დაიბადა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში. წარჩინებით დაამთავრა სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი ფერწერის სპეციალობით. იმავე წელს ჩააბარა ასპირანტურაში. სტუდენტობის პერიოდში გახდა მხატვართა კავშირის წევრი. 1997 წელს მუშაობა დაიწყო შავნაბადას გიმნაზიაში ხატვის პედაგოგად.
ხატვასთან ერთად, 18 წელია პარალელურად მუშაობს ხატწერაში.
2024 წლიდან აქტიურად მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში – როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ფლორენციაში მონაწილეობა მიიღო საუკეთესო მხატვრებს შორის და ბოტიჩელის სახელობის პრიზით დაჯილდოვდა. იქ გატანილი ჰქონდა ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი „სულის ამაღლება“ (2/1,40). ეს ნამუშევარი ორ საერთაშორისო კატალოგში დაიბეჭდა.
ასევე მონაწილეობდა სიცილიაში, კერძოდ, აკატეში ჩატარებულ კონკურსში, სადაც ოსკარის დიპლომი დაიმსახურა.
მონაწილეობდა რომში, ქართველების ჯგუფურ გამოფენაში. ასევე ამერიკაში და სხვა უცხოურ ონლაინგამოფენებში. – მხატვრის და ხატმწერის, ეკატერინე ბერიაშვილის პერსონა.
– როგორი იყო ბავშვობა. მშობლები… მათი პორტრეტიც კი დახატეთ… როგორ იპოვეთ თავი მხატვრობაში?
– დავიბადე 1972 წლის 29 მაისს გურჯაანის სოფელ ვეჯინში, მრავალშვილიან ოჯახში. ჩემი ბავშვობა, მინდა გითხრათ, რომ იყო ლაღი, ბედნიერი. ჩვენს ოჯახში სულ სიმღერა და მხიარულება იყო. ყველა მღეროდა ჩემ გარდა. სამაგიეროდ, მე აღმომაჩნდა მხატვრობის ნიჭი და საბავშვო ბაღიდან ვხატავ. უფრო მეტად პორტრეტების ხატვა მიყვარდა. სანამ არ მომეწონებოდა, იქამდის ვშლიდი და ვხატავდი.
სკოლა რომ დავამთავრე, გადავწყვიტე, მოსე თოიძის პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებელში ჩამებარებინა. მამამ მიმიყვანა მეცხრე კლასიდან გურჯაანის სამხატვრო სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ესმა ალავერდაშვილთან, რომელიც მამეცადინებდა გრაფიკაში, – და ჩავაბარე კიდეც. აქ დიდი როლი შეასრულა და გვერდში მედგნენ: ჩემი ახლობლები, დეიდა და დეიდაშვილები, რომლებთანაც 11 წელი ვიცხოვრე. მათმა სიყვარულმა, სითბომ და გვერდში დგომამ გადამაწყვეტინა სწავლის გაგრძელება. დედის მხრიდან დამეხმარა ერთი პიროვნება, რომელიც აკადემიაში მუშაობდა და დაგვაახლოვა ცნობილ, უნიჭიერეს მხატვართან – ილია პატაშურთან. მასთან უნდა მივეყვანეთ მის ბიჭს, რომელსაც უნდა შევხვედროდით აკადემიაში, ისიც სტუდენტი იყო.
მინდა აღვნიშნო, რომ თოიძის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ სოფელში რომ ჩავედი, ვერ ვგრძნობდი თავს კარგად, არაფერი მტკიოდა, მაგრამ ვერ ვხსნიდი, რა მჭირდა. როდესაც ილია პატაშურის ბიჭთან მისვლის დროს სახელოსნოს კარი გავაღე და დავინახე ის გარემო – მოლბერტი, პალიტრა, ნატურა – მივხვდი, რომ ეს ყველაფერი მჭირდებოდა და თავი კარგად ვიგრძენი.
მშობლები ასპირანტურაში სწავლის პერიოდში დავხატე.
– როგორ დაგამახსოვრდათ სტუდენტობა? ასპირანტურის წლები?
– 1993 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე ფერწერის სპეციალობით. სწავლის პერიოდში დამინიშნეს აპოლონ ქუთათელაძის სახელობის პრემია. წარჩინებული სტუდენტი ვიყავი და წარჩინებით დავამთავრე. აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე ასპირანტურაში. სტუდენტობის წლებში 6 წელი შავნაბადას გიმნაზიაში ვმუშაობდი.
საასპირანტურო თემად ავირჩიე სიზმარში ნანახი კომპოზიცია, რომელიც გადავიტანე ტილოზე. ამ ნამუშევარს ვუწოდე „სულის ამაღლება”. 2 მ/1,40 არის ტილო. საოცარი ნამუშევარი გამოვიდა.
სტუდენტური წლები კარგად დამამახსოვრდა. ჯერ საოცრად ნიჭიერ პედაგოგებთან მიწევდა მუშაობა. მინდა გითხრათ, რომ ჩემს დროს აკადემიაში სწავლება ნაყოფიერ შედეგს იძლეოდა. და ჩემმა მონდომებამაც შედეგი გამოიღო. ჩემთვის უახლოესი ბევრი ადამიანი და მეგობარი შევიძინე.
– ვინ შეგიწყოთ ხელი, რომ წარმატებისთვის მიგეღწიათ?
– პირველ ყოვლისა, ხელი შემიწყო ოჯახმა, და, როგორც აღვნიშნე, დეიდის ოჯახმა, ჩემთვის საყვარელმა ადამიანებმა.
– დღეს ბევრი ხატავს, ბევრი თვითნასწავლი მხატვარია. ზოგს არ მიაჩნია აუცილებლად აკადემიური განათლება მხატვრობაში. თქვენი აზრი?
– კი, ხატვა ბევრმა დაიწყო. ეს კარგია, მივესალმები. ერთგვარი სულიერი თერაპიაა. მაგრამ სწავლის პერიოდში მე პირადად ძალიან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. როგორ გითხრათ, დღესდღეობით ეს თემა საკამათოა. შეიძლება სასწავლებელი დაამთავრო და გაჩერდე, ვერაფერი გააკეთო და პირიქით – როგორც ხდება ხოლმე, რამდენი ცნობილი თვითნასწავლი მხატვარია. არ უნდა გაჩერდე, უნდა იმუშაო და იმ მუშაობაში იზრდები და ვითარდები. შენს თავს პოულობ. 18 წელია ხატწერაშიც ვმუშაობ და, პარალელურად – ფერწერაშიც. არის ამოვარდნა. სრულყოფილად მუშაობაში, სამწუხაროდ, ყოფითი პირობებიც ხელს არ მიწყობს.
– ნახატებში ჩანაფიქრი, ხედვა და ფერთა ჰარმონიაა. და მაინც, იდეა თავიდანვე გაქვთ თუ მუშაობის პროცესში იკვეთება, რას დახატავთ?
– ჩემი მუშაობა, ვფიქრობ, ყველასგან გამორჩეულია. უმეტესად არ ვფიქრობ. მოდის რაღაც უზენაესი ძალა, ენერგია, რომლის შედეგადაც მუშაობის პროცესში ვგრძნობ, რომ ეს ნამუშევარი განსხვავებული გამოვა. მთელი შინაგანი ენერგია, ემოცია, მუხტი, რასაც ვდებ, სწორედ ესაა შემოქმედება და, თქვენ რომ ახსენეთ, ბევრი ხატავსო, აი, აქ არის განსხვავება. შემოქმედებით ნახატსა და დახატულს შორის.
– როდის ხატავთ და შთაგონებას რა გაძლევთ?
– ვხატავ, როცა ვგრძნობ, რომ მოდის ის, რასაც ველოდები – ენერგია, მუხტი. შეიძლება ტილო მქონდეს გამზადებული და ერთი თვე ხელი ვერ მოვკიდო. სულიერად განწყობა უნდა შემზადდეს.
– ხატვასთან ერთად 18 წელია ხატწერაზეც მუშაობთ. და მაინც, ფერწერაა უმთავრესი თუ ხატწერა? სად არის დაბრძანებული თქვენი ხატები?
– ჩემთვის ფერწერაც და ხატწერაც ღვთის საჩუქარია. ვერცერთს გამოვარჩევ. ისე კი უკვირთ, ასეთი ენერგიული ფერების პლასტიკურ მონასმებს აკეთებ და ხატები ასეთი მშვიდი, რეალისტური როგორ ახერხებთ ამასო .სწორედ ესაა ნიჭი და პროფესიონალიზმი. მე ასე შევაფასებდი. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მომიტევეთ, მაგრამ ფაქტი თავისას ამბობს. ჩემი ხატები დაბრძანებულია საქართველოს ყველა კუთხეში. როგორც ეკლესიებში ასევე კერძოდ. უფრო აღვნიშნავდი ტყიბულის ახალსოფლის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას, სადაც სქიმ-შემოსილი ბერის, ნიკოლოზ რიჟამაძის თაოსნობით და ძალისხმევით, შეიმკო და დამშვენდა ეს ეკლესია. მისი დაკვეთით დაიწერა ორმეტროიანი „ოკრიბის ღვთისმშობლის ხატი”, რომელიც უნდა დაბრძანდეს. იქვე შენდება ეკლესია, უკვე აშენებულია კელიები. მოძღვარს ხილვა ჰქონდა, ღვთისმშობელი გამოეცხადა და მისი სურვილია, აშენდეს ეკლესია.
