რას აცხადებს თურქეთის სკოლაში, 9 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის მამა, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს

ყოფილმა პოლიციელმა უღურ მერსლინიმ, 14 წლის ისა არას მერსლინის მამამ, რომელმაც ქაჰრამანმარაშში, სკოლაში ხალხს ესროლა, სასამართლოს ჩვენება მისცა

“ჩემი შვილი ინტერაქტიულ თამაშებს თამაშობდა და როცა მის ოთახში შევდიოდი, ყველაფერს ვკეტავდი. დაახლოებით ერთი თვით ადრე მკითხა, როდის მივცემდი სროლის უფლებას, რადგან მისი მეგობრები იარაღით ისროდნენ. ორშაბათს შვილთან ერთად პოლიციის პოლიგონზე წავედი და რამდენიმე გასროლის საშუალება მივეცი“, – თქვა უღურ მერსინლიმ, რომელიც დააკავეს და სასამართლოს გადაწყვეტილებით წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სკოლაში სროლისას მოზარდის მიერ გამოყენებული ხუთი იარაღი და საბრძოლო მასალა მამამისს ეკუთვნოდა: „მე მაქვს შვიდი იარაღი, ნებართვით. ასევე მაქვს ორი სანადირო თოფი, რომლებიც კანონიერად ჩემს სახელზეა რეგისტრირებული. ჩემმა შვილმა, ისა არასმა, ჩემი ხუთი იარაღი წაიღო. დატენილი იარაღი და საბრძოლო მასალით სავსე მჭიდები ცალკე, ჩაკეტილ ყუთებში ინახებოდა. ისა არასმა მათი გახსნა ისწავლა, მაგრამ არ მახსოვს, მის თვალწინ როდისმე გამეხსნას.

მისივე ჩვენების თანახმად, ბიჭს თინეიჯერებისთვის დამახასიათებელი პრობლემები ჰქონდა, რომლებიც სტრესთან და გამოცდებთან იყო დაკავშირებული.

„ჩემი შვილი კომპიუტერსა და ტელეფონს ინგლისურად იყენებდა, მაგრამ მე ეს ენა არ ვიცი, ამიტომ ვერ ვხვდებოდი, რას აკეთებდა. ხშირად ვხედავდი, როგორ თამაშობდა საომარ თამაშებს, მაგრამ არ ვიცოდი, რომელს. როდესაც ვეკითხებოდი, რას აკეთებდა, უგულებელყოფდა და რაღაცას ამბობდა, მაგალითად, „აუ, მიდი რა“ და მკაფიო პასუხს არ იძლეოდა“, – თქვა უღურ მერსლინიმ.

ამასთან, მამაკაცის თქმით, მისი შვილი ფსიქოლოგთან დაახლოებით ორი თვის განმავლობაში დადიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები