მევლუდ მელაძე: თბილისში არსებული საცობების 15 პროცენტს “პრიუსის” მძღოლები ქმნიან

0

“დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ჩვენს ქალაქში არსებულ სატრანსპორტო ქაოსში ნაწილობრივ წვლილი „პრიუსებსაც“ მიუძღვით. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა, საცობის 15 პროცენტს ჰიბრიდული ავტომობილების მფლობელი მძღოლები ქმნიან!”, – ასე პასუხობს პროფესიონალი ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე გაზეთ “ასავალ-დასავალის” კითხვას – არის თუ არა თბილისში არსებული საცობები ნაწილობრივ „პრიუსის“ მძღოლების ბრალი.
– აქვს“პრიუსს“რაიმე უპირატესობა?
“რა თქმა უნდა, რეალურად, ამ მანქანას აქვს დადებითი მხარეები. პირველ ყოვლისა ში ის, რომ სედანია, ზომაში სრულფასოვანი მსუბუქი ავტომობილის გაბარიტების მსგავსია და, შესაბამისად, საკმაოდ ტევადიც. მეორე ის, რომ საწვავის ეკონომიურობის მხრივ ჩვენს რეალობაში საკმაოდ გამართლებულია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა, „პრიუსი“ მძღოლებისთვის ოპტიმალურ ვარიანტად რჩება, რადგან დაღმართზე საწვავის მოხმარება თითქმის ნულის ტოლფასია. თუმცა გადაუჭრელ პრობლემად და მძღოლებისთვის დღემდე ამოუცნობად რჩება ამ მანქანის მოხმარების წესი. შესაბამისად, დღეს გაწეული ერთი ლიტრი საწვავის ეკონომიის ნაცვლად. „პრიუსის“ მძღოლები ნაადრევად სპობენ ელექტრობატარიებისა და საკუთარი ავტომობილების სიცოცხლეს.
-რას გულისხმობთ?
-დარწმუნებული ვარ „პრიუსის“ არცერთმა მძღოლმა იცის, რომ რაც უფრო ნელა ივლის, მით მალე გააფუჭებს ელექტროელემენტებს! მანქანის ბატარეები მეტად სიცოცხლისუნარიანია, თუ ისინი ხშირად არის დამუხტვის რეჟიმში. „პრიუსის“ ელემენტები კი მხოლოდ შიდაწვის ხარჯზე გადაადგილებისას იმუხტება.
– გვიამბეთ თქვენ მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ…
​-სხვა მძღოლების მსგავსად, მეც ძალიან მაღიზიანებს ჰიბრიდული მანქანების მოძრაობის სტილი და გადავწყვიტე, შიდაწვისს 2.0 ლიტრი მოცულობის ძრავიან ავტომობილზე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა. საყურადღებოა, რომ ჩვეულებრივი მართვის მანერით ეს მანქანა 100 კილომეტრზე 14 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ერთი კვირის განმავლობაში ვეწამე, რადგან ზუსტად ისე ვიარე, როგორც დღეს „პრიუსები“ დადიან. თუმცა საბოლოო შედეგად მივიღე ის, რომ 100 კმ-ზე საწვავის მოხმარება 8 ლიტრამდე დავიყვანე. ერთი კვირის განმავლობაში ჩემს თავს ვუკიჟინებდი: არ მიადგა, „პრიუსი“ ხარ!(იცინის) პირდაპირ გეუბნებით, ნევროზი დამემართა ამ ექსპერიმენტის პერიოდში.
– როგორ ფიქრობთ, რაშია გამოსავალი… როგორ მოვიშოროთ ამდენი „ პრიუსი „ ქალაქიდან?
– „პრიუსები“ თავად მოგვშორდება, თან ძალიან მალე, რადგან დღეს უკვე ბევრი რესურსამოწურული ჰიბრიდული ავტომობილი დადის. დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაუარესდება მათი ელემენტებისა და ელექტრული სისტემის მდგომარეობა. გამოსავალი იმაში მდგომარეობს, რომ არ ვიყიდოთ „პრიუსი“! მძღოლებმა მის ნაცვლად უნდა შეიძინონ დაბალკუბატურიანი, ეკონომიური ავტომობილი, რომლებიც ზუსტად იმდენივე საწვავს მოიხმარს, რამდენსაც „პრიუსი“ და საკმაოდ სწრაფიცაა.

კომენტარები

კომენტარი