ასევე ჩემ მიერ ბევრი ძლიერი ხატი არის დაწერილი წმ. ბარბარეს ეკლესიაში, სადაც მე დავდივარ. არის საზღვარგარეთაც გატანილი ხატები. ყიდულობენ როგორც მართლმადიდებელი, ასევე არაქრისტიანები. რომ მითხრეს, შენი ხატი ინდოელმა შეიძინაო, გამიხარდა.
– ფლორენციაში გამოფენაზე ბოტიჩელის სახელობის პრიზი მიიღეთ. სიცილიაში აკატეში ჩატარებულ კონკურსზე კი – ოსკარი.
– ვიყავი ფლორენციაში, სადაც ბოტიჩელის სახელობის პრიზი გადმომცეს, სიცილიაში ჩატარებულ კონკურსზე კი – ოსკარის დიპლომი, ასევე რომშიც, მადლობელი ვარ უფლის და მადლობელი ვარ ჩემი დისშვილის და დის გვერდში დგომით. თუ არა მე ამას ვერ შევწვდებოდი. დიდი სიხარულის მომტანია. ჩადიხარ უცხო ქვეყანაში. ეცნობი ღირსშესანიშნაობებს. ჩემთვის ბედნიერი წუთები იყო ჩემს ცხოვრებაში.
– როგორ დაიხატა „სულის ამაღლება“?
– „სულის ამაღლება” ასე დაიხატა – მეხუთე კურსის დამთავრებისას, უნდა წარგვედგინა ესკიზი დასამტკიცებლად, სადიპლომოდ რა უნდა დაგვეხატა. ჩემს დეიდაშვილს ბევრი მხატვრის წიგნები ჰქონდა. შევედი მის ოთახში, შთაგონებისთვის გადავშალე წიგნები იატაკზე, ის ნახატები, რომლებიც მე მაინტერისებდა. დავჯექი მეც იატაკზე.დავიდე წინ თაბახის ფურცელი და ფანქარი და გავითიშე. გონს რომ მოვედი, ესკიზი დახატული იყო. არ მახსოვს, როგორ დაიხატა.
– სად, რომელ კოლექციებშია თქვენი ნამუშევრები? – გამოფენები…
– სტუდენტობიდან ვყიდი ნამუშევრებს. ბევრს საჩუქრად წაუღია საზღვარგარეთ. ბევრსაც – უცხოელს უყიდია. ფლორენციაშია ჩემი ოთხი ნამუშევარი ფლორენცოების კერძო კოლექციაშია.
2024 წლიდან აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში.
– მრავალი ყვავილი დახატეთ. ჰაეროვნებით და ღია ფერების სიმრავლით გამოირჩევა… და მაინც, რომელია თქვენი ყვავილი?
– მე ყველა ყვავილი მიყვარს, შეიძლება ჩემით გამოვიგონო და აბსტრაქტულად გამოვსახო. ჩემთვის – მთავარი ფერია. ფორმა – არტისტიზმიდან გამომდინარე…
– ჰობი…
– ხატვა, რა თქმა უნდა.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად, ჯერ გონებაში ვუტრიალებ ტილოს. ესეც, წინასწარ ნანახი, რაღაც საოცრებაა და რამდენად გამომივა, არ ვიცი. სიურპრიზად დარჩეს. რელიგიურია, და ეს ისეთი საკითხია, სხვა განწყობა და მიდგომა სჭირდება.
– ოჯახი.
– მყავს მეუღლე და 20 წლის ბიჭი.
– გეგმები.
– ამ უპერსპექტივო ცხოვრებაში წინასწარ რამის დაგეგმვა არ გამოდის, შეუძლებელია. ჩანაფიქრი კი ბევრია. იდეა უამრავი. საამისოდ უნდა იყო შემზადებული, მომარაგებული, მაგრამ როგორც ყველასთვის, ასევე ჩემთვისაც მატერიალური მხარეა პრობლემა. აწყობილი ქვეყანა რომ გვქონდეს, მხატვარს არ უნდა უჭირდეს. დღესდღეობით ასეა. იმედი უნდა ვიქონიოთ, ღვთის შეწევნით, დალაგდება ყველაფერი.







თამარ შაიშმელაშვილი