“მამაჩემმა ჩემი დახრჩობა სცადა… მეხუთე და მეექვსე კლასები მოამზადეთ” – ქაჰრამანმარაშში, სკოლაში თავდამსხმელის ბოლო შეტყობინებები ვრცელდება

“თურქეთში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება, რაც მომხდარის საშინელ სურათს ავლენს”, – ამის შესახებ Milliyet-ი წერს.

ადგილობრივი მედიის თანახმად, 14 წლის ისა არას მერსლინის კომპიუტერში 11 აპრილით დათარიღებული ჩანაწერი აღმოაჩინეს, რომელიც, გამომძიებლების თქმით, მასშტაბური თავდასხმისთვის მზადებაზე მიუთითებს.

თავდასხმის ღამეს Discord-ის საშუალებით გაგზავნილ შეტყობინებებში მან ღიად გამოთქვა სკოლაზე თავდასხმის განზრახვა.

„ჯანდაბა! დღესვე შემიძლია. დაახლოებით დღის 3 საათზე. მეხუთე და მეექვსე კლასები მოამზადეთ. დღეს სრულიად გამოვიფიტე. მამაჩემმა ჩემი დახრჩობა და მოკვლა სცადა. სახლში მარტო ვარ. სწრაფად დავასრულებ ჩემს მანიფესტს და ცოტას დავიძინებ. შემდეგ კი მსოფლიოს ვაჩვენებ, რამდენად გამოფიტული ვარ.“

მერსლინის თანაკლასელები ისა არასს აღწერდნენ, როგორც „ჩაკეტილ, არაკომუნიკაბელურ და დაძაბულ“ მოზარდს. მათი თქმით, მას, პრაქტიკულად, მეგობრები არ ჰყავდა, მხოლოდ ერთი სხვა თანაკლასელი ჰყავდა მსგავსი ხასიათით. მათი თქმით, ის ასევე ხშირად იყენებდა ინგლისურად გამოთქმას „სკოლის მონადირე“.

ასევე, მასწავლებლებმა მისი სოციალური იზოლაცია აღნიშნეს. მათი თქმით, ის რეგულარულად დადიოდა სკოლაში, მაგრამ იშვიათად ერთვებოდა გაკვეთილებში.

“ის მუდმივად წერდა რვეულში. როდესაც სხვები უსმენდნენ გაკვეთილს, ის ამას არ აკეთებდა და თავს მაგიდაზე დებდა. შესვენების დროს მარტო რჩებოდა და არავისთან არ ურთიერთობდა. არასდროს უნახავთ სხვა ბავშვებთან ერთად მოთამაშე. ის ავლენდა უცნაურ, არაბუნებრივ ქცევას. არასდროს ჩხუბობდა და არ არღვევდა დისციპლინას. ის არ ავლენდა რაიმე აშკარა აგრესიას მასწავლებლების ან თანაკლასელების მიმართ“,- იხსენებენ მისი მასწავლებლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები