ბურჯანაძე აგვისტოს ომზე: პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, ბოკერიას, კეზერაშვილს

„დარწმუნებული ვარ, რომ ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“, -ამის შესახებ საგაზეთო ინტერვიუში “დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით აცხადებს.
ბურჯანაძის განმარტებით, კონფლიქტამდე რეგიონში ვითარება იყო რთული, თუმცა, სამწუხაროდ, სხვადასხვა წლებში გარკვეული პერიოდულობით, ცხინვალის რეგიონში მსგავსი ტიპის დაძაბულობა იყო ხოლმე.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ დაძაბულობების და პროვოკაციების მიუხედავად, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების თავიდან აცილება ხერხდებოდა ხოლმე. საომარი მოქმედებების დაწყების არანაირი აუცილებლობა აბსოლუტურად არ იყო, პირიქით, უნდა მომხდარიყო სიტუაციის მაქსიმალური განმუხტვა. არანაირი აუცილებლობა ამ კონფლიქტის არ იყო, ამის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, არათუ აუცილებლობა არ იყო, ეს იყო უბრალოდ ქვეყნის წინაშე დანაშაული საქართველოს ამ ომში ჩართვა“ – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.
მისი თქმით, საქართველოს ამ ომით არაფერი მიუღია, სააკაშვილის ხელისუფლებამ კი მიიღო 4 მილიარდი ამერიკული დოლარი იმისათვის, რომ ხელისუფლება შეენარჩუნებინა. „ამ ომის შედეგები ერთმნიშვნელოვნად იყო კატასტროფული. საქართველომ დაკარგა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის 114 სოფელი, ასევე დაკარგა ან ძალიან შემცირდა რეალური შანსი აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტის მოგვარების, უკიდურესად გამწვავდა რუსეთთან ურთიერთობა. ამ პროცესებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, ბოკერიას, მაშინდელი „ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობას“ – აცხადებს ბურჯანაძე.
ამასთან, მისი თქმით, პოლიტიკურად, მნიშვნელოვანია, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
„ამ ხელისუფლებას, რომ ელემენტარული რაიმე თავი ჰქონოდა, უნდა დაეწყო აგვისტოს ომის გამოძიება და პირველ რიგში პასუხისმგებლობა დაეკისრება რა თქმა უნდა სააკაშვილს. ასევე ბატონ კეზერაშვილს, რომელმაც ახლა გამოაცხადა, რომ თურმე საქართველოს გადასარჩენად ქართულ პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს და რომელიც პასუხისმგებელია იმაზე, რომ ათეულობით მილიონი ლარით ნაყიდი თუნდაც კავშირგაბმულობის სისტემა, ომის დაწყებიდან ნახევარ დღეში აბსოლუტურად უვარგისი აღმოჩნდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ არ ისურვა ამის გამოძიება იმიტომ, რომ მას ჰქონდა თავისი ვიწრო პოლიტიკური და საკუთარი ინტერესები, რომ „ნაციონალურ მოძრაობა” შეენარჩუნებინა მთავარ ოპოზიციურ ძალად იმიტომ, რომ თვითონ დიდხანს დარჩენილიყო ხელისუფლებაში „ნაციონალების” ფონზე, ამან რა თქმა უნდა ქვეყანას ბევრი რამ დააკარგვინა“ – აცხადებს „დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ბურჯანაძის თქმით, აუცილებლად უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება. „ამ ობიექტურმა გამოძიებამ შემდგომ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია და გადაწყვეტილება იქნეს მიღებული ვინ და რა ფორმით უნდა აგოს ამაზე პასუხი, მაგრამ ის, რომ პირველ რიგში სააკაშვილი კეზერაშვილი, ბოკერია და სხვები ამ ომზე პასუხისმგებლები არიან, ამაზე ორი აზრიც არ არსებობს“ – აცხადებს ბურჯანაძე.
წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები