიყენა როგორც მიზეზი სამაგიეროს გადახდისთვის. თუ დასავლეთს შეუძლია ცნოს ერთი ქვეყნის სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა, შესაბამისად რუსეთსაც აქვს იგივე უფლება. თუ დასავლეთის არგუმენტი იყო კოსოვარების გადარჩენა სერბებისგან, რუსეთსაც სჭირდებოდა მსგავსი ლეგენდა, ამ მხრივ საუკეთესო ვარიანტი იყო საქართველო, რომლის ორი სეპარატისტული რეგიონი საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგი და რუსეთთან მიერთების მომხრე იყო. გარდა ამისა, საქართველოს აღარ ხელმძღვანელობდა გამოცდილი და ფრთხილი შევარდნაძე, რომლის პროვოცირება რთული იქნებოდა. ოფიციალურ თბილისს მართავდა იმპულსური სააკაშვილი. საჭირო იყო მხოლოდ სწორი, გათვლილი პოლიტიკით ამ ახალი ლიდერის მოტივირება შეცდომის დაშვებისკენ.
გაპრეზიდენტებისთანავე სააკაშვილი პუტინს რუსეთში ეწვია და მოიხიბლა მისი კეთილგანწყობით. საქართველოს ახალგაზრდა ლიდერმა დაიჯერა, რომ პუტინი, შევარდნაძის შემდეგ უფრო კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ. მითუმეტეს, რომ პუტინმა სააკაშვილს დახმარების ხელი გაუწოდა გაცნობამდე, “ვარდების რევოლუციისას” როცა თბილისში გამოგზავნილმა იგორ ივანოვმა დაარწმუნა შევარდნაძე გადამდგარიყო.
რამდენიმე თვეში ივანოვი კვლავ ჩამოფრინდა თბილისში და კიდევ ერთი პრობლემა მოუხსნა სააკაშვილს, მოსკოვში წაიყვანა ასლან აბაშიძე. მიამიტი და მოუთმენელი სააკაშვილი ეშხში შევიდა და გადაწყვიტა პრეზიდენტობის პირველივე წელს ცხინვალის შემოერთებაც, თუმცა გეგმა ჩაეშალა, 2004 წლის ივლისში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი გამოდგა. სააკაშვილი მიხვდა, რომ კრემლი არ აპირებდა მისი ინტერესების სფეროში მყოფი ცხინვალის მარტივად დათმობას და საჭირო იყო უკეთესი მომზადება მეორე ცდისთვის. ამ მომენტისთვის სააკაშვილი მისდაუნებურად უკვე წამოგებული იყო ანკესზე და რუსეთმაც დაიწყო ჰიბრიდული ომის ყველა რესურსის გამოყენება.
ჰიბრიდულ ომში ერთ-ერთი ტაქტიკური ილეთია აგრესორის მხრიდან მტრული მოქმედების, მათ შორის რიტორიკის მაქსიმალური გაწელვა. ამ შემთხვევაში სწორება კეთდება სამიზნე ქვეყნის ხელმძღვანელობის მოთმინების ამოწურვაზე და მისი მხრიდან შეცდომის დაშვების მოლოდინზე.
2004 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე მოსკოვმა წარმატებით გაართვა თავი ამ ტაქტიკას. რუსეთის სხვადასხვა უმაღლესი პირი პერიოდულად აჟღერებდა გაფრთხილებას თბილისის მიმართ და მხარდაჭერას აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების მისამართით, პარალელურად კი ითავსებდა მშვიდობისმყოფლის სტატუსს.
კრემლს ჰიბრიდული ომის მოგებაში განუზომელი დახმარება გაუწია მეორე ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა _ ირაკლი ოქრუაშვილმა, ერთის მხრივ სამაჩაბლოში მუდმივი ესკალაციის შენარჩუნებით, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა რეგიონის ოს მოსახლეობას და მეორეს მხრივ ცნობილი განცხადებით “ფეკალიების” შესახებ, რამაც გამოიწვია რუსეთის მოსახლეობის გაღიზიანება და შესაბამისად შეუქმნა პუტინს წინაპირობა თბილისთან ომის გასამართლებლად.
რუსეთმა სანქციები დააწესა ქართული პროდუქციის მიმართ და 6 ათასი ქართველის დეპორტი განახორციელა, თუმცა აქტიურ ქმედებებზე არ გადასულა, რადგან არ ჰქონდა საკმარისი საბაბი მსოფლიოსთან თავის გასამართლებლად. კრემლს სჭირდებოდა საქართველოს ხელმძღვანელობის პროვოცირება აქტიური და მასიური ძალის გამოყენებაზე, რასაც სააკაშვილი გაბედავდა იმ შემთხვევაში თუ დარწმუნებული იქნებოდა თუნდაც ნაწილობრივ წარმატებაში.
მოსკოვმაც და მთელმა მსოფლიომაც იცოდა, რომ სააკაშვილი მეგობრობდა აშშ-სთან, განსაკუთრებით კი რუსეთის მიმართ ხისტი პოლიტიკის მხარდამჭერ პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით ნაკლებ სიფრთხილეს იჩენდა კრემლთან ურთიერთობებში და მეტად ოპტიმისტურად უყურებდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას.
ამ ჯგუფისგან სააკაშვილი დაიმედებული იყო, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში აშშ განსაცდელში არ მიატოვებდა მას. თუმცა, მხოლოდ ვაშინგტონელი რადიკალების მხარდაჭერა ვერ იქნებოდა საკმარისი, ჰიბრიდული ომის წარმატებისთვის საჭირო იყო სააკაშვილში გაზრდილიყო ომში წარმატების მიღწევის რწმენაც და სამხედრო მოქმედებების სწრაფი დაწყების სურვილიც.
პირველი ამოცანის მისაღწევად მოსკოვმა გამოიყენა დეზინფორმაცია. სხვადასხვა წყაროებიდან სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ ცხინვალზე შეტევის შემთხვევაში რუსეთი არ ჩაერეოდა სამხედრო ძალით. სააკაშვილის ბიძა ერთ ერთი მათგანი იყო, ვინც არწმუნებდა პრეზიდენტს, რომ რუსეთი არ გამოიყენებდა იარაღს. დეზინფორმაციისთვის გამოყენებულ იქნა სხვა წყაროებიც. ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთმა ორმაგი თამაში ათამაშა საქართველოს სპეცსამსახურების მიერ გადაბირებულ იმ ქართველებს რომლებიც რუსეთის არმიაში მსახურობდნენ (მოგვიანებით, რამდენიმე ქართველი რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლა) და წინასწარდაგეგმილი ტყუილი ინფორმაციებით ამარაგებდნენ ოფიციალურ თბილისს.
სააკაშვილი იმდენად იყო მოწადინებული ამ დეზინფორმაციის რეალობაში, რომ ანგარიში არ გაუწია არც რუსეთის აშკარად სახიფათო ნაბიჯებს _ ცხინვალისთვის ტექნიკის მიწოდებასა და რეგიონის მოსახლეობაში რუსეთის პასპორტების დარიგებას. ორივე ქმედება საკმარისი იყო, სულ მცირე სიფრთხილის გამოჩენისთვის, მაგრამ პრეზიდენტის რევანშისტული მოწოდებები არ შემცირებულა.
მეორე ამოცანა _ სამხედრო მოქმედებების სწრაფად დაწყება კი გარანტირებული იყო თავად სააკაშვილის არამდგრადი და ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე.
2007 წლის ბოლოს საქართველოს პრეზიდენტს შიდაპოლიტიკური პრობლემები შეექმნა, გააქტიურდა ოპოზიცია, რომელიც აღარ ეგუებოდა პრეზიდენტის ავტორიტარულ მმართველობას. 7 ნოემბერს სააკაშვილმა ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია და დახურა რუსეთში ძებნილი ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზია. დაშლის შემდეგ კი მოუწია გადადგომა, რათა შელახული რეპუტაცია ვადამდელი არჩევნებით მოეპოვებინა. წინასაარჩევნოდ სააკაშვილმა რამდენჯერმე დააანონსა სეპარატისტული რეგიონების რამდენიმე თვეში შემოერთება და უკვე აშკარა იყო, რომ ძალაუფლებასა და დიდებას მოწყურებული ლიდერის ქცევა კრემლის გეგმის განხორციელებას გარდაუვალს ხდიდა.
კრემლის ჰიბრიდული ომის წარმატებაში თავისი როლი წარმატებით ითამაშა სეპარატისტების ლიდერმა კოკოითიმ, რომლის სამხედრო შენაერთები რუსი სამშვიდობოების ბაზის სიახლოვიდან ისროდნენ ქართული პოზიციების მიმართ, ამოცანა მარტივი იყო _ წაექეზებინათ ქართული მხარე საპასუხო ცეცხლზე, რომელიც გამოიწვევდა რუსული კონტინგენტის დაზარალებას, რაც მოსკოვს მოქმედებისკენ უბიძგებდა.
7-8 აგვისტოს ღამეს ოფიციალურმა თბილისმა საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა გამოაცხადა და დაიწყო შეტევა. იმავე საათებში გაჩნდა “ინფორმაცია”, რომ რუსეთის სამშვიდობოებზე მოხდა თავდასხმა და არის მსხვერპლი. არაა გამორიცხული, რომ სამშვიდობოებს თავად რუსეთმა ან ოსმა სეპარატისტებმა ესროლეს, მაგრამ აგრესიითვის საბაბი უკვე იყო: თბილისმა დაიწყო შეტევა, შეტევისას დაიღუპნენ რუსი სამშვიდობოები, ცხივნალში ბევრს ჰქონდა რუსეთის პასპორტი და ეს ყველაფერი კრემლისთვის საკმარისი იყო სამოქმედოდ. 5 დღეში აქტიური მოქმედებები დასრულდა, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა კი ფაქტიურად ქვეყნის ნახევარი დაიკავეს. ისინი აკონტროლებდნენ ფოთს, ზუგდიდს, სენაკს, გორს და კოდორის ხეობას.
რუსეთმა თავის გეგმებს მიაღწია, მოქალაქეებისა და სამშვიდობიების დაცვის მიზეზით შემოიჭრა საქართველოში, შემდეგ ცნო სეპარატისტების დამოუკიდებლობა და ამის შემდეგ განალაგა თავისი ბაზები აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, რაც იყო კიდეც კრემლის უმთავრესი ამოცანა – სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი და მყარი დამკვიდრება. იმ შემთხვევაშიც კი თუ საქართველო ხვალვე გაწევრიანდება ნატოში, სააკაშვილის ამბიციურობის, დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობის და ძალაუფლების წყურვილის მეოხებით რუსი ოკუპანტები არ გავლენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან. რუსეთმა აგვისტოს ომი მოიგო ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ოპოზიციის დევნისგან იმიჯშერყეულმა სააკაშვილმა რეპუტაციის აღდგენის გზად აირჩია არა სიტყვის თავისუფლების აღდგენა და დემოკრატიზაცია, არამედ რევანშისტული რიტორიკა და ძალისმიერი, მითუმეტეს სრულიად მოუმზადებელი და ნაჩქარევი ძალისმიერი მეთოდები.
http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=76550

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები