კაია კალასი: ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს
საერთაშორისო სამართლის თანახმად, საზღვაო გზებზე, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე, ტრანზიტი ღია და უფასო უნდა დარჩეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ეს არის ის, რაც დღეს ლიდერებმა ნათლად განაცხადეს ვირტუალურ სამიტზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის გახსნის საკითხს ეხებოდა.
„საფასურის გადახდის ნებისმიერი სქემა სახიფათო პრეცედენტს შექმნის გლობალური საზღვაო მარშრუტებისთვის. ირანმა უარი უნდა თქვას ტრანზიტის საფასურის დაწესების ნებისმიერ გეგმაზე.
ევროპა თავის როლს შეასრულებს ენერგიისა და ვაჭრობის თავისუფალი ნაკადის აღდგენაში, როგორც კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება.
ევროკავშირის საზღვაო მისია „ასპიდესი“ უკვე მოქმედებს წითელ ზღვაში და მისი სწრაფად გაძლიერება შესაძლებელია რეგიონში გადაზიდვების დასაცავად. ეს შეიძლება იყოს მხარდაჭერის უსწრაფესი გზა“, – წერს კაია კალასი.