ვახტანგ კაპანაძე: ყალიბდება ძლიერი ევროპა, რომლის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ღერძს უკრაინა წარმოადგენს
“ყალიბდება ძლიერი ევროპა, რომლის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ღერძს წარმოადგენს უკრაინა. როგორც ევროპელები ამბობენ, ევროპის ფარი დღესდღეობით უკრაინაა”-, ამის შესახებ გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, რუსეთი სანამ იარსებებს, ის მისი მეზობლებისთვის
ყოველთვის საფრთხე იქნება.
“ეს არის ომი, რომელმაც შეცვალა მსოფლიო წესრიგი და გამოიწვია ძირეული ტექტონიკური ძვრები მსოფლიო უსაფრთხოების სისტემაში. ყალიბდება ძლიერი ევროპა, რომლის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ღერძს წარმოადგენს უკრაინა. როგორც ევროპელები ამბობენ, ევროპის ფარი დღესდღეობით უკრაინაა. ამ ომმა აჩვენა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მიუხედავად იმ დანაკარგებისა და გაჭირვებისა, რასაც უკრაინა ოთხი წლის განმავლობაში განიცდის, ეს არის პერიოდი, როდესაც, ფაქტობრივად, ყალიბდება უკრაინელი ერი – ის საბოლოოდ სწყდება რუსეთის ფესვებს და ყალიბდება დამოუკიდებელ, თვითმყოფად ერად. ამავე დროს, ამ დაპირისპირებამ აჩვენა, რომ რუსეთი სანამ იარსებებს, ის ყოველთვის იქნება საფრთხე მისი მეზობლებისთვის. ევროპაც უკვე მიხვდა ამას და უნდა მოემზადოს. რუსეთი არის ქვეყანა, რომლისთვისაც ნებისმიერი სისუსტე აგრესიის მაგნიტია, შესაბამისად, ერთადერთი, რასაც შეუძლია რუსეთი შეაჩეროს, არის ძალა.
რუსებს ძალიან მარტივად, რუსულად უნდოდათ უკრაინის ტერიტორიის დნეპრამდე დაკავება – დნეპრის მარცხენა ნაწილის ანექსირება და ე.წ. ნოვოროსიის ჩამოყალიბება, სადაც შევიდოდა ხარკოვის ოლქი, ოდესა, სახმელეთო დერეფანი იქნებოდა დნესტრისპირეთთან, იქიდან კი მოლდოვაზე იქნებოდა ზეწოლა. რაც დარჩებოდა, დნეპრის მარჯვენა ნაპირზე არსებული უკრაინა, ის იქნებოდა რუსეთზე დაქვემდებარებული მარიონეტი სახელმწიფო. ამით რუსეთი გადიოდა ევროპის საზღვრებზე და ევროპას კარნახობდა ახალ უსაფრთხოების რეალობას. რუსებმა ამ ამოცანის გადაწყვეტა მოინდომეს ბლიც-კრიგის, “უდაბნოს ქარიშხალის” ტიპის ოპერაციით, ოღონდ საბჭოთა მენტალიტეტით, რაც კოლაფსით დასრულდა. ომის პირველ ეტაპზე უკრაინელებმა შეძლეს მტრის კიევიდან უკუგდება, მაგრამ იმ პერიოდისთვის რუსებს დაკავებული ჰქონდათ ქალაქი ხერსონი, გადასულები იყვნენ დნეპრის მეორე ნაპირზე, სამხრეთ მიმართულებაზე, იგეგმებოდა შეტევა ხერსონი-ნიკოლაევის, იქიდან კი ოდესის მიმართულებაზე, რასაც მხარს დაუჭერდა ოდესის საზღვაო დესანტი და მოხდებოდა სახმელეთო დერეფნის გაჭრა დნესტრისპირეთამდე. რუსებს ასევე ალყაში ჰყავდათ მარიუპოლი, დაკავებული იყო ხერსონისა და ზაპოროჟიეს ნაწილი და ა.შ.
ომის მეორე ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს უკრაინელების კონტრშეტევები ჯერ ხარკოვის რაიონში, სადაც უკუაგდეს მოწინააღმდეგე და რუსებს მოუსპეს დნეპრის პლაცდარმი. ამავე დროს, სანაპირო დაცვის რაკეტებისა და საზღვაო დრონების ჭკვიანური და აქტიური გამოყენებით უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს შავი ზღვის ფლოტს და ფაქტობრივად, ჩაშალეს რუსების სურვილი, საზღვაო დესანტი გაეშვათ ოდესის მიმართულებაზე; ომის მესამე ეტაპად შეიძლება ჩავთვალოთ უკრაინელთა კონტრშეტევის მცდელობა, რომელიც ე.წ. სუროვიკინის დაცვით ხაზს შეეჯახა ზაპოროჟიეს რაიონში. უკრაინელების ეს კონტრშეტევა შედარებით მოუმზადებელი, უფრო პოლიტიკური საჭიროებით იყო ნაკარნახევი, ვიდრე სამხედრო აუცილებლობით. შესაბამისად, ის გარკვეულწილად ჩავარდა; ამას მოჰყვა მეოთხე ეტაპი, როცა ომმა მიიღო მეორე თაობის ომის სახე – ბრძოლის ველის რობოტიზებით, როცა ის სატრანშეო დაპირისპირებებში გადავიდა, სადაც რუსები ვერ ახერხებენ გარღვევას, მათი წინსვლა შენელებულია.
ჩემი აზრით, რუსებმა ოპერატიული პაუზა აიღეს, რათა მოემზადონ გაზაფხულის კამპანიისთვის, მაგრამ რუსების მხარეს არის დიდი, მოუქნელი ბიუროკრატიული სამხედრო მანქანა, რომელიც დაცლილია სამხედრო აზრისგან, მეცნიერებისგან, კრეატიულობისგან, ეფექტიანობისგან და ტექნოლოგიისგან, ისინი ვერაფერ ახალს ბრძოლის ველზე ვეღარ აჩვენებენ. მეორე მხარესაა უკრაინის ტექნოლოგიურად მზარდი შეიარაღებული ძალები, რომლის ქვედა და საშუალო რგოლის ოფიცრებს მუდმივად ამზადებენ დასავლეთის სასწავლებლებში და პოლიგონებზე, მისი შეიარაღება მუდმივად უმჯობესდება, დასავლეთი ახლა იძულებულია უკრაინას მისცეს თანამედროვე შეიარაღების სისტემები… ისტორიულად, ასეთ დიდ ომში რუსეთი ასე უმოკავშირეოდ მე არ მახსოვს, თუ არ ჩავთვლით ჩრდილოეთ კორეას და ირანის შეზღუდულ დახმარებებს. ჩინეთი კი არის მხოლოდ სიტუაციური მოკავშირე, მას თავისი ინტერესები აქვს და მისთვის დასუსტებული რუსეთი უფრო მომგებიანია, ვიდრე ძლიერი. ამ ომის შედეგად მივიღეთ დასავლეთის გამოფხიზლება, უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა და დახმარება, უკრაინის შეიარაღებული ძალების ტექნოლოგიური გარდაქმნა და დასავლეთის გაძლიერება.
რუსეთმა ამ ომის შედეგად მიიღო საკუთარ ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებების გავრცელება. რუსეთი მარტოა დარჩენილი, თუ არ ჩავთვლით ჩრდილოეთ კორეის ადამიანური რესურსით დახმარებას, რომელიც არასაკმარისი რაოდენობითაა, ხოლო ის შეიარაღება, რასაც კორეა რუსეთს აწვდის, პრიმიტიულია და არ შეესაბამება თანამედროვე პირობებს. პროგნოზი ცოტა უმადური საქმეა… დიდი იმედი მქონდა, წლის ბოლოს შეწყდებოდა ცეცხლი – ომის დასრულებაზე საუბარი არაა. ჩრდილოეთი და სამხრეთი კორეა დღემდე ომში არიან, ისევე როგორც საქართველო – ჩვენ რუსეთთან ომი ოფიციალურად არ დაგვისრულებია, ორივეგან ცეცხლია შეწყვეტილი. ახლა რუსეთი ისეთ ვითარებაშია, რომ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა და არა ომის დამთავრება, ვინაიდან ეს ნიშნავს დიდი მასის ომიდან უკან დაბრუნებას, რომელიც ფულს იღებს ომში ყოფნისთვის. ისინი ციხეებიდანაა გამოშვებული და ადამიანის კვლაში არიან გაწაფული. მათ ნახევარს, ალბათ, აქვს ომის შემდგომი სინდრომები, არის ფსიქიკაშერყეული და მათი დაბრუნებით რას მიიღებს რუსეთი? რუსეთს აქვს სამუშაო ადგილები, გადამზადების პროგრამები ან მათი ეკონომიკური დახმარების პროგრამები? _ რა თქმა უნდა, არა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში კი ეს ჯარები დარჩებიან ადგილზე და ამოსუნთქვასაც შეძლებენ. უკრაინასაც და რუსეთსაც აწყობთ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ამის შემდეგ იწყება ეტაპი, რომელი მხარე უკეთ მოემზადება შემდეგი ცხელი პერიოდისთვის.
თუ უკრაინა ევროპის დახმარებით უფრო გაძლიერდა და რუსეთს გაასწრო, რუსეთს აღარ ექნება საბრძოლო მოქმედებების განახლების დიდი სურვილი. საინტერესოა, რომ ერთადერთი საკითხი, რაც ცეცხლის შეწყვეტას შეუწყობს ხელს, დონბასის ტერიტორიაა. მანამდე პუტინი საუბრობდა არა მხოლოდ დონბასზე, არამედ ზაპოროჟიესა და ხერსონზეც. ამერიკელები სთავაზობენ, ორივე მხარემ გაიყვანოს ძალები. უკრაინა ამაზე თანახმაა და ითხოვს გარანტიებს. რუსები ამბობენ, ჩვენ კი გავიყვანთ ძალებს, მაგრამ შევიყვანთ ეროვნულ გვარდიას, რომელიც წესრიგს დაამყარებსო. ვინ დაიჯერებს, რომ თუ “ახმატი” და ნაციონალური გვარდია შევლენ, იქ წესრიგი იქნება და არა იგივე ოკუპირებული ტერიტორიები? ახლა ამაზე მიდის ჭიდაობა. უახლოესი, ალბათ, ცეცხლის შეწყვეტა იქნება, გააჩნია, ამისთვის როდის მოიცლის ამერიკა, რომელიც ახლა ირანითაა დაკავებული. მერე შეიძლება მეტი ზეწოლა რუსეთზე და მისი დათანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე. რუსეთზე ნურასოდეს იტყვი ნურასოდეს, რადგან ძალიან ძნელია პროგნოზირება, რა მოუვა თავში პუტინს, მაგრამ მაინც მაქვს იმედი, რომ 2026 წელს ცეცხლი შეწყდება”, – აცხადებს ვახტანგ კაპანაძე.