ჭიათურის მერმა შატილის სკოლის მოსწავლეები ჭიათურაში დაპატიჟა

დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი, გივი მოდებაძე მერიის სამსახურების ხელმძღვანელებთან ერთად შატილის საჯარო სკოლაში მოღვაწე ჭიათურელ პედაგოგს, ნატო კობერიძეს შეხვდა, რომელიც “ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში უკვე მე-4 წელია, საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან რეგიონში ასწავლის.
“ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ გაძლიერდეს მთა, სოფელი, სკოლა, მით უფრო, მოგეხსენებათ, ეს კუთხე რაოდენ სტრატეგიულია ჩვენი ქვეყნისათვის. მადლობას გიხდით ასეთ მნიშვნელოვან პროექტში მონაწილეობისათვის და მომავალ სასწავლო წელს თქვენს მოსწავლეებთან ერთად გეპატიჟებით ჩვენს ქალაქში. ბავშვებს ვპირდებით სასიამოვნო დასვენებასა და ჩვენი მუნიციპალიტეტის კულტურული და ისტორიული ღირსშესანიშნაობების გაცნობას“,  – აღნიშნა გივი მოდებაძემ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით წარმატებულ პედაგოგს მადლობის სიგელი გადასცა სიმბოლურ საჩუქართან ერთად.
ნატო კობერიძემ ჭიათურის მერს მადლობა გადაუხადა გულთბილი შეხვედრისათვის და აღნიშნა, რომ შატილის სკოლაში მოღვაწეობა მისი პედაგოგიური საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და გამორჩეული ეპიზოდია.
შატილის სკოლაში-პანსიონში, სადაც ნატო კობერიძე ასწავლის, 8 მოსწავლეა. მომავალი სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა რიცხვის გაზრდას ელოდებიან. რაც შეეხება პედაგოგებს – ადგილობრივებთან ერთად, 4 პედაგოგი პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსათვის“ ფარგლებში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. აღნიშნული პროექტის მიზანი საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და იქ, სადაც მასწავლებლების დეფიციტია, ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების დასაქმებაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები